ახალი ოპტიკური მოწყობილობა, რომელმაც შესაძლოა, უცხო პლანეტებზე მცენარეული სიცოცხლე დააფიქსიროს
ახალი ოპტიკური მოწყობილობა, რომელმაც შესაძლოა, უცხო პლანეტებზე მცენარეული სიცოცხლე დააფიქსიროს

ახალი ოპტიკური ინსტრუმენტი მცენარეულ ორგანიზმებს კილომეტრობით მანძილიდან დააფიქსირებს, ცოცხალი ორგანიზმების მიერ სინათლის არეკვლის მეთოდით. ერთ მშვენიერ დღესაც, ის შესაძლოა, დიდად დაგვეხმაროს დედამიწის მიღმა სიცოცხლის ძებნაში. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება.

სამუშაო პროტოტიპ მოწყობილობას „ტრიპოლ“ (TreePol) სპექტროპოლარიმეტრს უწოდებენ, წარმოადგენს ნიდერლანდელი ბიოლოგის, ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის მკვლევრის, ლუკას პეტის წლობით დაუღალავი შრომის შედეგს. თუკი მისი თამამი ხედვა რეალობად იქცევა, ერთ მშვენიერ დღესაც, ცირკულარულად პოლარიზებული სინათლე შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლის პოვნაში დაგვეხმაროს.

ახალ კვლევასა და სადოქტორო დისერტაციაში, პეტი აღწერს, რა გავლენას ახდენს კირალურობის ფენომენი ბიოლოგიურ სისტემებში სინათლის არეკვლის გზებზე, რაც იწვევს სინათლის ფრაქციულ ცირკულარულ პოლარიზებას, რომელიც „შედგება ცალსახა ბიოხელწერისგან“.

ამ სახის ბიომარკერების კვლევა, რომელსაც პეტი 2015 წლიდან განაგრძობს, იწყება ინსტრუმენტებით, რომლებსაც შეუძლია ლაბორატორიის სუროსა და ფიკუსის ფოთლებიდან არეკლილი სინათლის ბრუნვის დაფიქსირება.

ერთი ნაბიჯით წინ წაწევის მიზნით, მან ტრიპოლ სპექტროპოლარიმეტრი გარეთ მოსინჯა. მოწყობილობა მოათავსა სახურავზე და დააკვირდა, შეძლებდა თუ არა ის ახლომდებარე უნივერსიტეტის საფეხბურთო მოედნის ბალახის დაფიქსირებას.

მისდა გასაკვირად, სიგნალები არ დაფიქსირდა, მაგრამ როგორც შემდეგ გაირკვა, ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ ხელსაწყო არ მუშაობდა. ადგილზე მისვლის შემდეგ, პრეტის ხელოვნურსაფარიანი მოედანი დახვდა.

გამომდინარე იქიდან, რომ ხელოვნური ბალახი ცოცხალი ორგანიზმი არაა და არ აღენიშნება ჰომოკირალურობა (ანუ, ყველა მოლეკულას უნდა ჰქონდეს ერთნაირი გადაცემა) მოლეკულურ დონეზე. ის არ წარმოქმნის იმ სიგნალებს, რომლებსაც ტრიპოლ სპექტროპოლარიმეტრი ეძებდა. ასეა მკვდარი ორგანიზმების უმეტესობის შემთხვევაშიც.

თუმცა, კარგად მუშაობს ცოცხალი ხეები და ბალახი. ტესტირებისას, პეტის მოწყობილობამ წარმატებით დააფიქსირა ცირკულარულად პოლარიზებული სინათლის სიგნალი რამდენიმე კილომეტრის მანძილიდან.

სიცოცხლის შორიდან დაფიქსირებაზე მომუშავე მეცნიერებმა მსგავსი სისტემა ადრეც შექმნეს.

პეტის განცხადებით, ამ სახის ტექნოლოგია შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღესაც მკვლევრებს დაეხმაროს, რომ სასოფლო-სამეურნეო მცენარეულობა საჰაერო ხომალდიდან ან თანამგზავრიდან აკონტროლონ. შესაძლებელია კიდევ უფრო შორს წასვლაც.

„ასტრობიოლოგიის კონტექსტში, ბიომოლეკულების ცირკულარული პოლარიზაცია მძლავრი ბიოხელწერაა. ზედაპირის სხვა ბიოხელწერებისგან განსხვავებით, არაცოცხალი მატერია მნიშვნელოვან სიგნალებს არ წარმოქმნის და შესაბამისად, შეცდომა გამორიცხულია“, — წერს პრეტი კვლევაში, რომელიც მალე გამოქვეყნდება ჟურნალ Astrobiology-ში.

ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი ტექნოლოგიის დასახვეწად და მისი შესაძლებლობების გასაზრდელად. მკვლევართა აზრით, ეს იქნება მნიშვნელოვანი ზღურბლი, რომელსაც ასტრობიოლოგიური მეცნიერება გადააბიჯებს.

მკვლევართა განცხადებით, მიღებული შედეგები ხაზს უსვამს ცირკულარული პოლარიზაციის პოტენციურ მნიშვნელობას როგორც არამიწიერი სიცოცხლის ძებნაში, ისე დედამიწაზე, მცენარეულობის შორიდან დაკვირვებისათვის.

მათივე თქმით, შემდეგი ნაბიჯი იქნება ამ ტექნოლოგიის გატესტვა ეგზოპლანეტარულ მოდელებზე, რომლებსაც რეალისტური კომპონენტები ექნებათ, მაგალითად, სხვადასხვანაირი ზედაპირები და ღრუბლები, პარალელურად, კიდევ უფრო დახვეწის მიზნით, გაგრძელდება ლაბორატორიული კვლევებიც.

მომზადებულია nwo.nl-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი