ადამიანის წინაპრებმა ცეცხლის გამოყენება შეიძლება იმაზე გაცილებით ადრე იცოდნენ, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

16:17, 23.06.2026

როცა საქმე ეხება ისეთ ფენომენებს, რომლებმაც შეიძლება ადამიანის ისტორიის მსვლელობა შეცვალეს, ცეცხლი უდავოდ სიის სათავეში უნდა იყოს.

უკონტროლოდ ის გამანადგურებელია — მაგრამ როცა ადამიანმა მისი მოპოვება და კონტროლი ისწავლა, ცეცხლი ისეთი იარაღი გახდა, რომლის მსგავსიც ჯერ არ ჰქონოდა.

სიცივეში გვათბობს, ამზადებს ჩვენს საჭმელს, ენერგიით ამარაგებს ძრავებს, ნედლეულს კი თითქმის ყველაფრად გარდაქმნის, კერამიკითა და მინით დაწყებული, ლითონით დამთავრებული.

თუმცა, არქეოლოგიაში დღემდე ერთ-ერთ უდიდეს კითხვად რჩება, თუ როდის დაიწყეს პირველად ადამიანის წინაპრებმა ცეცხლის გამოყენება.

ახლახან, ჩვენს უძველეს წინაპართა მიერ გამოქვაბულში დატოვებული დეტრიტის (ორგანული წარმოშობის ნარჩენები ქანებში) კვლევამ ეს ქრონოლოგია ასეულობით ათასი წლით უკან გადასწია.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ვონდერვერკის გამოქვაბულში მცხოვრებმა ადრეულმა ადამიანებმა, სავარაუდოდ ჰომო ერექტუსებმა 1,07 – 179 მილიონი წლით დათარიღებულ დანალექებში დატოვეს ცეცხლის მრავალგზის გამოყენების ნიშნები. ამის შესახებ იუწყება მკვლევართა ჯგუფი, რომელსაც არგენტინის სამხრეთის ეროვნული უნივერსიტეტის პალეობიოლოგი მარია დოლორეს მარინ-მონფორტი ხელმძღვანელობდა.

მკვლევრებმა ცეცხლის მტკიცებულებები გამოქვაბულში, ათეულობით მეტრის სიღრმეში იპოვეს ნასახლარის სხვა ნიშნებთან ერთად — გაცილებით უფრო ღრმად, ვიდრე იქ რაიმე ბუნებრივი ტყის ხანძარი შეაღწევდა.

„ეს აღმოჩენები გვაჩვენებს, რომ ადრეული ადამიანები ბუნებრივი ცეცხლის უბრალო დამკვირვებლები არ იყვნენ. ისინი აქტიურად ურთიერთობდნენ ცეცხლთან და იყენებდნენ მას თავიანთ ცხოვრებაში“, — ამბობს იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის არქეოლოგი ლიორა კოლსკა ჰორვიცი.

ვონდერვერკის მღვიმე კალაჰარის უდაბნოს სიღრმეში მდებარეობს და ადამიანის ადრეული ისტორიის ფასდაუდებელი დროის კაფსულაა.

წინა კვლევებში უკვე დადასტურდა, რომ ის მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი არქეოლოგიური ძეგლია, სადაც ადრეული ადამიანები დაახლოებით 1,8 მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ — დახურულ სივრცეში ადამიანთა ბინადრობის ყველაზე ძველი მტკიცებულება ჩვენთვის ცნობილთა შორის.

ამ კვლევებში ასევე გამოვლინდა ცეცხლის გამოყენების მტკიცებულებები დანალექებში, რომლებიც დაახლოებით მილიონი წლით თარიღდება.

ამჯერად, ჭკვიანურმა, არაინვაზიურმა ტექნოლოგიამ გაცილებით მეტი რამ გამოავლინა.

