ტოქსიკური აირი, რომელმაც შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე გვაპოვნინოს
ტოქსიკური აირი, რომელმაც შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე გვაპოვნინოს

სახლში დამონტაჟებული ნახშირჟანგის (CO) დეტექტორების მიზანია გაგვაფრთხილოს, როცა ეს უფერო, უსუნო, სასიკვდილო აირი სახიფათო ნიშნულს მიაღწევს. ასტრონომებს დიდი ხნის განმავლობაში სჯერათ, რომ პლანეტის ატმოსფეროში აკუმულიებული ნახშირჟანგის არსებობა უსიცოცხლობის უტყუარი ნიშანი უნდა ყოფილიყო. თუმცა ამჯერად, მკვლევართა ჯგუფი სრულიად საპირისპიროს ირწმუნება — ნახშირჟანგის კოსმოსურმა დეტექტორებმა შესაძლოა გვამცნონ, რომ შორეულ პლანეტაზე სიცოცხლის მარტივი ფორმები არსებობს.

კვლევის ავტორის, ედუარდ შვაიტერმენის განცხადებით, ორ წელიწადში გაეშვება ნასას ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი, რომელსაც კლდოვანი ეგზოპლანეტების ატმოსფეროს ანალიზი შეეძლება.

კვლევის ფარგლებში, ჯგუფმა გამოიყენა ბიოსფეროსა და ატმოსფეროს ქიმიის კომპიუტერული მოდელები, რათა გამოევლინათ ორი დამაინტრიგებელი სცენარი, რომლებშიც ნახშირჟანგი უპრობლემოდ აკუმულირდება ცოცხალ პლანეტათა ატმოსფეროებში.

პირველ სცენარში, ჯგუფმა პასუხი ჩვენი პლანეტის ძალიან შორეულ წარსულში იპოვა. თანამედროვე, ჟანგბადით მდიდარ დედამიწაზე, ნახშირჟანგის აკუმულირება შეუძლებელია, რადგან ამ აირს სწრაფად ანადგურებს ატმოსფეროში მიმდინარე ქიმიური რეაქციები. თუმცა, სამი მილიარდი წლის წინ, დედამიწა სულ სხვაგვარი იყო. ოკეანეები უკვე სავსე იყო მიკრობული სიცოცხლით, მაგრამ ატმოსფეროში თითქმის არ იყო ჟანგბადი, მზე კი გაცილებით მკრთალად ანათებდა.

ჯგუფის მოდელმა გამოავლინა, რომ ცოცხალი დედამიწის ამ უძველეს ვერსიას შეეძლო შეენარჩნებინა ნახშირჟანგის დონე დაახლოებით 100 ერთეული მილიონზე (ppm) მაჩვენებლით, რაც გაცილებით დიდია დღევანდელ მაჩვენებელზე.

კვლევის თანაავტორის, ტიმოთი ლიონსის განცხადებით, შესაძლოა ეს იმას ნიშნავდეს, რომ ჩვენი მზის მსგავს ვარსკვლავებთან არსებულ ცოცხალ, მაგრამ ჟანგბადით მწირ პლანეტათა ატმოსფეროებში უნდა ველოდოთ ნახშირჟანგის სიუხვეს. მისი თქმით, დედამიწის წარსულის გამოყენება ბრწყინვალე საშუალებაა სამყაროს მასშტაბით სიცოცხლის საძიებლად.

ნახშირჟანგის კონცენტრაციისთვის მეორე სცენარი უფრო ხელსაყრელია — ფოტოქიმია პროქსიმა კენტავრის მსგავს წითელ ჯუჯა ვარსკვლავთა გარშემო. ეს ვარსკვლავი მზის უახლოესი მეზობელია და მდებარეობს მისგან მხოლოდ 4,2 სინათლის წლის მანძილზე. ჯგუფის მოდელის პროგნოზის მიხედვით, თუკი ასეთი ვარსკვლავის გარშემო მოძრავი პლანეტა ჟანგბადით მდიდარია და სიცოცხლე არსებობს, უკიდურესად მაღალი უნდა იყოს ნახშირჟანგის კონცენტრაცია.

ედუარდ შვაიტერმენის განცხადებით, ამ პლანეტათა სხვადასხვა ასტროფიზიკური კონტექსტიდან გამომდინარე, სულაც არ იქნება გასაკვირი აღმოჩნდეს, რომ მიკრობული ბიოსფერო ხელს უწყობდეს ნახშირჟანგის მაღალ დონეს. თუმცა, ეს ადგილი ხელსაყრელი ნამდვილად არ იქნებოდა დედამიწაზე არსებულის მსგავსი ცხოველური სიცოცხლისათვის.

პროქსიმა კენტავრისა და სხვა ვარსკვლავების გარშემო, სასიცოცხლო ზონაში აღმოჩენილია დედამიწის ზომის კლდოვანი პლანეტები; შესაძლოა, იქ თხევადი წყალიც იყოს — სიცოცხლის მთავარი ინგრედიენტი. ასეთი პლანეტები ერთ-ერთი სამიზნეა ჯეიმს ვების უმძლავრესი კოსმოსური ტელესკოპისა, რომლის გაშვებაც 2021 წლის მარტში იგეგმება.

მსგავსი სამომავლო მისიების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება ატმოსფერულ აირთა კომბინაციბის კატალოგიზაცია, რაც შესაძლოა, პლანეტაზე არსებული სიცოცხლის ნიშანი, ე. წ. ბიოხელწერის აირები იყოს. ზოგიერთი აირი, მათ შორის ნახშირჟანგი, წარსულში „ანტიბიოხელწერად“ მიიჩნეოდა, მტკიცებულებად, რომ პლანეტა უსიცოცხლო იყო. თუმცა, ასეთი შეხედულება მართებულია მხოლოდ სპეციფიკურ შემთხვევებში.

კვლევის ავტორის, ედუარდ შვაიტერმენის განცხადებით, მართალია, ეგზოპლანეტათა ფოტოქიმიური მოდელირება, მათ შორის ნახშირჟანგისაც — სხვა კვლევებმაც მოახდინა, მაგრამ ასეთი სისტემური გზით არავის გაუმახვილებია მთავარი აქცენტი დედამიწის მსგავს პლანეტებზე არსებულ ნახშირჟანგზე. მისი თქმით, ახლა უკვე გვაქვს სახელმძღვანელო, რომლითაც განვსაზღვრავთ, ნახშირჟანგის რა დონეა თავსებადი ფოტოსინთეთიკური ბიოსფეროსათვის.

მომზადებულია phys.org-ის მიხედვით.