ექსპერიმენტული თერაპიის ორი დოზის შემდეგ, სამი წლის ბავშვს ღვიძლის მეტასტაზური კიბო სრულად გაუქრა — #1tvმეცნიერება

14:00, 15.09.2026

კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის მედიცინაში მიღწეულმა მნიშვნელოვანმა პროგრესმა ახალ, განსაკუთრებულ ეტაპს მიაღწია.

ანტიგენის ქიმერული რეცეპტორის (CAR) T-ლიმფოციტური თერაპია იმუნოთერაპიის მეთოდია, რომელიც გულისხმობს პაციენტის იმუნური უჯრედების აღებას და გენური ინჟინერიით ისე მოდიფიცირებას, რომ სიმსივნეზე მონადირე მტაცებლებად იქცნენ.

მკურნალობის ამ მეთოდმა დიდი პერსპექტივა აჩვენა კიბოს მქონე პაციენტთა მკურნალობაში, მიუხედავად იმისა, რომ მისი ეფექტიანობა ძირითადად შემოიფარგლებოდა სისხლის კიბოს მკურნალობით და არა მყარი სიმსივნეების.

რეალურ ცხოვრებაში წარმატების ამბის შთაგონება გახდა სამი წლის პაციენტი, რომელიც აჩვენებს, რომ მეცნიერებს დიდი პროგრესი აქვთ CAR T-ლიმფოციტური თერაპიით
(CAR T cell therapy) მყარი სიმსივნეების წინააღმდეგაც — თანაც პოტენციურად სიცოცხლის გადამრჩენელი შედეგებით.

ჟურნალ The New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებულ მოხსენებაში მკვლევრები აღწერენ სამი წლის ბიჭში CAR T-ლიმფოციტური თერაპიით ჰეპატობლასტომის სრული რეგრესის შემთხვევას — ღვიძლის კიბოს ავთვისებიანი ფორმის.

„ეს შემთხვევა წარმოაჩენს, რომ ქიმიოთერაპიისადმი რეზისტენტულ მყარ სიმსივნეში შეიძლება მთლიანად მიიღწეს მდგრადი სრული პასუხი ამბულატორიულ პირობებში, სისტემური ტოქსიკურობის გარეშე“, — ამბობს კვლევის ავტორი, ჰიუსტონის ბეილორის სამედიცინო კოლეჯის პედიატრიული ონკოლოგი დევიდ სტეფინი.

როცა ბიჭს დიაგნოზი დაუსვეს, მას ღვიძლის მარცხენა ნაწილში ჰქონდა მასა, რომლის ზომებიც იყო 11,2 სმ x 9,6 სმ x 7,1 სმ.

სიმსივნეს მეტასტაზები ჰქონდა ფილტვებში, ასევე არსებობდა ნიშნები, რომ ის ძვლებშიც იყო გავრცელებული.

ბიჭმა ქიმიოთერაპიის სამი კურსი გაიარა და ღვიძლში არსებული ძირითადი სიმსივნე ქირურგიულად ამოჰკვეთეს; ასევე გაუკეთდა ორი ოპერაცია ფილტვებში გავრცელებული სიმსივნის ამოსაკვეთად.

ამ ჩარევების მიუხედავად, კიბო სწრაფად დაბრუნდა უკან და ფილტვებში და მის ფილტვებში ახალი სიმსივნე გაჩნდა.

სწრაფი დაბრუნების შემდეგ, ბიჭი ჩართეს კვლევის პროექტში CARE — CAR T-ლიმფოციტური თერაპიის ექსპერიმენტული ფორმის პირველ ცდაში ადამიანზე.

ბიჭმა მიიღო ექსპერიმენტული პრეპარატის, GPC3-CAR-ის ორი დოზა, რომელიც მისივე T-ლიმფოციტებისგან იყო დამზადებული, მაგრამ გენური ინჟინერიით ისე დამუშავებული, რომ ამოიცნოს გლიპიკან 3 (GPC3) — ცილა, რომელიც ძლიერ არის გამოხატული ღვიძლის კიბოში.

წინა პრეკლინიკური მოდელებიდან მიღებული მტკიცებულებების საფუძველზე, მკვლევრებმა ასევე შეიმუშავეს ეს თერაპია, რათა მასში ყოფილიყო გენები, რომლებიც უზრუნველყოფენ იმუნური ცილების — ინტერლეიკინ-15-ისა და ინტერლეიკინ-21-ის — ექსპრესიას. მიზანი იყო CAR T-ლიმფოციტების სიცოცხლის ხანგრძლივობისა და სიმსივნის განადგურების უნარის გაზრდა.

ბიჭმა GPC3-CAR თერაპიის ორი ინფუზია მიიღო. პირველი ინფუზიის შემდეგ, პაციენტს ნაწილობრივი პასუხი აღენიშნა, რაზეც მიუთითებდა კომპიუტერული ტომოგრაფია და მის სისხლში ცილის, სახელად ალფა-ფეტოპროტეინის დონის შემცირება; ეს ცილა სიმსივნის აქტივობის მანიშნებელია.

რვა კვირის შემდეგ მან თერაპიის მეორე დოზა მიიღო. შემდეგმა სკანირებებმა დაავადების ნიშნები ვეღარ დააფიქსირა, გარდა ნარჩენი ნაწიბურებისა.

12 თვის შემდეგ, ბიჭს დაავადების ნიშნები კვლავ არ ჰქონდა — საოცარი შედეგი და მდგომარეობის რადიკალური გაუმჯობესება პაციენტისა და მისი ოჯახისთვის, თუ გავითვალისწინებთ დაავადების სიმძიმეს კვლევაში მონაწილეობამდე.

„ეს კვლევა გვაძლევს მტკიცებულებას იმისა, რომ CAR T-ლიმფოციტები შეიძლება უსაფრთხო და ეფექტიანი მეთოდი იყოს ჰეპატობლასტომისთვის და წარმოაჩენს შემდგომი შეფასების საჭიროებას GPC3+ მყარი სიმსივნეების მქონე პაციენტებში“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, სიეტლის ბავშვთა ჰოსპიტლისა და ვაშინგტონის უნივერსიტეტის პედიატრიული ონკოლოგი ანდრაშ ჰეცეი.

როგორც მკვლევრები შენიშნავენ, ღვიძლის კიბო მსოფლიოში კიბოთი სიკვდილიანობის მესამე მთავარი მიზეზია; შესაბამისად, იმუნოთერაპიული პრეპარატების ამ შტოში პროგრესი წარმოუდგენლად იმედის მომცემია — განსაკუთრებით იმიტომ, რომ ექსპერიმენტულმა CAR T-ლიმფოციტურმა თერაპიამ გამოაჯანმრთელა მყარი სიმსივნის მქონე პაციენტი.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ ეს მხოლოდ ერთი მოხსენებაა ერთ პაციენტზე, ადრეული ფაზის კვლევაში. ახლა საჭიროა ვნახოთ, რა რეაგირება ექნებათ სხვა პაციენტებს GPC3-CAR პრეპარატისადმი.

ტესტირება კვლავ გრძელდება კვლევა CARE-ის ფარგლებში და ასევე მსგავს კლინიკურ ცდაში, სახელად IMPACT, რომელიც სიეტლის ბავშვთა ჰოსპიტალში მიმდინარეობს.

მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ დროთა განმავლობაში უფრო მეტ ასეთ შედეგს ვნახავთ. ამ ეტაპზე, დასაწყისი ძალიან იმედის მომცემია.

კვლევა The New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია texaschildrens.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

მსგავსი