ჩინეთში აღმოჩენილი ნამარხები ადამიანის შორეული წინაპრის შესახებ ახალ ცნობებს გვთავაზობს — #1tvმეცნიერება
ყველა ოჯახს აქვს რაღაც საიდუმლო. გამონაკლისი არც ადამიანთა მოდგმაა. ახლად აღმოჩენილი ნამარხის ანალიზი ორ სიურპრიზს გვთავაზობს ჩვენი წინაპრის, ჰომო ერექტუსის შესახებ.
ეს დაახლოებით იმას ჰგავს, აღმოვაჩინოთ, რომ ჩვენს პაპას საიდუმლო აგარაკი ჰქონდა ტროპიკებში და მან თითქმის 20 წელი კიდევ იცოცხლა მას შემდეგ, რაც ის ყველას მკვდარი ეგონა.
ჰომო ერექტუსი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჰომინინი იყო მსოფლიოში. ამ სახეობამ დაახლოებით ორ მილიონ წელიწადს იარსება და სავარაუდოდ პირველი იყო, ვინც გაარკვია, როგორ გამოეყენებინა ცეცხლი; ასევე მიჩნეულია, რომ მან პირველმა დატოვა აფრიკა.
ჰომო ერექტუსი არიდულ საძოვრებსა სავანებში ცხოვრობდა — ღია სივრცეში, სადაც ხეები მეჩხრად არის. ადრეული პლეისტოცენის ხანაში, გლობალური ნალექების შემცირებამ ამ ჰაბიტატთა ახალ ზონებში გაფართოებას შეუწყო ხელი. მას თან მიჰყვა მრავალი ცხოველიც.
მათ შორის იყო ჰომო ერექტუსი, რომელიც მის რჩეულ ჰაბიტატს გაუყვა და ევრაზიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გავრცელდა. ამ რეგიონებში ის ასეულობით ათასი წლის განმავლობაში აღორძინდა და დასაბამი მისცა რამდენიმე შთამომავალ სახეობას.
თუმცა, როცა გარემო კვლავ შეიცვალა, ჰომო ერექტუსს გაუჭირდა მორგებოდა ჯუნგლებსა და ტროპიკულ ტყეებში ცხოვრებას, რითაც გზა გაუხსნა მის შთამომავალ სახეობებს — მათ შორის ჰომო საპიენსს.
ყოველ შემთხვევაში, მეცნიერებს დიდხანს მიაჩნდათ, რომ ასე იყო. თუმცა, ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულმა ორმა ახალმა პუბლიკაციამ შეიძლება ეს ნარატივი შეცვალოს.
აღმოჩენები მომდინარეობს 18 000-ზე მეტი ძუძუმწოვრის ნამარხისგან შემდგარი საგანძურიდან, რომელიც ორ გამოქვაბულში აღმოაჩინეს — ბასიანსა და ნასიანში, სამხრეთ ჩინეთში. სპილოების, ადამიანის მსგავსი მაიმუნების, პანდების, ტაპირებისა და მარტორქების უძველეს ნაშთებს შორის ჰომინინის ცხრა კბილი აღმოაჩინეს.
ერთ კვლევაში, მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა კბილები დეტალურად შეისწავლა და დაადგინა, რომ რვა მათგანს აქვს ისეთ ნიშან-თვისებათა ერთობლიობა, რომლებიც როგორც წესი, ჰომო ერექტუსის ნიმუშებისთვისაა დამახასიათებელი“.
ამის შემდეგ, ჯგუფმა შეისწავლა ცილები ხუთ კბილში და დაადგინა, რომ ოთხ მათგანს ჰომო ერექტუსთან დაკავშირებული ცილის ნიმუშები ჰქონდა.
თუმცა, იყო ერთი უმნიშვნელო ცვლილება, რამაც მკვლევრები იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ „ეს ნიმუშები წარმოადგენს ჰომო ერექტუსის ისეთ პოპულაციას, რომელიც მანამდე არასდროს ყოფილა შესწავლილი“.
თუმცა, ერთი კბილი სრულად არ ჯდებოდა ამ სურათში — არც მისი ფიზიკური მახასიათებლები და არც ცილოვანი პროფილი არ ემთხვეოდა ჰომო ერექტუსს. ასევე, ის არც ნეანდერტალელსა და არც თანამედროვე ადამიანს უნდა ეკუთვნოდეს.
არის იმის შანსიც, რომ ის დენისოველია — ის არც ცილის ამ მიმდევრობას ემთხვევა, თუმცა, რადგან ამ სახეობის მხოლოდ ერთი საცნობარო გენომია ხელმისაწვდომი, ჯგუფი ამბობს, რომ შესაძლოა, უბრალოდ მონაცემების სიმცირესთან გვქონდეს საქმე.
რა არ უნდა იყოს ეს, უცნაური კბილი იმაზე მიუთითებს, რომ იმ დროს ამ ტერიტორიაზე ჰომო ერექტუსი ერთადერთი ჰომინინი არ ყოფილა.

რაც შეეხება დროს, ერთ-ერთი ყველაზე საოცარი აღმოჩენა ის იყო, რომ ეს კბილები მოსალოდნელზე გაცილებით ახალია. ამ ნამარხებისა და იმ დანალექების რადიომეტრული დათარიღება, რომელბშიც ისინი აღმოაჩინეს — მიუთიტებს, რომ მათი ასაკი 184 000 – 324 000 წელია.
ჩინეთში აღმოჩენილი ჰომო ერექტუსის ნამარხები საკმაოდ მდიდარი და დეტალურია და მილიონზე მეტ წელს მოიცავს, მაგრამ თითქმის სრულად ქრება დაახლოებით 400 000 წლის წინ. ახალი ნიმუშები მიუთითებს, რომ ეს ჰომინინი ამ ტერიტორიაზე იმაზე ბევრად უფრო დიდხანს არსებობდა, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა.
მეორე კვლევაში დეტალურად განიხილეს, თუ როგორ შეძლო ჰომო ერექტუსმა კიდევ რამდენიმე ათასწლეულის განმავლობაში არსებობა. იმ დროისთვის გარემო შეიცვალა — მათთვის სასურველი ღია, ბალახოვანი სივრცეები მკვრივმა ტროპიკულმა ტყეებმა ჩაანაცვლა — გარემომ, რომელიც როგორც მიიჩნევა, მხოლოდ ჰომო საპიენსისთვის იყო შესაფერისი.
ჯგუფმა ზოგიერთ კბილში არსებული იზოტოპები და მიკროელემენტები შეისწავლა, რათა დაედგინა, საიდან იყვნენ მათი მფლობელები და რას მიირთმევდნენ სიცოცხლეში.
მართლაც, მათ კბილებში არსებული ნახშირბადი, ძირითადად, მკვრივი, ჩაკეტილი ვარჯის მქონე ტროპიკული ტყეების მცენარეულობიდან მომდინარეობდა. ეს შეესაბამება სხვა ნამარხ მტკიცებულებებს, რომლებიც მიუთითებს, რომ იმ დროსა და ადგილას სწორედ ასეთი გარემო იყო გაბატონებული.
„ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჰომო ერექტუსს, სულ მცირე, შეეძლო ტროპიკული ტყის ფაუნაში გადარჩენა, მაშინაც კი, თუ ასეთი ჰაბიტატები მის ოპტიმალურ ეკოლოგიურ ნიშას არ წარმოადგენდა“, — წერენ მკვლევრები.
კბილებში არსებული სტრონციუმის იზოტოპების ანალიზმა აჩვენა, რომ ამ არცთუ ხელსაყრელმა გარემომ ხელი არ შეუშალა მათ მოგზაურობის გეგმებს.
როგორც ჩანს, ისინი დროდადრო გადაადგილდებოდნენ და შესაძლოა, ისეთ შორეულ ადგილებამდეც კი აღწევდნენ, როგორიცაა დღევანდელი ჩრდილოეთ ვიეტნამი — დაახლოებით 250 კილომეტრის დაშორებით იმ გამოქვაბულებიდან, სადაც მათი ნაშთები აღმოაჩინეს.
საბოლოო ჯამში, ჩვენი ოჯახის ისტორიის შესახებ ყოველთვის არის სასწავლი რაღაც ახალი — და არც ჩვენი წინაპრების შესაძლებლობები უნდა დავაკნინოთ.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.