2020 – 2024 წლებს შორის, ინგლისში 20-დან 24 წლამდე ასაკის არცერთი ქალი არ დაღუპულა საშვილოსნოს ყელის კიბოთი. ეს პირველი შემთხვევაა, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში საშვილოსნოს ყელის კიბოთი სიკვდილის მაჩვენებელი ნულზე ჩამოვიდა და ამის მიზეზი ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) წინააღმდეგ ვაქცინაციის დანერგვაა.
„შედეგები საოცარია. საშინელი რამეა, როცა ვინმე ძალიან ახალგაზრდა კვდება საშვილოსნოს ყელის კიბოთი. ეს ვაქცინაციის ნამდვილი ტრიუმფია, მეცნიერებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ნამდვილი ტრიუმფი“, — ამბობს ლონდონის დედოფალ მარიას უნივერსიტეტის მკვლევარი პიტერ სასიენი.
ადამიანის პაპილომავირუსი (HPV) რამდენიმე სახის სქესობრივი აქტივობით ვრცელდება; მისი მრავალი შტამი უჯრედებს გენეტიკურად ისე ცვლის, რომ უდიდესია კიბოს გამოწვევის ალბათობა. ამ ვირუსის გამო, ქალებს საშვილოსნოს ყელის კიბო ოცი წლის ასაკშიც კი შეიძლება დაემართოთ; მთელ მსოფლიოში, ამ დიაგნოზით დღემდე ბევრი ქალი იღუპება.
HPV ვაქცინა 2006 წელს გახდა ხელმისაწვდომი. გაერთიანებულ სამეფოში, 12-13 წლის გოგონებს აცრა 2008 წლიდან შეუძლიათ. 2019 წლიდან ვაქცინაცია მოიცავს ბიჭებსაც. ის ორივე სქესს იცავს HPV-ით გამოწვეული სხვა სახის კიბოებისგან, როგორიცაა პირის ღრუს, ანუსის, ყელის და პენისის. ვაქცინა ახდენს ამ ვირუსის სხვებისთვის გადადების პრევენციასაც.
ეს კვლევა პირველი მტკიცებულებაა იმისა, რომ ადამიანის პაპილომავირუსის ვაქცინა ახდენს საშვილოსნოს ყელის კიბოსთან დაკავშირებული სიკვდილის პრევენციას, გარდა იმისა, რომ დრამატულად ამცირებს HPV ინფექციებს და საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა რაოდენობას. სასიენის განცხადებით, შეიძლება აშკარად ჩანდეს, რომ ის ხელს უშლის სიკვდილიანობას, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ქალები, რომლებიც ყველაზე ნაკლებად არიან ვაქცინაციისკენ მიდრეკილნი, ასევე ყველაზე ნაკლებად არიან მიდრეკილნი სკრინინგისკენ. შესაბამისად, არსებობდა შეშფოთება იმის თაობაზე, რომ ვაქცინა შეიძლება ძირითადად ხელს უშლიდა იმ კიბოს განვითარებას, რომელიც ადრეულ ეტაპზე გამოვლინდებოდა სკრინინგის გზით და წარმატებით იკურნებოდა, მაგრამ არ ახდენდა პრევენციას მათში, ვინც სკრინინგს არ იტარებდა და შესაბამისად, უფრო მაღალი იყო სიკვდილის შანსი.
საბედნიეროდ, როგორც ჩანს, ასე ნამდვილად არ არის. სასიენიმ და მისმა კოლეგა მილენა ფალკარომ შეისწავლეს ინგლისში საშვილოსნოს ყელის კიბოს მაჩვენებლები და სიკვდილიანობა; ასე შენიშნეს, რომ 2020-2024 წლებში — ბოლო უახლეს მონაცემებში — არ ფიქსირდებოდა ამ დაავადებით სიკვდილი 20-დან 24 წლამდე ასაკის ქალებში. ისტორიულ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, უნდა ყოფილიყო დაახლოებით 23 ქალის სიკვდილის შემთხვევა.
„რაც უფრო წარსულის მონაცემებში წავედი, აღმოჩნდა, რომ არასოდეს ყოფილა წელი სიკვდილის გარეშე და შესაბამისად, გარდაცვლილის გარეშე ხუთი წელი ზედიზედ, ნამდვილად რაღაც განსაკუთრებულია“, — ამბობს სასიენი.
თითქმის გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ასე დრამატული ვარდნის მიზეზი HPV ვაქცინაა — ინგლისში, 20-24 წლის ასაკის ქალების დაახლოებით 90 პროცენტი მაშინაა ვაქცინირებული, როცა ისინი 12-13 წლისანი იყვნენ.
„წარმოუდგენლად შემაგულიანებელი ამბავია და აჩვენებს, რომ ამ ვაქცინას სიცოცხლის გადამრჩენელი შედეგი აქვს. საოცრად ამაღელვებელია, როცა შეგვიძლია უკვე ვუთხრათ ამ თაობას, რომ საშვილოსნოს ყელის კიბო და პაპილომავირუსით გამოწვეული სხვა სახის კიბოები თქვენთვის უკვე რისკს აღარ წარმოადგენს“, — ამბობს ინგლისის ჯანდაცვის ეროვნული სერვისის (NHS) ვაქცინაციის მიმართულების დირექტორი კაროლინ ტემინკი.
მიუხედავად იმისა, რომ ამ კვლევაში მხოლოდ საშვილოსნოს ყელის კიბოს სწავლობდნენ, ამ ვაქცინის სარგებელი ადამიანის პაპილომავირუსთან (HPV) დაკავშირებულ სხვა კიბოებზეც ვრცელდება. ორივე სქესში ის ასევე გვიცავს მეჭეჭებისგან კანზე, გენიტალიებსა და ანუსის ზონაში.
სასიენი და ფალკო აღნიშნავენ, რომ სიკვდილის რამდენიმე შემთხვევა ფიქსირდებოდა 25-დან 29 წლამდე ასაკის ქალებში, მაგრამ მოსალოდნელზე გაცილებით ცოტა. საერთო ჯამში, ისინი ვარაუდობენ, რომ უკვე დაახლოებით 200 სიცოცხლე გადარჩა და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია.
„ჩვენ მიერ გამოვლენილი დაახლოებით 200 გადარჩენილი ჯერ მხოლოდ აისბერგის წვერია, რადგან როგორც ჩანს, ვაქცინა განაპირობებს ინფექციისგან გრძელვადიან დაცვას. მომავალში შეიძლება ეს რიცხვი 18 000 გახდეს“, — აღნიშნავს სასიენი.
თუმცა, მსოფლიოს მასშტაბით ადამიანის პაპილომავირუსზე ვაქცინაცია დაბალია და საშვილოსნოს ყელის კიბოთი სიკვდილიანობის მაჩვენებელი მზარდი. სიკვდილიანობის მაჩვენებელი შეიძლება გაერთიანებულ სამეფოშიც გაიზარდოს, რადგან სულ უფრო ცოტა მოზარდი იტარებს ვაქცინაციას.
„ცუდი ამბავი ისაა, რომ კოვიდის შემდეგ, ვაქცინაციის მაჩვენებელი დრამატულად შემცირდა“, — ამბობს სასიენი.
ტემინკის განცხადებით, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის გარდა, HPV ვაქცინაცია NHS-ის მთავარი ამბიციაა 2040 წლისთვის საშვილოსნოს ყელის კიბოს ელიმინაციისთვის.
„უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინაა და ყველას მოვუწოდებთ, ვინც ვაქცინაციისთვის შესაფერისია, მიიღოს შეთავაზება“, — ამბობს ტემინკი.
კვლევა ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.


