კიბოს ვაქცინა, რომელიც ქალებისთვის შეიქმნა, კაცებსაც ეფექტიანად იცავს მრავალი სახის კიბოსგან — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
დიდი ალბათობით, კიბოს პროფილაქტიკური პრეპარატი, რომელიც თავდაპირველად ქალებისთვის შეიქმნა, ახლა თავისა და კისრის კიბოს რისკის ქვეშ მყოფ მამაკაცებსაც იცავს.
ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) ვაქცინა მსოფლიოში პირველი მედიკამენტია, რომელიც ვირუსით გამოწვეული კიბოს პრევენციისთვის შეიქმნა.
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) ის 2006 წელს დაამტკიცა, მაგრამ თავიდან ის მხოლოდ გოგონებისა და ქალებისთვის იყო განკუთვნილი.
იმ დროისათვის, მეცნიერებს იმედი ჰქონდათ, რომ ექსპერიმენტული ვაქცინა დაბლოკავდა HPV-ის იმ რამდენიმე სახიფათო შტამს, რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოს იწვევს. ასეც მოხდა.
ვაქცინების პირველად გამოყენებიდან 20 წლის შემდეგ, ახალგაზრდა ქალებში საშვილოსნოს ყელის კიბოთი სიკვდილიანობა მკვეთრად შემცირდა, ზოგიერთ ქვეყანაში კი, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი მაღალია, შემთხვევათა რაოდენობა თითქმის 90 პროცენტით შემცირდა.
ამჯერად, ახალი კვლევა ერთ-ერთ საუკეთესო მტკიცებულებას გვთავაზობს იმისა, რომ ვაქცინირებული მამაკაცებიც ნაკლებად ავადდებიან კიბოთი.
საქმე ეხება აშშ-ში კაცებში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ კიბოებს.
ყოველ წელს, ადამიანის პაპილომავირუსი აშშ-ში საშვილოსნოს ყელის კიბოს დაახლოებით 11 000 შემთხვევას იწვევს, მაგრამ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებით, ეს ვირუსი ასევე იწვევს ოროფარინგეალური კიბოს 16 000 შემთხვევას.
შემთხვევათა დაახლოებით 85 პროცენტი კაცებზე მოდის.
„HPV ვაქცინაცია დაკავშირებულია თავის და კისრის კიბოს არსებითად დაბალ რისკთან — ყველაზე გამოკვეთილად ოროფარინგეალური ბრტყელუჯრედოვანი კარცინომას შემთხვევებთან ახალგაზრდა ვაქცინირებულებში. შედეგები მიუთითებს, რომ HPV იმუნიზაციის ფართო დაფარვა შეიძლება გვაძლევდეს ჯანდაცვის პოტენციურ ბენეფიტებს, რადგან ამცირებს თავის და კისრის კიბოთა რისკს“, — წერენ მკვლევრები.
ნათელი რომ იყოს, ჯერ არ გამოკვეთილა პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ HPV ვაქცინას თავის და კისრის კიბოს პრევენცია შეუძლია, მაგრამ ეს ვირუსი მთავარ როლს ასრულებს ზოგიერთ ოროფარინგეალურ კიბოში და ვაქცინამ უკვე მოახდინა საოცრება საშვილოსნოს ყელის კიბოს მაჩვენებლებზე.
ამ ძლიერი დასაბუთების გათვალისწინებით, 2020 წელს FDA-მ გააფართოვა HPV ვაქცინის მოქმედება და მასში თავის და კისრის კიბოს პრევენციაც შეიტანა ორივე სქესში.
მოსახლეობის ბოლო ანალიზში, ჩინელმა მეცნიერებმა შეისწავლეს 9-დან 45 წლამდე ასაკის 1,4 მილიონი ამერიკელის ჯანდაცვის მონაცემები.
HPV-ზე ვაქცინირებულ 700 000-ზე მეტ ადამიანში მათ გამოავლინეს თავისა და კისრის კიბოს 40 შემთხვევა.
მაშინ, როდესაც ასაკობრივად შესაბამის კოჰორტაში, რომელიც არ იყო ვაქცინირებული ადამიანის პაპილომავირუსის წინააღმდეგ, კიბოს 130 შემთხვევა დაფიქსირდა.
ეს სხვაობა დაახლოებით 70 პროცენტს შეადგენს.
იმის სანახავად, გაგრძელდება თუ არა ეს ასოციაციები, საჭიროა უფრო ხანგრძლივი და მასშტაბური დაკვირვებითი კვლევები, მაგრამ ვაქცინაციიდან სულ მცირე ათი წლის შემდეგ, HPV ნამდვილად ახდენს კიბოს პრევენციას.
ადამიანის პაპილომავირუსი (HPV) ძლიერ ინფექციურია; მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების რაღაც ეტაპზე ის ყველას ხვდება სერიოზულ გართულებათა გარეშე, ზოგიერთი შტამი სხვებზე მეტად სახიფათოა.
