
ჩვენს სხეულში ტრილიონობით მიკროორგანიზმი ბინადრობს. უფრო მეტიც, ჩვენს ნაწლავებში იმაზე მეტი მიკრობია, ვიდრე ვარსკვლავები ირმის ნახტომში. ეს მიკრობები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, მაგრამ მეცნიერები ჯერ კიდევ სწავლობენ, ზუსტად რას აკეთებენ და როგორ გვეხმარებიან ისინი.

კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა ალექსანდრე ალმეიდას ხელმძღვანელობით, შეისწავლეს, როგორ გვიცავენ ნაწლავის გარკვეული ბაქტერიები საზიანო ბაქტერიების ჯგუფის — ენტერობაქტერიებისგან.
ამ ბაქტერიებს შორისაა თუნდაც ნაწლავის ჩხირი (E. coli). ჩვეულებრივ, მცირე ოდენობით ის უსაფრთხოა, მაგრამ თუკი ძალიან გამრავლდება, იწვევს ინფექციებსა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემებს.
ჯგუფმა დაადგინა, რომ ჩვენი ნაწლავების გარემო, რასაც ძირითადად კვება აყალიბებს, დიდ როლს ასრულებს პოტენციურად მავნე ბაქტერიების კონტროლში.
ამ დასკვნამდე მკვლევრები მას შემდეგ მივიდნენ, რაც შეისწავლეს განავლის 12 000-ზე მეტი ნიმუში 45 ქვეყანაში. დნმ-ის სეკვენირების ტექნოლოგიის გამოყენებით, თითოეულ ნიმუშში გამოავლინეს და რაოდენობრივად შეაფასეს მიკრობები. დაადგინეს, რომ ენტერობაქტერიების მქონე ადამიანთა ნაწლავის მიკრობიომი ფუნდამენტურად განსხვავდებოდა იმ ადამიანთაგან, რომლებსაც ენტერობაქტერიები არ ჰქონდათ.
ამ მიკრობებისა და მათი გენების შესწავლით, ზუსტად არის შესაძლებელი იმის პროგნოზირება (დაახლოებით 80 პროცენტით), აქვს თუ არა ადამიანს ნაწლავებში ენტერობაქტერიები. ეს კი აჩვენებს, რომ ჩვენს ნაწლავებში არსებულ ბაქტერიათა ტიპები მჭიდროდ არის დაკავშირებული იმასთან, შეუძლიათ თუ არა საზიანო სახეობებს მათზე კონტროლის აღება.
კიდევ უფრო მეტად შესწავლისას, მკვლევრებმა ბაქტერიების ორი ჯგუფი აღმოაჩინეს — ისინი, რომლებიც ენტერობაქტერიებთან ერთად ცოცხლობდნენ (ე. წ. თანაკოლონიზატორები) და ისეთები, რომლებიც მათთან ერთად იშვიათად იყვნენ წარმოდგენილი (თანაგამომრიცხავები).
განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა თანაგამომრიცხავ ბაქტერიათა ერთი ტიპი, ფეკალიბაქტერიები. ჩვენს კვების რაციონში შემავალი სხვადასხვა ბოჭკოს დაშლით, ისინი წარმოქმნიან ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებსაც მოკლეჯაჭვიან ცხიმოვან მჟავებს უწოდებენ. ეს კი თავის მხრივ აჩერებდა საზიანო ბაქტერიების, მაგალითად, ენტერობაქტერიების ზრდას.
ცხიმოვანი მჟავების არსებობა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სიგნალი იყო, რომელსაც მკვლევრები თანაგამომრიცხავებსა და თანაკოლონიზატორებს შორის დააკვირდნენ. წინა კვლევების თანახმად, ისინი ასევე ჩართული არიან ჯანმრთელობისათვის სასარგებლო მთელ რიგ საქმეში, მათ შორის, ანთების შემცირებასა და ნაწლავის ფუნქციის გაუმჯობესებაში.
კვლევის კიდევ ერთი დამაინტრიგებელი შედეგი იყო ის, რომ ე. წ. თანაკოლონიზატორები (ბაქტერიები, რომლებიც ენტერობაქტერიებთან ერთად ბინადრობენ) უფრო ადაპტირებადები იყვნენ. ჰქონდათ სხვადასხვა საკვები ნივთიერებების დაშლის მრავალფეროვანი უნარები და ასევე ახერხებდნენ გადარჩენას გარემოში, რომელიც ენტერობაქტერიებისთვისაც ხელსაყრელი იყო.
