მზის სინათლეს დედამიწამდე მოსასვლელად რვა წუთი სჭირდება, მაგრამ მზის ზედაპირზე ამოსასვლელად 170 000 წელიწადი — #1tvმეცნიერება
წარმოიდგინეთ, რომ წვეულებაზე ხართ.
ყველა შენი მეგობარი ოთახშია თავმოყრილი, შენც ძალიან კარგად ერთობი, მაგრამ სახლში წასვლის დროა.
კარისკენ წასვლას იწყებ, მაგრამ ყოველ რამდენიმე ნაბიჯზე კიდევ ერთი დამშვიდობებისთვის უნდა გაჩერდე. ერთ მეგობარს ჩახუტება უნდა. მეორეს სურს გითხრას ჯგუფის შესახებ, რომელიც ახლახან აღმოაჩინა. როცა გათავისუფლდები, აღმოაჩენ, რომ კარამდე მისვლაში ერთი საათი გასულა.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მზის შიგნით არსებული ენერგიის ცხოვრებაში.
ალბათ ყველამ იცის, რომ მზის სინათლეს დედამიწამდე მოსაღწევად (დაახლოებით 150 მილიონი კილომეტრის გამოსავლელად) რვა წუთი სჭირდება.
თუმცა, სანამ ის ზედაპირზე მოხვდება, მზის ბირთვში წარმოქმნილ ენერგიას გზადაგზა ბრძოილა უწევს მზის მჭიდროდ შეკრულ შიგნეულობასთან.
ეს ენერგია ნაწილაკიდან ნაწილაკზე იმდენჯერ გადადის, რომ მზის ცენტრიდან მის ზედაპირამდე 695 700 კილომეტრის გავლას დაახლოებით 170 000 წელი შეიძლება დასჭირდეს.
ამაზე მიუთითებს 1992 წელს დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსების, რომას მიტალასისა და კენეთ სილსის კვლევა.
მათ შენიშნეს, რომ მზიდან ენერგიის გადაადგილების დროის გამოსათვლელად გამოყენებული ვარაუდი არასწორი იყო.
ადვილი იქნებოდა იმის წარმოდგენა, რომ ენერგია ბირთვიდან უბრალოდ პირდაპირ ხაზზე მოემართება, მაგრამ ეს დიდი შეცდომაც იქნებოდა. პირდაპირ ხაზზე მოძრავ ფოტონს ბირთვიდან ზედაპირამდე მისაღწევად დაახლოებით 2,3 წამი დასჭირდებოდა.
ამის ნაცვლად, ის მოძრაობს ისე, როგორც ამას ფიზიკოსები „შემთხვევით სიარულს“ უწოდებენ.
მზის წიაღის მკვრივ პლაზმაში, გამა-გამოსხივების ფოტონი დამუხტულ ნაწილაკთან ურთიერთქმედებამდე მხოლოდ მცირე მანძილს გადის. ის შეიძლება შთაინთქას და ხელახლა გამოსხივდეს, ან გაიფანტოს ახალი, შემთხვევითი მიმართულებით.
ეს მოკლე მანძილი, რომელსაც ნაბიჯის სიგრძეს უწოდებენ, მთავარი ინგრედიენტია იმის გამოსათვლელად, თუ რამდენი ხანი სჭირდება მზის სინათლეს მზისგან გამოსაქცევად.
ადრე მეცნიერებს სჯეროდათ, რომ ნაბიჯის სიგრძე უხეშად უცვლელი იყო მზის წიაღში; მათი გათვლებით, მისი სავარაუდო მნიშვნელობა 0,5-დან 1 სანტიმეტრამდე იყო. ეს კი იძლეოდა 3000 – 30 000-წლიან დროის დიფუზიას.
მიტალასის და სილსის თანახმად, ამ ვარაუდის პრობლემა ის იყო, რომ ის ზუსტად ვერ ითვალისწინებდა ვარსკვლავის შიდა ფენების გაცილებით მაღალ სიმკვრივეს.
ახლა კი კვლავ წვეულებაზე დავბრუნდეთ.
სახლი როგორც იქნა დატოვეთ და ქუჩაში დაპარკინგებული მანქანისკენ მიდიხართ.
მეცნიერები თქვენი გზის მხოლოდ ამ ბოლო ნაწილს ხედავენ. ქუჩაში ყურებისას, ისინი ზომავენ, რა დრო გჭირდებათ წინა კარიდან მანქანამდე მისასვლელად, შემდეგ კი ამ სიჩქარეს იყენებენ იმის გამოსათვლელად, რა დრო დაგჭირდებოდათ ოთახიდან კარამდე მისაღწევად.
ამ მეცნიერებმა არ გაითვალისწინეს ყველა ის მეგობარი, რომლებთანაც კარამდე მისვლამდე გზადაგზა ჩერდებოდით.
როცა მკვლევრებმა ნაბიჯის სიგრძე ხელახლა გამოთვალეს მზის ცვალებადი სიმკვრივის რეალისტური მოდელის გამოყენებით, აღმოაჩინეს, რომ მზის რადიუსის 50 პროცენტზე მეტისთვის ის 0,1 სანტიმეტრზე ნაკლები იქნებოდა.
ამ ციცქნა შესწორებამ მზის ფოტონის დიფუზიის დრო რამდენიმე ათული ათასი წლიდან დაახლოებით 170 000 წლამდე გაზარდა.
მას შემდეგ, რაც საბოლოოდ მიაღწევთ მანქანამდე, სახლში წასვლა მარტივია. უბრალოდ მანქანა უნდა ატაროთ.
სწორედ ასეა მზის სინათლისთვისაც.
მას შემდეგ, რაც ენერგია ბოლოს და ბოლოს მზის ზედაპირს მიაღწევს, უკვე აღარსადაა ის მილიარდობით ნაწილაკი, რომელიც გზადაგზა აბრკოლებდა. სვლას კოსმოსის ვაკუუმში აგრძელებს და დედამიწამდე მოსასვლელ 150 მილიონ კილომეტრს 8 წუთში ფარავს.
ამის შემდეგ, როცა სახეს მზეს მიუშვერთ გასათბობად, გაიხსენეთ, რამდენი დრო დასჭირდა ამ ენერგიას თქვენამდე მოსაღწევად.
მან ეს გზა იქამდე დაიწყო, ვიდრე ძველეგვიპტელები პირამიდების მშენებლობას დაიწყებდნენ — და ვინ იცის, იქნებ ბოლო გამყინვარების ხანის დაწყებამდეც კი.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.