მაღალი რისკის ქვეშ მყოფებს ის შეიძლება გადაედოთ სქესობრივი კონტაქტით, ინფიცირდება საშვილოსნოს ყელი, ვაგინა, ვულვა და პენისი; ასევე შეიძლება დაინფიცირდეს ყელი და გლანდები ორალური სექსის და შეიძლება კოცნის გზითაც.
ძალიან ცოტა ადამიანში ვირუსმა შეიძლება უჯრედებში წლების განმავლობაში მიიძინოს და თანდათანობით ხელი შეუშალოს მათ ზრდას.
ათწლეულების შემდეგ, ზოგიერთი ეს ინფიცირებული უჯრედი შეიძლება სიმსივნური გახდეს.
HPV-სთან დაკავშირებული საშვილოსნოს ყელის კიბოსგან განსხვავებით, მეცნიერებს არ აქვთ Pap-ტესტის მსგავსი ტესტი, რომელიც თავისა და კისრის კიბოსწინარე წარმონაქმნების სკრინინგისთვის გამოადგებათ.
ეს კი ვაქცინაციის დაფარვას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის.
კონკრეტულად აშშ-ში, HPV ვაქცინა ახლა რეკომენდებულია 26 წლამდე ყველა ადამიანისთვის სასიკვდილო კიბოს თავიდან ასარიდებლად.
2024 წელს, ამ ქვეყანაში მამრობითი სექსის მოზარდების 77 პროცენტი და მდედრობითი სექსის 79 პროცენტი ვაქცინირებულია სულ მცირე ერთი დოზით.
მიუხედავად ამისა, მრავალი ადამიანი ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს, რა შეუძლია გააკეთოს HPV ვაქცინამ მათი კიბოს რისკისთვის.
2025 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ამერიკელ ზრდასრულთა მესამედზე მეტმა არ იცის HPV-ის შესახებ, 70 პროცენტზე მეტმა კი არ იცის, რომ მას ორალური კიბოს გამოწვევა შეუძლია.
„რაღაცამ, რის შესახებაც არასოდეს გამეგო, კინაღამ მომკლა. ყველაფერი გავაკეთე, რომ ჩემმა ყველა დისშვილმა და ძმისშვილმა იცოდნენ ვაქცინის შესახებ. ვის არ უნდა, რომ ყველაფერი გააკეთოს კიბოთი დაავადების თავიდან ასაცილებლად? არსებობს გარკვეული რამ, რაზეც კონტროლი არ გაქვს. ამ შემთხვევაში, გაქვს“, — ეუბნება მინესოტის უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა კვლევისა და პოლიტიკის ცენტრს კაცი პაციენტი, რომელიც პაპილომავირუსთან დაკავშირებულ ყელის კიბოს გადაურჩა.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა, გაერთიანებულმა სამეფომ და ავსტრალიამ ვაქცინაცია კაცებზეც დაუშვა, მრავალ ქვეყანაში ასე არაა. სიამაყით უნდა აღინიშნოს, რომ ამ ქვეყნების რიგში საქართველოცაა — ჩვენს ქვეყანაში, 45 წლამდე ქალებისა და კაცებისთვის პაპილომავირუსზე ვაქცინაცია უფასოა.
გლობალურ დონეზე, HPV ვაქცინაცია ჯერ მაინც დიდწილად ერთი სექსით შემოიფარგლება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ამჟამინდელი სამიზნეა მსოფლიო მასშტაბით 15 წლამდე გოგონების 90 პროცენტის პაპილომავირუსზე სრულად ვაქცინირება.
თუმცა, ორგანიზაციას ასეთი ზღვარი არ აქვს ორივე სქესისთვის. ის ბიჭებს „მეორეულ სამიზნედ“ აკლასიფიცირებს, სადაც ეს „შესაძლებელი და ხელმისაწვდომია“.
გლობალური ადვოკატირების ჯგუფები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მოუწოდებენ, შეცვალოს მისი ეს პოლიტიკა და გენდერულად ნეიტრალური გახადოს.
„ეპედემიოლოგიური გადმოსახედიდან, როცა კაცებიც და ქალებიც HPV-ის რისკის ქვეშ არიან, ალოგიკურია, რომ მხოლოდ გოგონების ვაქცინაცია მოხდეს. ჩვენი მიზანია ყველას დაცვა, სექსის და გენდერის მიუხედავად — მაღალი რისკის HPV ინფექციებისა და მათ მიერ გამოწვეული კიბოებისგან“, — წერს ორგანიზაცია End HPV Global-ი.
ადამიანის პაპილომავირუსი (HPV) სულ უფრო მეტად ხდება საშვილოსნოს ყელის კიბოს სინონიმი, მაგრამ ეს მხოლოდ აისბერგის წვერია იმისა, თუ რა შეუძლია ამ ვირუსს.
კვლევა The International Journal of Infectious Diseases-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.