ეს კი განსაკუთრებით მოულოდნელი იყო, რადგან თაგვებზე ჩატარებული წინა კვლევები ირწმუნებოდა, რომ ბაქტერიებს, რომლებიც იმავე ტიპის საკვებსა და საკვებ ნივთიერებებს ჭამდნენ, ნაწლავებში ერთად ცხოვრება უნდა გასჭირვებოდათ.
ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ნაწლავების გარემო პირობები (საკვები ნივთიერებები, pH, ჟანგბადის დონე) ის მთავარი ფაქტორებია, რომლებიც განსაზღვრავს, მოხდება თუ არა ადამიანის ნაწლავებში ენტერობაქტერიების კოლონიზება.
ახალი კვლევის შედეგებმა შეიძლება გვაპოვნინოს ინფექციების პრევენციისა და მკურნალობის ახალი გზები ანტიბიოტიკების გარეშე. მაგალითად, პირდაპირ საზიანო ბაქტერიების დახოცვის გარეშე (რაც ასევე აზიანებს კარგ ბაქტერიებს), შეგვიძლია გავაძლიეროთ თანაგამომრიცხავები ან შევქმნათ კვების რაციონი, რომელიც მათ ზრდას უწყობს ხელს.
ეს სტრატეგია შეიძლება უფრო მეტად ეფექტიანი იყოს, ვიდრე პირდაპირ პრობიოტიკების მიღება, რადგან როგორც წინა კვლევებმა აჩვენა, როცა საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ახალი ბაქტერიები ემატება, ისინი იქ მხოლოდ შეზღუდული დროით ცოცხლობენ. ასევე შესაძლებელია იმ კონკრეტული გზების მიზანში ამოღება, რომლებსაც საზიანო ბაქტერიები იყენებენ გადასარჩენად, რაც მათგან მომდინარე საფრთხეს შეამცირებს.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი კვლევა ახალ და მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის, სასწავლი ჯერ კიდევ ბევრი რამაა. მრავალი რეგიონი, მათ შორის, სამხრეთ ამერიკა და აფრიკა მიკრობიომის კვლევებში წარმოდგენილი არ არის. ეს კი ზღუდავს ჩვენს ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ იცვლება ნაწლავის ბაქტერიები სხვადასხვა პოპულაციაში.
ამას გარდა, მიუხედავად იმისა, რომ კვლევა წარმოაჩენს მნიშვნელოვან მახასიათებლებსა და ურთიერთქმედებებს, ჯერ მაინც ბოლომდე ცნობილი არ არის ამ ურთიერთკავშირის მიღმა არსებული მიზეზები და მექანიზმები.
შემდეგ კვლევებში ჩართული იქნება დამატებითი ხელსაწყოები, მაგალითად, მეტაბოლომიკა (მიკრობების მიერ წარმოქმნილ ქიმიურ ნივთიერებათა კვლევა) და ტრანსკრიპტომიკა (გენების აქტივირების კვლევა), რათა დაიდოს უფრო მკაფიო სურათი იმისა, როგორ მუშაობს ნაწლავების ეკოსისტემა ჩვენი ჯანმრთელობის სასარგებლოდ.
ასევე, შემდეგი ნაბიჯები უნდა ფოკუსირდეს ისეთი კვლევების მომზადებაზე, რომლებიც შეისწავლის, ახდენს თუ არა კონკრეტული ტიპის კვების რაციონი (მაგალითად, ბევრი ბოჭკო V ნაკლები ბოჭკო) გრძელვადიან პერსპექტივაში გავლენას პოტენციურად საშიშ ბაქტერიათა და დაავადებათა სიხშირეზე.
ჩვენს ნაწლავებში მიკრობების ურთიერთქმედებისა და კომუნიკაციის შესახებ უფრო მეტის ცოდნა, მეცნიერებს დაეხმარება უფრო ზუსტი, არაანტიბიოტიკური თერაპიების შექმნაში, რათა სამომავლოდ დაცული ვიყოთ ინფექციებისგან.
კვლევა Nature Microbiology-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.