მზე ასეთი ჯერ არასდროს გვინახავს — უმძლავრესმა ტელესკოპმა ჩვენს ვარსკვლავს ახალი ფოტოები გადაუღო #1tvმეცნიერება
მზე ასეთი ჯერ არასდროს გვინახავს — უმძლავრესმა ტელესკოპმა ჩვენს ვარსკვლავს ახალი ფოტოები გადაუღო #1tvმეცნიერება

მსოფლიოში მზის ყველაზე მძლავრმა ტელესკოპმა ჩვენი ვარსკვლავის სახე გასაოცარ დეტალებში გადაიღო. სურათის რეზოლუცია სულ რაღაც 18 კმ-ია და ასახულია მზის ატმოსფეროს შუა ფენა.

ფოტოზე მოჩანს ცეცხლოვანი პლაზმის კაშკაშა „თმები“, რომლებიც ფიჭის მსგავსი ფორებიდან მზის გვირგვინში ჩაედინება. ამ ამობურცულ ბუშტუკებს გრანულებს უწოდებენ და მათი სიგანე დაახლოებით 1600 კილომეტრია.

თითოეულ სურათზე აღბეჭდილია დაახლოებით 82 500 კმ სიგანის რეგიონი. უზარმაზარი მასშტაბის უკეთ აღსაქმელად, ასტრონომებმა სურათზე ჩვენი პლანეტაც მოათავსეს.

ეს წარმოუდგენელი მიღწევა ინოუეს მზის ტელესკოპის გახსნიდან ერთი წლისთავზე მოხერხდა. ტელესკოპზე მუშაობა 25 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამჟამად, ის მსოფლიოში უმძლავრესი მზის ტელესკოპია.

მზის ქრომოსფერო გვირგვინის (კორონა) ქვემოთაა მოქცეული; როგორც წესი, მისი დანახვა მხოლოდ მზის სრული დაბნელებისას არის შესაძლებელი, როდესაც ის ჩაბნელებული ვარსკვლავის გარშემო წითელ რკალს წარმოქმნის. თუმცა, ახალმა ტექნოლოგიამ ეს ყველაფერი შეცვალა.

მზის სისტემის სინათლის წყარო ასე ახლოდან აქამდე ჯერ არ გვინახავს. ინოუეს ტელესკოპს მზის ქრომოსფეროში ისეთი პატარა მახასიათებლები დანახვაც კი შეუძლია, როგორიც მანჰეტენია.

შარშან, როდესაც თითქმის დასრულებულმა ტელესკოპმა პირველი ფოტოები გადაიღო, მზის ფიზიკოსმა ჯეფ კუნმა ამ მიღწევას უწოდა „კაცობრიობის უდიდესი ნახტომი მზის შესწავლაში გალილეოს ეპოქის შემდეგ“.

ახლა კი, ასტრონომი და კოსმოსური ტელესკოპების მეცნიერი მეტ მაუნთაინი აღნიშნავს, რომ „მზის ფიზიკის ახალი ეპოქის ლენტი გავჭერით“.

შედეგად, მეცნიერებს ახალი შესაძლებლობები უჩნდებათ მზის შტორმების პროგნოზირებისათვის; მზის მძლავრ შტორმებს სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლია ჩვენი ტექნოლოგიებისთვის.

„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჰავაის ხალხს, სადაც ეს ტელესკოპი ოპერირებს, ეროვნულ სამეცნიერო ფონდს და აშშ-ის კონგრესს მხარდაჭერისთვის“, — ამბობს მაუნთაინი.

ინოუეს მზის ტელესკოპი აშენებულია ჰავაის კუნძულ მაუიზე, ვულკან ჰელეაკალაზე, რომელიც ჰავაის ადგილობრივი ხალხისთვის წმინდა ადგილია. ეროვნული სამეცნიერო ფონდის განცხადებით, ტელესკოპის მშენებლობაში ადგილობრივებიც იყვნენ ჩართული, მაგრამ ზოგიერთი ადგილობრივი ამ ინსტრუმენტს მაინც თეთრი კოლონიზატორების მხრიდან შეურაცხყოფად აღიქვამს.

ადგილობრივ ჰავაელთაგან უფრო დიდ წინააღმდეგობას აწყდება კიდევ ერთი დიდი ტელესკოპი, რომლის აშენებაც ჩამქრალ ვულკან მაუნაკეაზე იგეგმება. ადგილობრივებს არ სურთ, რომ მათი წმინდა ადგილი დასავლური მეცნიერების მიზნებისთვის გამოიყენონ.

თუმცა აშკარაა, რომ ინოუეს მზის ტელესკოპი დიდი სამეცნიერო მიღწევაა თანამედროვე ასტრონომიისთვის. ეს ტელესკოპი ჩვენი დედავარსკვლავის გაცილებით უკეთესად შესწავლის საშუალებას მოგვცემს.

მომზადებულია nso.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.