პაპილომავირუსის ვაქცინის დამსახურებით, ახალგაზრდა ამერიკელებში საშვილოსნოს ყელის კიბოთი სიკვდილიანობა მკვეთრად შემცირდა — #1tvმეცნიერება
აშშ-ში, ახალგაზრდა ქალებში საშვილოსნოს ყელის კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობა მკვეთრად დაეცა. მეცნიერები ფიქრობენ, რომ მრავალი სიცოცხლის გადარჩენისთვის ვაქცინას უნდა ვუმადლოდეთ.
აშშ-ის ეროვნული ჯანდაცვის მონაცემების მიხედვით, მხოლოდ გასულ ათწლეულში, 25 წლამდე ქალებში საშვილოსნოს ყელის კიბოთი გამოწვეული სიკვდილის შემთხვევები 62 პროცენტით დაეცა.
კვლევის ავტორი, სამხრეთ კაროლინას სამედიცინო უნივერსიტეტის მკვლევარი არიშ დეშმუხი ასეთ დრამატულ ცვლილებას ვაქცინა Gardasil-ს უკავშირებს.
მისი ჯგუფის კვლევას არ გაურჩევია, ახალგაზრდა ქალებს შორის ვის ჰქონდა ვაქცინა გაკეთებული და ვის არა, მაგრამ როგორც დეშმუხი აღნიშნავს, მათი აზრით, ასეთ დრამატულ ვარდნას ვაქცინის გარდა სხვა მიზეზი უბრალოდ ვერ ექნება.
განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ ბრიტანეთსა და ავსტრალიაში ჩატარებულ კვლევებს, რომლებითაც დადგინდა, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა ვაქცინირებულ ქალებში.
ვაქცინა Gardasil-ი რამდენიმედოზიანია და აშშ-ში 2006 წელს დაამტკიცეს პატარა გოგონებისათვის. ახდენს ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) მომაკვდინებელი შტამების პრევენციას.
ადამიანის პაპილომავირუსი ძლიერ ინფექციური ვირუსია, რომელიც კანიდან კანზე კონტაქტით გადადის და სწორედ ისაა პასუხისმგებელი საშვილოსნოს ყელის ინვაზიური კიბოს შემთხვევების 70 პროცენტზე. ეს დაავადება კიბოთი სიკვდილის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია ამერიკელ ქალებში.
მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ქალებში საშვილოსნოს ყელის კიბო იშვიათია, ვაქცინა კიდევ უფრო იშვიათს ხდის შემთხვევებზე 25 წელზე ნაკლები ასაკის ქალებში.
ეროვნული ჯანდაცვის მონაცემებით, აშშ-ში გოგონების პირველი კოჰორტა, რომელმაც HPV ვაქცინა მიიღო (დაახლოებით 10 წლის ასაკში), გაცილებით ნაკლებად არის 25 წლამდე
მიღწევამდე საშვილოსნოს ყელის კიბოთი სიკვდილის რისკის ქვეშ.
კვლევაში შეისწავლეს 25 წლამდე ქალების ჯანმრთელობის მონაცემები 1992-2021 წლებს შორის, სამწლიანი მონაკვეთებით.
1992-1994 წლებს შორის, აშშ-ში ყოველ 100 000 ქალში 55 ახალგაზრდა კვდებოდა საშვილოსნოს ყელის კიბოთი.
2019-2021 წლებს შორის კი ეს რიცხვი ყოველ 100 000 ქალში 13-ის სიკვდილამდე შემცირდა.
„ამ კვლევის შედეგები წარმოაჩენს HPV ვაქცინაციის დაფარვის სასწრაფოდ გაზრდის აუცილებლობას“, — წერენ მკვლევრები.
2021 წელს, აშშ-ში ადამიანის პაპილომავირუსზე მცირეწლოვანი გოგონების ვაქცინაციის მაჩვენებელმა 78,5 პროცენტს მიაღწია. მას შემდეგ, ეს რიცხვი ოდნავ კიდევ გაუმჯობესდა.
ავსტრალიას პაპილომავირუსზე ვაქცინაციის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს მსოფლიოში. აცრილია გოგონების თითქმის 86 პროცენტი და ზოგიერთი შეფასებით, 2028 წლისთვის, ამ ქყევანაში ყოველ 100 000 ქალზე საშვილოსნოს ყელის კიბოს მხოლოდ ოთხი ახალი შემთხვევა იქნება. ეს მაჩვენებელი იმდენად დაბალია, რომ დაავადება შეიძლება ამოძირკვულად ჩაითვალოს.
უფრო მეტიც, 2019 წელს ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ ადამიანის პაპილომავირუსის ვაქცინის დამსახურებით, 2100 წლისთვის საშვილოსნოს ყელის კიბო შეიძლება სრულიად ამოიძირკვოს მსოფლიოს 181 ქვეყნიდან 149-ში.
თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ვაქცინაციის მაჩვენებლები შენარჩუნდება და გაუმჯობესდება.
ამით კი არა მხოლოდ ქალების სიცოცხლის გადარჩენაა შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა თავდაპირველად მცირეწლოვანი გოგონებისთვის დამტკიცდა, ახლა აცრა შეუძლიათ უფროსი ასაკის ქალებს, ხანდაზმულ ქალებს, ბიჭებსა და მამაკაცებსაც. ამის მიზეზი ის არის, რომ როგორც დადგინდა, ის ადამიანს იცავს ანალური, პენისისა და ორალური კიბოებისგანაც.
ადამიანის პაპილომავირუსის ვაქცინა ძლიერ იმედისმომცემია და ბევრ გამოწვევას გაუმკლავდა. ახლა ის იმაზე გაცილებით მეტი სიცოცხლის გადარჩენას უზრუნველყოფს, ვიდრე მეცნიერები ამას ოდესმე იფიქრებდნენ, რადგან მისი წყალობით, შესაძლებელი გახდა ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი კიბოს თავიდან აცილება.
კვლევა ჟურნალ JAMA-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.