ადამიანის პაპილომავირუსის ვაქცინამ საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევები 90%-ით შეამცირა — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
პირველი რეალური მონაცემები აჩვენებს, რომ ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) საწინააღმდეგო ვაქცინა საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევებს 90 პროცენტით ამცირებს.
გაერთიანებული სამეფოს საქველმოქმედო ორგანიზაცია Cancer Research UK ამ მონაცემებს ისტორიულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ცხადად აჩვენებს, თუ როგორ გადაარჩინა ვაქცინამ მრავალი სიცოცხლე.
საშვილოსნოს ყელის თითქმის ყველა კიბოს ვირუსები იწვევს, მაგრამ არის იმედი, რომ ვაქცინაცია ამ დაავადებას თითქმის ამოძირკვავს.
მკვლევართა განცხადებით, ასეთი წარმატება იმას ნიშნავს, რომ ვაქცინირებულ ადამიანებს შეიძლება თითქმის აღარც დასჭირდეთ საშვილოსნოს ყელის ნაცხის ანალიზების ჩაბარება.
გაერთიანებულ სამეფოში გოგონებს 11-13 წლის ასაკში ცრიან. 2019 წლიდან აცრა შემოიღეს ბიჭებისთვისაც.
კვლევა ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნდა და მიმოიხილავს, რა ხდებოდა მას შემდეგ, რაც 2008 წელს ინგლისში პაპილომავირუსზე აცრა გოგონებისთვის შემოიღეს.
ის გოგონები ახლა უკვე 20 წელს გადაცილებული არიან. კვლევა აჩვენებს, რომ შემცირებულია სიმსივნის წინა წარმონაქმნების შემთხვევები, ხოლო საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევები 87 პროცენტით არის შემცირებული.
„გავლენა უზარმაზარია“, — ამბობს ლონდონის სამეფო კოლეჯის პროფესორი პიტერ სასიენი.
შემთხვევათა შემცირება უფრო ნაკლებად შეინიშნებოდა უფრო მოზრდილ აცრილებში. ამის მიზეზი ის არის, რომ უფრო ნაკლები თინეიჯერი იცრება და იდეალურია, რომ აცრა იქამდე ჩატარდეს, ვიდრე ისინი სექსუალურად აქტიურები გახდებიან.
ამ კვლევის შეფასებით, პაპილომავირუსის პროგრამამ საერთო ჯამში მოახდინა კიბოს 450 და პრეკანცერის (სიმსივნის წინა წარმონაქმნი) 17 200 შემთხვევის პრევენცია.
პროფესორი სასიენი ამბობს, რომ ეს ჯერ მხოლოდ აისბერგის წვერია, რადგან ვაქცინირებულები კიბოთი დაავადებისთვის ჯერ ახალგაზრდები არიან და შესაბამისად, პრევენციის რიცხვები მხოლოდ გაიზრდება.
ამ ეტაპზე უცნობია, რამდენ ხანს ძლებს ვაქცინაციით წარმოქმნილი თავდაცვა პაპილომავირუსისგან და არის თუ არა საჭირო სიცოცხლის შუა პერიოდში ბუსტერ-დოზის გაკეთება.
არსებობს ადამიანის პაპილომავირუსის ასზე მეტი ტიპი.
ბრიტანეთში მიმდინარე ვაქცინაცია ადამიანს ორი მათგანისგან იცავს, მაგრამ სულ მალე დაიწყება ვაქცინის გამოყენება, რომელიც ვირუსის ცხრა ტიპისგან დაიცავს, მათ შორის გენიტალური მეჭეჭების გამომწვევი ტიპებისგან.
კიბოს გამომწვევი ვერსიები იწვევს ინფიცირებულ უჯრედთა დნმ-ის სახიფათო ცვლილებებს, რის შედეგადაც, ისინი სიმსივნედ გადაიქცევიან.
ეს კი შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ინფიცირებულ ქსოვილში. ვირუსი შეიძლება გავრცელდეს ვაგინალური, ორალური ან ანალური სექსის გზით, შესაბამისად, დაკავშირებულია სხვა სახის კიბოებთანაც.
საშვილოსნოს ყელის კიბოების 99 პროცენტს ადამიანის პაპილომავირუსი იწვევს. სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გეგმის ფარგლებში, რომელიც ამ კიბოს ამოძირკვას ისახავს მიზნად, მსოფლიოს ასზე მეტმა ქვეყანამ მისი საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.
მომზადებულია BBC-ის მიხედვით.