თავის ტვინის ახალი იმპლანტის ჩადგმის შემდეგ, სრულად პარალიზებულმა მამაკაცმა კომუნიკაცია კვლავ შეძლო — #1tvმეცნიერება
თავის ტვინის ახალი იმპლანტის ჩადგმის შემდეგ, სრულად პარალიზებულმა მამაკაცმა კომუნიკაცია კვლავ შეძლო — #1tvმეცნიერება

ერთ მშვენიერ დღეს, მიკროჩიპების წყვილმა ფსევდოკომაში მყოფ ადამიანებს შეიძლება კომუნიკაციის უნარი დაუბრუნოს. ამას ახალი სამეცნიერო მიღწევა მიუთითებს.

პირველად ისტორიაში, 34 წლის პაციენტში, რომელიც ყველაზე ციცქნა კუნთებსაც კი ვერ ამოძრავებდა, გამოიყენეს ტექნოლოგია, რათა ოჯახისთვის რამდენიმე ძვირფასი სიტყვა ეთქვა, თუნდაც თვალების მცირე, გამიზნული გამოძრავებით.

ასეთივე მოწყობილობები წარსულში გამოყენებულია სწრაფად პროგრესირებადი ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის (ALS) მქონე პაციენტებზე, რათა მათ უკიდურესად შეზღუდული მოძრაობებით გამოეხატათ მარტივი მესიჯები; თუმცა, მკვლევრები ამბობენ, რომ ზემოთ ხსენებული კაცის შემთხვევაში, ამ ტექნოლოგიამ მნიშვნელოვანი წინსვლა აჩვენა.

„ჩვენი კვლევა პირველია, რომელმაც კომუნიკაციას მიაღწია ადამიანში, რომელსაც ნებაყოფლობითი მოძრაობის უნარი აღარ ჰქონდა“, — ამბობს შვეიცარიის ვის ცენტრის ნეირომეცნიერი იონას ციმერმანი.

ფსევდოკომას ადამიანის ჩაკეტვის სინდრომსაც უწოდებენ, რადგან ასეთ პაციენტებს არ შეუძლიათ სიარული და ლაპარაკი, მაგრამ არიან სრულ გონებაზე, ხედავენ, ესმით, გრძნობენ გემოს, სუნს, ფიქრობენ და გრძნობენ.

თუმცა, ვერ ამოძრავებენ პირს და ენასაც კი და შესაბამისად, კომუნიკაცია ძლიერ შეზღუდულია. თვალების მოძრაობა მაინც რომ შეეძლოთ, თვალის გუგებით ხანდახან რამეს მაინც მიახვედრებდნენ გარშემომყოფებს, მაგრამ ზოგიერთ გართულებულ შემთხვევაში, კომუნიკაციის ეს საბაზისო ფორმაც კი მიუწვდომელია.

სწორედ ასეთი პაციენტი იყო ახალ კვლევაში მონაწილე მამაკაცი. დაავადების დიაგნოზის დასმიდან რამდენიმე თვეში, მან სიარულისა და ლაპარაკის უნარი დაკარგა. ერთი წლის შემდეგ, პაციენტი ვენტილატორზე მოათავსეს, რათა ესუნთქა. კიდევ ერთი წლის შემდეგ კი მან მზერის ფიქსირების უნარიც დაკარგა.

ასეთმა უკიდურესმა იზოლაციამ პაციენტს და მის ოჯახს მოწინავე ექსპერიმენტში მონაწილეობა აიძულა.

ვიდრე პაციენტი თვალების მოძრაობის უნარს დაკარგავდა, დათანხმდა ქირურგიულ პროცედურას, რომლითაც მისთვის ორი მიკროჩიპი უნდა ჩაედგათ ტვინის იმ ნაწილში, რომელიც კუნთების მოძრაობას აკონტროლებს.

თითოეული ჩიპი აღჭურვილი იყო ნემსის მსგავსი 64 ელექტროდით, რომლებსაც მისი გადაადგილების ცნობიერი მცდელობები უნდა შეეგროვებინა. ტვინის ეს აქტივობა შემდეგ იგზავნება კომპიუტერში, რომელიც იმპულსებს „დიახ“ და „არა“ სიგნალებად თარგმნის.

წარსულში, ტვინის ასეთივე იმპლანტებმა ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის მქონე ზოგიერთ პაციენტს კომპიუტერზე აკრეფის პროგრამით კომუნიკაციის საშუალება მისცა. თუმცა, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამ დიაგნოზის პაციენტმა, რომელსაც თვალების გამოყენების უნარი არ ჰქონდა, მსგავსი რამის გაკეთება შეძლო.

