ადამიანის შორეულმა წინაპარმა უმკაცრეს გარემო პირობებში გადარჩენის გზას ძალიან დიდი ხნის წინ მიაგნო — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
ადამიანის შორეულმა წინაპარმა უმკაცრეს გარემო პირობებში გადარჩენის გზას ძალიან დიდი ხნის წინ მიაგნო — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ ჩვენი სახეობა უნიკალური იყო მკაცრ კლიმატურ პირობებზე (უმშრალესი უდაბნო თუ გაუვალი ტროპიკული ტყეები) მორგების თვალსაზრისით. თუმცა, როგორც ახალი კვლევა მიუთითებს, სასტიკ გარემო პირობებში ცხოვრებას სულ მცირე ზოგიერთი ჩვენი წინაპარიც მოერგო.

კვლევა საერთაშორისო ჯგუფმა ჩაატარა; ისინი ტანზანიაში, ოლდუვაის ხეობაში მუშაობდნენ. მკვლევრებმა შეისწავლეს გათხრების შედეგად აღმოჩენილი ძვლები, მცენარეთა ნამარხები, დანალექები და ქვის იარაღები.

ამ ნაშთების დეტალური ანალიზის გამოყენებით შექმნეს თანამედროვე ადამიანის პირდაპირი წინაპრის, ჰომო ერექტუსის კლიმატი და აქტივობები. ნიშნები მიუთითებს ჰიპერარიდულ, შედარებით არახელსაყრელ გარემოზე, რომელშიც ჰომინინების ეს უძველესი სახეობა არა მხოლოდ ცხოვრობდა, არამედ რამდენჯერმე დაბრუნდა კიდეც.

„ჩვენ მიერ შესწავლილი ბიოგეოქიმიური, პალეოგარემოებითი და არქეოლოგიური მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ადრეულ ჰომოს ჰქონდა მრავალფეროვან და არასტაბილურ გარემოსთან მორგების უნარი, აღმოსავლეთ აფრიკის რიფტული ხეობიდან აფრომონტანის რეგიონებამდე, ჯერ კიდევ ორი მილიონი წლის წინ“, — ამბობს ავსტრალიის გრიფიტის უნივერსიტეტის ანთროპოლოგი და არქეოლოგი მაიკლ პეტრაგლია.

ჰომო ერექტუსი

მაგალითად, ნახშირის მიკროსკოპული ნარჩენების დახმარებით მკვლევრებმა განსაზღვრეს, როდის და სად ხდებოდა ტყის ხანძრები. დანალექების ანალიზით კი დაადგინეს მდინარეებისა და ტბების ცვლილებები.

ოლდუვაის ხეობაში აღმოჩენილი ქვის იარაღები გვეუბნება, როგორ ნადირობდნენ და მუშაობდნენ ჩვენი ადრეული წინაპრები, ცხოველთა ძვლების ნაშთები კი მოგვითხრობს, რომელ ცხოველებს ხოცავდნენ და როგორ.

მთლიანობაში, მტკიცებულებები მიუთითებს, რომ უძველეს ჰომინინებს საკმარისი რესურსები ჰქონდათ, რათა ეპოვათ ჭამის, სმისა და უდაბნოში გადარჩენის გზები. გამოდის, რომ ადაპტირებადობა მხოლოდ ჰომო საპიენსის ექსკლუზივი არ არის.

„ეს ადაპტირებადი პროფილი, რომელიც არიდულ (მშრალ) ზონებში მდგრადობით გამოირჩევა, ეჭვქვეშ აყენებს მოსაზრებას ადრეულ ჰომინინთა გავრცელების ლიმიტებისა და ჰომო ერქტუსის პოზიციების შესახებ — მრავალმხრივ გენერალისტი და პირველი ჰომინინის, რომელმაც გლობალური მასშტაბით გადალახა გარემოებითი საზღვრები“, — აღნიშნავს პეტრაგლია.

ჰომო ერექტუსი, როგორც ერთ-ერთი სახეობა თანამედროვე ადამიანის რამდენიმე წინამორბედთაგან, პირველი ჩვენი შორეული წინაპარი იყო, რომელსაც ჩვენი სახეობის მსგავსი ანატომიური პროპორციები განუვითარდა. ასევე პირველი იყო, რომელიც დიდი ოდენობით გამოვიდა აფრიკიდან; ამ ხალხმა პლანეტის ძალიან დიდ ნაწილზე გაძლო 1,5 მილიონ წელიწადზე მეტხანს, საბოლოოდ კი დაახლოებით 110 000 წლის წინ გადაშენდა.

მართალია, ჩვენს სახეობას ცუდ გარემო პირობებში გადარჩენისა და გავრცელების გარკვეული უპირატესობები ჰქონდა, მაგრამ როგორც ჩანს, საკმარისად არ იყო შეფასებული აფრიკის სიცხეში ჰომო ერექტუსის გადარჩენის უნარებიც.

„ასეთმა მორგებადობამ გააადვილა ჰომო ერექტუსის გავრცელება აფრიკისა და ევრაზიის არიდულ რეგიონებში, რამაც ხელახლა განსაზღვრა მათი, როგორც ეკოლოგიური გენერალისტების როლი შუა პლეისტოცენის ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე რთულ ლანდშაფტებში“, — ამბობს კანადის მანიტობის უნივერსიტეტის გეოლოგი პოლ დარკინი.

კვლევა Communications Earth & Environment-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.griffith.edu.au-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.