ახალმა მაგნიტურმა ჩაფხუტმა თავის ტვინის აგრესიული კიბო ზომაში მნიშვნელოვნად შეამცირა — #1tvმეცნიერება
ახალმა მაგნიტურმა ჩაფხუტმა თავის ტვინის აგრესიული კიბო ზომაში მნიშვნელოვნად შეამცირა — #1tvმეცნიერება

ყველა კიბო საზარელია, მაგრამ ზოგიერთი სხვებზე მეტად ამაზრზენია. ავიღოთ გლიობლასტომა, რომელიც საბედნიეროდ, კიბოს იშვიათი ფორმაა: ის სწრაფად და აგრესიულად იზრდება თავის ტვინში ან თავის ტვინის ღეროში, არ იკურნება და თითქმის ყოველთვის სასიკვდილოა.

მისგან განკურნება ურთულესია, მოითხოვს ინტენსიურ რადიო და ქიმიოთერაპიას, რომლებსაც ხშირად პაციენტები ბოლომდე ვერ ასრულებენ. თუმცა, მეცნიერებმა ახლახან სავარაუდოდ უკვე მიაგნეს ახალ მეთოდს: არაინვაზიურ ქუდს, რომელიც სიმსივნის შემცირებისთვის რხევით მაგნიტურ ველს იყენებს.

მოწყობილობა ცოტა ხნის წინ გამოსცადეს გლიობლასტომით დაავადებულ 53 წლის პაციენტზე, რომელსაც სიმსივნე საკმაოდ მოკლე პერიოდში ზომაში 31 პროცენტით შეუმცირდა, მაგრამ სამწუხაროდ, პაციენტი მალევე გარდაიცვალა თავის დაზიანებით, რაც მკურნალობასთან კავშირში არ იყო.

„ამ პაციენტისა და მისი ოჯახის სიმამაცის წყალობით, შევამოწმეთ და დავადასტურეთ გლიობლასტომის მსოფლიოში პირველი არაინვაზიური თერაპიის პოტენციურ ეფექტიანობა. ოჯახმა დიდსულოვნება გამოიჩინა და საყვარელი ადამიანის უდროოდ სიკვდილის შემდეგ, მისი გვამის გაკვეთის უფლება მოგვცა, რითაც ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა შემდეგ კვლევებსა და ამ პოტენციურად მძლავრი თერაპიის განვითარებაში“, — ამბობს ჰიუსტონის მეთოდისტთა ჰოსპიტლის ნეიროქირურგი დევიდ ბასკინი.

ჩაფხუტი აღჭურვილია სამი ძლიერი, მბრუნავი მუდმივი მაგნიტით, რომლებიც რხევით მაგნიტურ ველს გამოიმუშავებს. ამ ტექნოლოგიის გამოყენებით, მკვლევრებმა გლიობლასტომის მოცულობისა და მასის შემცირება შეძლეს უჯრედულ კულტურაში და ლაბორატორიაში თაგვებში გადანერგილ ადამიანის გლიობლასტომის უჯრედებში (ქსენოტრანსპლანტანტი).

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მაგნიტური ველი ხელს არღვევს ელექტრონების ტრანსპორტირებას მიტოქონდრიებში მიმდინარე რეაქციათა სერიებში, რასაც უჯრედებისათვის საჭირო ქიმიური ენერგიით მომარაგებისთვის იყენებს. თუმცა, რეაქციათა ასეთი მოშლა ხდება მხოლოდ კიბოს უჯრედების მიერ წარმოქმნილი მეტაბოლიზმის გამაძლიერებელი გარკვეული ნაერთების არსებობის პირობებში; ეს კი იმას ნიშნავს, რომ გლიობლასტომის დარღვეული უჯრედები კვდებიან, ჯანმრთელი უჯრედები კი ხელუხლებლად რჩებიან.

პაციენტი ექიმთან 2018 წლის მაისში, „შეცვლილი მენტალური სტატუსით“ მივიდა, რის შემდეგაც მისი თავის ტვინის ორივე ნახევარსფეროში დიდი სიმსივნე აღმოაჩინეს. ივნისში მას გლიობლასტომა ქირურგიული ოპერაციით ამოკვეთეს; სამწუხაროდ, აგრესიული მკურნალობის მიუხედავად, კიბო კვლავ დაბრუნდა და გაიზარდა. როდესაც მკურნალობის ტრადიციული საშუალებები უკვე საკმარისი აღარ იყო, პაციენტი მაგნიტური ჩაფხუტით მკურნალობაზე ცდას დათანხმდა.

2020 წლის აპრილში მან შეთანხმებას მოაწერა ხელი და მკურნალობაც დაიწყო. სამი დღის განმავლობაში, პაციენტს კლინიკაში მკურნალობდნენ, ამასობაში კი მის ცოლს მოვლას და ჩაფხუტის გამოყენებას ასწავლიდნენ. ამის შემდეგ, მან მკურნალობა სახლში განაგრძო, დასაწყისისათვის დღეში ორსაათიანი პროცედურა, რაც შემდეგ ექვს საათამდე გაიზარდა.

საერთო ჯამში, მკურნალობა 36 დღეს გრძელდებოდა. მკვლევართა განცხადებით, ამ დროის განმავლობაში გლიობლასტომა 31 პროცენტით შემცირდა, პაციენტს გაუუმჯობესდა საუბრისა და კოგნიტური ფუნქცია.

36 დღის შემდეგ, მკურნალობა იძულებით შეწყდა, რადგან პაციენტი დაეცა და თავი დაიზიანა. სამწუხაროდ, ის ამ ინციდენტიდან მალევე გარდაიცვალა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ამბავს ტრაგიკული დასასრული აქვს და ეს კვლევა მხოლოდ ერთ ადამიანზე ჩატარდა, წინასწარი შედეგები იმედისმომცემია. კიბოს შემცირება შესაბამისობაშია უჯრედულ კულტურაზე და თაგვებში გადანერგილ ქსოვილებზე ჩატარებულ წინა დაკვირვებებთან; აჩვენებს სიმსივნის სწრაფად შემცირებას მაშინ, როდესაც კიბოს მკურნალობის ტრადიციული საშუალებები მისი ზრდის წინააღმდეგ უკვე უძლურია.

თუკი ჩაფხუტის ეფექტიანობა სხვა ადამიან პაციენტებზედ დადასტურდა, შესაძლოა, კიბოს ამ საშინელი ფორმის მკურნალობის სრულიად ახალი, მშვიდი მკურნალობის საშუალება მივიღოთ.

„წარმოიდგინეთ თავის ტვინის კიბოს მკურნალობა სხივური თერაპიისა და ქიმიოთერაპიის გარეშე. ლაბორატორიასა და ამ პაციენტზე ჩატარებული ცდისას ჩვენ მიერ მიღებული შედეგები, თავის ტვინის კიბოს არაინვაზიური და არატოქსიკური თერაპიის სრულიად ახალ გზას გვიხსნის, რასაც მომავალში თან უნდა ახლდეს მრავალი ამაღელვებელი შესაძლებლობა“, — ამბობს ამბობს ჰიუსტონის მეთოდისტთა ჰოსპიტლის ნეიროქირურგი დევიდ ბასკინი.

კვლევა ჟურნალ Frontiers in Oncology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.