„ნამდვილად ვეჭვობდით, იქნებოდა თუ არა ეს შესაძლებელი“, — ამბობს თავის ტვინისა და კომპიუტერის ურთიერთობის მკვლევარი მარისკა ვანსტინსელი, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა.

მეთოდს თვეობით ვარჯიში დასჭირდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც პაციენტმა ისწავლა, როგორ ეკონტროლებინა საკუთარ ტვინში სიგნალების გზავნის მაჩვენებელი, შეძლო წარმოთქმის პროგრამასთან შეპასუხება და კონკრეტული ასოების შერჩევა, რასაც შემდეგ პროგრამა ხმამაღლა ამბობდა სიტყვებისა და წინადადებების სახით.

პაციენტს მის მიერ გაგონილ თითოეულ ასოზე პასუხისთვის დაახლოებით წუთი დასჭირდა, განიცდიდა ნელ პროგრესს, მაგრამ მიუხედავად ამისა, პირველად ხანგრძლივი დროის შემდეგ, მოწყობილობამ მამაკაცს გამოხატვის უნარი მისცა.

ტექნოლოგიის სიზუსტე ჯერ სრულყოფილი არ არის. პაციენტს მხოლოდ „დიახ“ და „არა“ სიგნალის გაშვება შეუძლია დროის 80 პროცენტში, დაახლოებით 80 პროცენტის სიზუსტით. ზოგიერთ დღეს ის მხოლოდ სიტყვებს გამოიმუშავებს და არა წინადადებებს.

„ამის მიზეზი ძირითადად არის ამ სისტემის სრულიად სმენითი ბუნება, რაც არსებითად უფრო ნელია, ვიდრე ვიზუალურ უკუკავშირზე დაფუძნებული სისტემა“, — წერენ მკვლევრები.

პირველი ფრაზა, რომელიც ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის (ALS) პაციენტმა წარმატებით წარმოთქვა, იყო „მადლობა“ თავის ნეირობიოლოგის, ნილს ბირბომერისადმი.

შემდეგ იყო მოვლასთან დაკავშირებული მრავალი მოთხოვნა, მაგალითად, „დედა, თავზე მასაჟი მინდა“ და „ჯგუფ Tool-ის ალბომის ხმამაღლა მოსმენა მსურს“.

ქირურგიული პროცედურიდან 247 დღის შემდეგ, პაციენტმა მოწყობილობას განაჩენი გამოუტანა: „ბიჭებო, ის საკმაოდ მარტივად მუშაობს“.

251-ე დღეს მან შეტყობინება თავის შვილს გაუგზავნა: „მიყვარს ჩემი მაგარი ბიჭი“. შემდეგ კი ბავშვს მასთან ერთად დისნეის ფილმის ყურება სთხოვა.

462-ე დღეს, პაციენტმა გამოთქვა, რომ მისი „უდიდესი სურვილი ახალი საწოლია“ და მეორე დღეს შეეძლო საყვარელ ადამიანებთან ერთად ბარბექიუზე წასვლა.

„თუ ვინმეს ასეთი წინადადებების აწყობა შეუძლია, ვიტყოდი, რომ ეს კარგია. თუნდაც კარგი არ იყოს, ცუდიც არ არის. ერთხელ, როდესაც მასთან ვიყავი, თავის მომვლელ დას მადლობა გადაუხადა. ძალიან ემოციური მომენტი იყო“, — ამბობს კვლევის ავტორი უივალ ჩოდარი.

ფსევდოკომაში მყოფთათვის კომუნიკაციის უნარს თან ახლავს მთელი რიგი ეთიკური მოსაზრებები.

ვინ გადაწყვეტს იმპლანტის ჩადგმას? როდესაც პაციენტი კომუნიკაციას ისწავლის, შეუძლიათ საკუთარ თავზე და მომავალ მოვლაზე საუბარი? რამდენად ზუსტი უნდა იყოს ეს სისტემა, რომ ადეკვატურად გადავთარგმნოთ ის, რასაც პაციენტი გვეუბნება?

ამ ტიპის ტექნოლოგიებისთვის წესები ჯერ არ არსებობს, მაგრამ თუ ეს მოწყობილობა სხვა პაციენტებისთვისაც გამოსადეგი აღმოჩნდა, საჭირო გახდება ასეთი პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლა.

თუმცა, ეს ტექნოლოგია ნებისმიერ შემთხვევაში დიდი გარღვევა და შვება იქნება ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის პაციენტებისა და მათი ოჯახებისთვის.

კვლევა Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია wysscenter.ch-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.