ცხრა პაციენტს თირკმლის კიბოს პერსონალიზებული ვაქცინა გაუკეთეს — არც ერთ მათგანს რეციდივი არ დაუფიქსირდა #1tvმეცნიერება
როგორ უნდა ასწავლო იმუნურ სისტემას კიბოს უჯრედის ამოცნობა?
მეცნიერები მინიშნებებს თავად სიმსივნისგან იღებენ, არჩევენ ცილის უჩვეულო ფრაგმენტებს და ვაქცინაში ათავსებენ. ამის მიზანია სხეულს დაეხმარონ კონკრეტული პაციენტის სიმსივნის ამოცნობაში.
თირკმლის კიბოს პატარა კლინიკურ კვლევაში, ამ მეთოდმა იმედის მომცემი შედეგები დადო. ცხრა ადამიანმა მიიღო ექსპერიმენტული ვაქცინა, რომელიც მათ სიმსივნეზე იყო მორგებული.
ოპერაციის შემდეგ დაახლოებით სამი წლისა და ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარე დაკვირვების პერიოდში (მედიანური მაჩვენებლით) არცერთ პაციენტს არ აღენიშნებოდა დაავადების რეციდივი.
ცხრავეს ჩამოუყალიბდა იმუნური პასუხი ვაქცინისადმი. შვიდ პაციენტში ვაქცინის მიმართ რეაგირებად T-ლიმფოციტებს ასევე შეეძლოთ პაციენტის სიმსივნის ამოცნობა. T-ლიმფოციტები (T-უჯრედები) არის იმუნური უჯრედები, რომლებიც საფრთხეების ამოცნობასა და თავდასხმის კოორდინაციას ან განხორციელებას უწყობს ხელს.
თუმცა, ეს შედეგები ჯერ ვერ ამტკიცებს, რომ ვაქცინაცია ხელს უშლის კიბოს დაბრუნებას.
„პაციენტთა მცირე რაოდენობიდან გამომდინარე, სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ შემდგომ ინტერპრეტაციებს“, — ამბობენ იელის უნივერსიტეტის მკვლევარი დევიდ ბრაუნი და ჰარვარდის სამედიცინო სკოლის დანა-ფარბერის კიბოს ინსტიტუტის მკვლევარი ტონი ჩუეირი.
ყველა პაციენტს თირკმლის უჯრედული კარცინომა ჰქონდა, თირკმლის კიბოს ყველაზე გავრცელებული ფორმა ზრდასრულებში. შვიდ მათგანს დაავადების მესამე სტადია ჰქონდა, ორს კი მეოთხე. სიმსივნე მათ სრულად ამოჰკვეთეს ქირურგიული ჩარევით და ვაქცინაციის დასაწყისში დაავადება არცერთს აღარ უფიქსირდებოდა.
თუმცა, ისინი კიბოს ხელახლა გამოჩენის მაღალი რისკის ქვეშ იყვნენ. მკვლევრებს იმედი ჰქონდათ, რომ იმუნურ სისტემას გაწვრთნიდნენ სიმსივნის იმ ნებისმიერი უჯრედის ამოცნობაში, რომელიც შეიძლება ოპერაციის შემდეგ დარჩენილიყო, იმდენად ცოტა, რომ დაფიქსირების ზღვარს ქვემოთ.
ვაქცინის დასამზადებლად, ჯგუფმა შეისწავლა ქირურგიული ოპერაციის დროს შეგროვებული სიმსივნის ქსოვილები. კიბოს უჯრედების დნმ-ში არსებული ზოგიერთი ცვლილება წარმოქმნის ისეთ ცილოვან ფრაგმენტებს, რომლებიც ჯანსაღი უჯრედების ფრაგმენტებისგან განსხვავდება. ამ ფრაგმენტებს ნეოანტიგენებს უწოდებენ და შეუძლიათ, იმუნურ სისტემას მისცენ სამიზნეები, რომლებიც კიბოს ნორმალური უჯრედებისგან განასხვავებს.
მკვლევრებმა თითოეული პაციენტის სიმსივნიდან სამიზნეები შეარჩიეს და ინდივიდუალური ვაქცინები დაამზადეს. ხუთმა პაციენტმა ვაქცინაციის ადგილის სიახლოვეს ასევე მიიღო იმუნოთერაპიული პრეპარატი იპილიმუმაბი; ოთხმა ვაქცინა მის გარეშე მიიღო.
თირკმლის კიბოში შესაფერისი სამიზნის პოვნა გამოწვევაა. როგორც წესი, ამ სიმსივნეს უფრო ცოტა მუტაცია აქვს, ვიდრე სხვა კიბოებს, მაგალითად მელანომას, რომლის შემთხვევაშიც ასევე იკვლევენ პერსონალიზებულ ვაქცინებს. ამიტომ, არჩევანი სულ რამდენიმე სამიზნეს შორის უნდა გაკეთდეს. მიუხედავად ამისა, ჯგუფმა წარმატებით დაამზადა ვაქცინა თითოეული პაციენტისთვის.
„ჩვენი მიზანი იყო გამძლე იმუნიტეტის წარმოქმნა სიმსივნე-სპეციფიკური ანტიგენისადმი, რასაც საბოლოოდ უნდა განეპირობებინა სიმსივნის საწინააღმდეგო იმუნური პასუხი“, — ამბობენ ბრაუნი და ჩუეირი.
ცხრავე პაციენტში ჯგუფმა ვაქცინის სამიზნეებისადმი რეაგირება დააფიქსირა. ვაქცინა-სპეციფიკური T-ლიმფოციტების მეთვალყურეობამ ასევე აჩვენა, რომ რეაგირებამ წლები გასტანა.
თუმცა, რჩებოდა მნიშვნელოვანი ტესტი. ლაბორატორიულ ექსპერიმენტში ცილის ფრაგმენტის ამოცნობა აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ იმუნურ სისტემას პაციენტის რეალური სიმსივნის ამოცნობა შეუძლია.
ამიტომ, მკვლევრებმა დატესტეს ვაქცინის მიმართ რეაგირებადი T-ლიმფოციტები სიმსივნის იმ ცოცხალი უჯრედების წინააღმდეგ, რომლებიც თითოეული პაციენტის ოპერაციის დროს შეინახეს და გაყინეს. ცხრიდან შვიდ შემთხვევაში მათ სიმსივნის ამოცნობა დააფიქსირეს.
„ამიტომ შევისწავლეთ, შეეძლოთ თუ არა პაციენტის სიმსივნის ამოცნობა ვაქცინის მიმართ რეაგირებადი T-ლიმფოციტებს. თითოეული პაციენტის შემთხვევაში სიცოცხლისუნარიანი სიმსივნური უჯრედების შენარჩუნებამ ეს ტექნიკურად რთული გახადა“, — ამბობენ მკვლევრები.
მკურნალობასთან დაკავშირებული ყველაზე გავრცელებული ეფექტები აღმოჩნდა ინიექციის ადგილის რეაქციები და დროებით გრიპის მსგავსი სიმპტომები. არცერთ პაციენტს არ განუცდია მესამე ხარისხის ან უფრო მაღალი გვერდითი მოვლენა. უსაფრთხოების კუთხით მიღებული ეს იმედისმომცემი შედეგი უფრო დიდ პოპულაციაში დადასტურებას საჭიროებს.
პირველი ფაზის კვლევა ძირითადად მიზნად ისახავდა უსაფრთხოებისა და ამტანობის შეფასებას, მათ შორის — ადგილობრივად შეყვანილი იპილიმუმაბის მაქსიმალური ამტანი დოზის განსაზღვრას. ასევე გაზომეს იმუნური პასუხები.
შესადარებელი ჯგუფის გარეშე, მკვლევრებს არ შეუძლიათ განსაზღვრონ, ვაქცინაციის გარეშე რამდენ პაციენტში დაბრუნდებოდა კიბო ხელახლა. ასევე, ამ მცირე მასშტაბის კვლევით ვერ დგინდება, ჰქონდა თუ არა რაიმე სარგებელი იპილიმუმაბის დამატებას.
შედეგები აჩვენებს, რომ ამ კიბოსთვის შესაძლებელია ასეთი პერსონალური ვაქცინების შექმნა და ხანგრძლივი იმუნური პასუხის წარმოქმნა, მათ შორის პაციენტის სიმსივნის ამოცნობა. უცნობი რჩება, აუმჯობესებს თუ არა ეს პასუხები შედეგებს.
„თუმცა, აუცილებელია კიბოს საწინააღმდეგო პერსონალიზებული ვაქცინების შეფასება პაციენტთა გაცილებით დიდ ჯგუფში და იმის დადასტურება, რომ ვაქცინა მართლაც აუმჯობესებს მკურნალობის შედეგებს არსებულ სტანდარტულ მიდგომასთან შედარებით“, — განმარტავენ მკვლევრები.
მათ ხაზი გაუსვეს INTerpath-004-ს — უფრო მასშტაბურ რანდომიზებულ კვლევას, რომელშიც mRNA-ზე დაფუძნებული განსხვავებული პერსონალიზებული ვაქცინა მოწმდება. ის ადარებს ვაქცინასა და პემბროლიზუმაბის იმუნოთერაპიას პლაცებოსა და პემბროლიზუმაბის კომბინაციებს; აფასებს, აუმჯობესებს თუ არა ვაქცინაციის დამატება შედეგებს.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.