გამოქვაბულში გათხრების შედეგად აღმოჩენილია ცხოველთა ძვლების საკმაოდ დიდი კოლექცია. ზუსტად ისე, როგორც ქვიშას და ქვას ცვლის, გაცხელება ძვლის ქიმიურ სტრუქტურასაც ცვლის.

ეს კი თავის მხრივ ცვლის იმას, თუ როგორ ურთიერთქმედებს ძვალი სინათლესთან.

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ წინ ორი ძვალი დევს. ერთი ცეცხლის მიერაა გაცხელებული, მეორე არა, მაგრამ ვინაიდან ორივე მათგანი 1,5 მილიონი წლის განმავლობაში იყო გამოქვაბულში ჩამარხული, ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება.

მაგრამ როცა ორივეს ცისფერ სინათლეს დააშუქებ და ფილტრს გამოიყენებ, რომელიც ცისფერი სინათლის არეკვლას ბლოკავს, ერთი ძვალი წითელ ნათებას გამოსცემს.

იმიტომ, რომ სიცხემ ძვლის სტრუქტურა შეცვალა. ის ცისფერ სინათლეს შთანთქავს და ხელახლა გამოყოფს წითლის სახით (ამ ფენომენს ფლუორესცენცია ეწოდება), გაუცხელებელი ძვალი კი მუქი რჩება.

„ჩვენ მიერ შექმნილი მეთოდოლოგია გვაძლევს საშუალებას, რომ დამწვარი ნამარხები გავარჩიოთ იმათგან, რომლებმაც განამარხების დროს ქიმიური ცვლილებები განიცადეს, როგორიცაა ფტორირება ან მანგანუმის დეპონირება, რასაც შეუძლია ვიზუალურად მიჰბაძოს ცეცხლის ეფექტებს. გავაუმჯობესეთ რეზოლუცია, რომლითაც შეგვიძლია გამოვავლინოთ დამწვარი ნამარხები ძალიან ძველ კონტექსტში“, — ამბობს ესპანეთის ბუნების მეცნიერებათა ეროვნული მუზეუმის გეოლოგი იოლანდა ფერნანდეს-ხალვო.

თავად ძვლები, აუცილებლად ჰომო ერექტუსი მცხოვრებლების მიტანილი არ იყო — ბევრი მათგანი მიკრონამარხები იყო, რომლებიც სავარაუდოდ იქ ბუებმა შეიტანეს და დაამსხვრიეს.

მკვლევრებს ასევე უნდა ეჩვენებინათ, რომ სავარაუდოდ, ადრეული ადამიანები ამაში მონაწილეობდნენ და დაწვა ბუნებრივი პროცესის შედეგი არ იყო.

მთავარი მინიშნება გახდა გამოქვაბულში დამწვარი ნარჩენების ადგილმდებარეობა. ისინი იპოვეს ადრეულ ადამიანთა იქ ყოფნის სხვა მტკიცებულებებთან ახლოს, შესასვლელიდან საკმაოდ შორს. ამავე დროს, მტკიცებულება არ იყო საკმარისად გავრცელებული იმისათვის, რათა ბუნებრივად გაჩენილ ცეცხლზე მიეთითებინა.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამოქვაბულის მცხოვრებლებმა ცეცხლის ანთება იცოდნენ — არამედ მიუთითებს, რომ მათ მისი გამოყენება იცოდნენ.

„ცეცხლი იქ ერთჯერადად არ ყოფილა, რადგან ის სხვადასხვა სტრატიგრაფიულ ფენაში ჩნდება, რომელთაც ერთმანეთისგან ათეულობით ათასი წელი აშორებს; ეს კი აძლიერებს იდეას, რომ მათ უკვე იცოდნენ, როგორ გადაეტანათ და შეენახათ ცეცხლი დაცულ სივრცეებში“, — ამბობს ფერნანდეს-ხალვო.

კვლევა ჟურნალ PLOS One-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია mncn.csic.es-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

მსგავსი