ადამიანის ერთ-ერთი უძველესი სახეობის საკამათო ისტორია ახალმა კვლევამ კიდევ უფრო გაართულა — #1tvმეცნიერება
უძველესი ადამიანის მთელი ერთი სახეობა, Homo naledi, ჩვენთვის ცნობილია 2013 წელს სამხრეთ აფრიკაში მხოლოდ ერთ ადგილას აღმოჩენილი ეგზემპლარებით.
პირველად, 15 ინდივიდი აღმოაჩინეს რაისინგ-სტარის გამოქვაბულთა სისტემაში. ამჟამად არქეოლოგებს ამ უძველესი ადამიანის სულ მცირე 20 ეგზემპლარი აქვთ; ისინი დაახლოებით 236 – 335 000 წლის წინ ცხოვრობდნენ.
მათ კბილებში შემორჩენილი უძველესი ცილების ახალი კვლევა მიუთითებს, რომ ამ ძეგლზე აღმოჩენილ ძვლებს შორის უცნაურად ცოტა ეკუთვნით კაცებს და შესაძლოა, ყველა ძვალი ქალის იყოს.
თუ ასეა, შეიძლება ამან მეტი წონა შესძინოს საკამათო თეორიას იმის თაობაზე, რომ რაისინგ-სტარი შეიძლება წარმოადგენდეს ადამიანის განზრახ დამარხვის რიტუალების ჩვენთვის ცნობილ ყველაზე ადრეულ მტკიცებულებას.
H. naledi-ს წარმომადგენელ ინდივიდთა სქესი მკვლევრებმა გამოიკვლიეს ადამიანის Y ქრომოსომის მიერ დაშიფრული ცილისთვის უნიკალური პეპტიდების არსებობის საფუძველზე, რომელიც განმარხებული კბილების ემალშია შემორჩენილი.
ამელოგენინ X წარმოდგენილია ორივე ბიოლოგიურ სქესში, რადგან ორივეს აქვს X ქრომოსომები (მდედრებს ორი, მამრებს კი ერთი). თუმცა, ამელოგენინ Y დაკავშირებულია Y ქრომოსომასთან და მამრობით ბიოლოგიურ სექსთან.
კბილის ემალის ყველა შესწავლილი ნიმუშიდან ერთიც კი არ შეიცავდა ამელოგენინ Y-ის ხელწერას.
როგორც ასტრონომმა კარლ სეიგანმა ერთხელ თქვა: „მტკიცებულების არარსებობა არ ნიშნავს არარსებობის მტკიცებულებას“.
ამ ანალიზებზე დაყრდნობით არ არსებობს გზა ვიცოდეთ, რომ რაისინგ-სტარის მღვიმეში აღმოჩენილ ყველა ინდივიდს ჰქონდა მდედრის ქრომოსომის მახასიათებელი XX — ნიმუშებს მხოლოდ ამელოგენინ Y-ისთვის უნიკალური ეს პეპტიდები აკლია.
როგორც მკვლევართა ჯგუფი აღნიშნავს, ამელოგენინ Y-ის არარსებობა შეიძლება რამდენიმე გზით აიხსნას — ამ ჯგუფის ყველა წევრი მართლაც მდედრია; ანდაც H. naledi-ს ამ პოპულაციაში მამრებს ეს გენი რაღაც მიზეზის გამო აკლდათ.
„ნებისმიერ ამ სცენარს ძალიან საინტერესო შედეგები ექნებოდა H. naledi-ს ბიოლოგიასა და ევოლუციაზე“, — წერენ მკვლევრები.
მკვლევართა მიერ ჩატარებული სტატისტიკური ანალიზი მიუთითებს, რომ უდიდესია ალბათობა იმისა, ამ ძეგლზე აღმოჩენილ ინდივიდთა უმეტესობა მდედრი ყოფილიყო.
ეს მაინც არ ითვლება დადებით დადასტურებად. მაგრამ უძველესი დნმ-ისთვის, რომელიც იმ დროს, დიდი ხნის განმავლობაში გაბატონებულ ცხელ კლიმატს გადაურჩა, ამელოგენინ X-ისა და Y-ის ეს პეპტიდური ხელწერები ამჟამად ხელმისაწვდომი ერთადერთი ბიომოლეკულური მინიშნებებია ამ უძველეს ადამიანთა სექსის განსასაზღვრად.

„სხვა ნაშთებში, მაგალითად ძვლის ფრაგმენტებში აღმოჩენილისგან განსხვავებით, კბილის ემალში ცილები ინახება ემალის გამო — ადამიანის სხეულის ყველაზე მტკიცე ქსოვილის, რომელიც ცილებს გარემოს მხრიდან დაბინძურებისგან იცავს მილიონობით წლის განმავლობაშიც კი“, — ამბობს კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ევოლუციური ანთროპოლოგი პალესა მადუპე.
მისი განცხადებით, ამის გამო, ემალი უძველესი პერიოდის გენეტიკური ინფორმაციის იდეალური მატარებელია.
„ჩვენი კვლევა გვეხმარება, ამოვხსნათ დიდი ხნის საიდუმლო იმის თაობაზე, თუ რატომ აკლია Homo naledi-ს მნიშვნელოვანი ვარიაცია; სავარაუდოდ იმიტომ, რომ ყველა მათგანი ერთ სქესს მიეკუთვნებოდა“, — ამბობს იგი.
თუკი ჩვენ მიერ აღმოჩენილი H. naledi-ს ყველა ეგზემპლარი მდედრია, მაშ სად არიან მამრები? რამდენადაც ვიცით, ადამიანის გამრავლება დამოკიდებულია ორივე სქესიდან თითო გამეტაზე.
სავარაუდოა, რომ H. naledi-ს კულტურა თავიანთ მიცვალებულებს სქესის მიხედვით, სხვადასხვა ადგილებზე კრძალავდა (თუმცა, ექსპერტებს შორის ჯერ ისიც კამათის საგანია, მარხავდნენ თუ არა ისინი მიცვალებულებს მიზანმიმართულად).
თუ ეს სასაფლაოა, მაშინ გამოდის, რომ რაისინგ-სტარის მღვიმეში მდედრებს მარხავდნენ. იმალება თუ არა სადმე მიწისქვეშ მეორე სამარხი მღვიმეც, სადაც მხოლოდ მამრები არიან დამარხული?
ზოგიერთი მეცნიერის მტკიცებით, ვინაიდან H. naledi-ს შედარებით პატარა თავის ტვინი ჰქონდა, არ უნდა შეძლებოდა ასეთი კომპლექსური კულტურული პრაქტიკა.

სხვები კი, მათ შორის ჯგუფი, რომელმაც რაისინგ-სტარის მღვიმის აღმოჩენები აღწერა, ამბობენ, რომ ტვინის ზომას მნიშვნელობა არ აქვს. პალეონტოლოგები, რომლებიც H. naledi-ს კვლევებში ჩართული არ არიან, ეჭვქვეშ აყენებენ მტკიცებულებათა სისრულეს და ამბობენ, რომ ისინი დამაჯერებელი არ არის.
პალეონტოლოგი ლი ბერგერი, რომელიც ახალ კვლევაშიც იყო ჩართული, წინა პუბლიკაციაში აღნიშნავდა, რომ H. naledi მართლაც მისდევდა მიზანმიმართული დამარხვის პრაქტიკას, რასაც სხვა მკვლევრები კატეგორიულად არ ეთანხმებოდნენ.
ახალ კვლევაში ასეთი თამამი პრეტენზიები არ არის და ნათქვამია, რომ დამატებითი მტკიცებულებებია საჭირო იმის დასადასტურებლად, თუ როგორ მოქმედებს ეს ყველაფერი დაკრძალვის თეორიაზე.
ამიტომ, ღირს ამ ნიმუშებში Y-შეკავშირებული პეპტიდების არარსებობის კიდევ ერთი შესაძლო ახსნის შესწავლა.
ამ ინდივიდებში არსებული ცილების მიმდევრობების ნიმუშები მიუთითებს, რომ პოპულაციას ძალიან დაბალი გენეტიკური მრავალფეროვნება ჰქონდა და სავარაუდოდ, მათზე გავლენა მოახდინა იზოლაციამ და/ან ინბრიდინგმა (შეჯვარება ახლო მონათესავე ინდივიდებს შორის).
ამან შეიძლება განაპირობა ამელოგენინ Y გენის გენეტიკური მუტაცია ან ამოშლა — მუტაცია, რომელიც ადვილად გავრცელდებოდა გენეტიკური „ბოთლის ყელის“ გზით.
თუ მართლაც ასე იყო, რაისინგ-სტარის ზოგიერთი ინდივიდი შეიძლება მამრი ყოფილიყო — მათ უბრალოდ არ გააჩნდათ ის მახასიათებლები, რომლებსაც არქეოლოგები ამჟამად იყენებენ მათი კლასიფიცირებისთვის.
„ამ ჯგუფში მამრის მარკერის არარსებობა ნამდვილად გასაოცარია. საოცრად ამაღელვებელია, გახსნა ფანჯარა არა მხოლოდ ჩვენი წინაპრების ბიოლოგიაში, არამედ მათ ცხოვრებაშიც. ეს აღმოჩენები იშვიათ ცნობებს გვთავაზობს კულტურის შესახებ, რომელთან პირდაპირ მიწვდომაც ამ დრომდე რთული იყო. უძველესი ცილების ანალიზში წინსვლა კარს დიდად გვიხსნის უძველეს ჰომინინთა უფრო დეტალურად შესასწავლად“, — ამბობს მარკ დიკინსონი, ნამარხების ქიმიკოსი ბრიტანეთის იორკის უნივერსიტეტიდან.
კვლევა ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.