მკვლევრებმა ერთ-ერთი ყველაზე საშიში ტიპის ძუძუს კიბოს გამომწვევი გენი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
მკვლევრებმა ერთ-ერთი ყველაზე საშიში ტიპის ძუძუს კიბოს გამომწვევი გენი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

ავსტრალიელმა მკვლევრებმა აღმოაჩინეს გენი, რომელიც პასუხისმგებელია განსაკუთრებით აგრესიული ტიპის ჰორმონ-მგრძნობიარე ძუძუს კიბოზე, რომელსაც გადარჩენის ტრაგიკულად დაბალი მაჩვენებელი აქვს.

„იმედი გვაქვს, ეს აღმოჩენა დრამატულად გააუმჯობესებს იმ მწირ შედეგებს, რაც ამჟამად ასეთ პაციენტებს აქვთ“, — ამბობს ჰარი პერკინსის სამედიცინო კვლევების ინსტიტუტის ეპიგენეტიკოსი პილარ ბლანკაფორტი.

ძნელია შეაფასო, რამდენად განსხვავდება სიმსივნეები ერთმანეთისგან. „ძუძუს კიბოს“ სახელის ქვეშაც კი, რამდენიმე სხვადასხვა ტიპის კიბოა გაერთიანებული, მაგალითად, ჰორმონის რეცეპტორების მიმართ მგრძნობიარე, HER2 დადებითი, ანდაც ჰორმონის მიმართ არამგრძნობიარე ძუძუს კიბო; ამ ჯგუფებს შიგნით კიდევ უფრო მეტი ტიპის კიბოა გაერთიანებული, რომლებიც პრეპარატებზე ერთმანეთისგან განსხვავებულად რეაგირებენ.

ჰორმონების მიმართ მგრძნობიარე ძუძუს კიბოები ისეთ ჰორმონთა საპასუხოდ იზრდება, როგორებიც არის ესტროგენი და პროგესტერონი; არსებობს მათი სამკურნალო რამდენიმე საშუალება, მაგალითად, ჰორმონული თერაპია. ამ ტიპის ძუძუს კიბოს ძირითადად უკეთესი შედეგები აქვს, ვიდრე ჰორმონების მიმართ არამგრძნობიარე სიმსივნეებს.

„თუმცა, პაციენტთა მცირე ნაწილს უვითარდება ძალიან აგრესიული კიბო, რომელიც ძუძუს კიბოებს შორის ყველაზე უარესი შედეგებით სრულდება და ქალების ნახევარი ამ დაავადებით იღუპება“, — ამბობს ბლანკაფორტი.

მისივე განცხადებით, ამ კიბოების კვლევისას, მათ აღმოაჩინეს, რომ ისინი უფრო დიდია, უფრო ხშირად ლიმფურ კვანძებში ვრცელდება და მაღალი აქვს სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ამის შემდეგ, საჭირო იყო მათი იდენტიფიცირება.

ჯერ კიდევ 2012 წელს, მკვლევართა ჯგუფმა განსაზღვრა ძუძუს კიბოს კლასიფიკაცია, სახელად ინტეგრაციული კლასტერიზაცია (IntClust), რომელიც ძუძუს კიბოს 10 სხვადასხვა ქვეჯგუფად ყოფს — თითოეულ მათგანს ერთმანეთისგან განსხვავებული გენეტიკური ცვლილებები და კლინიკური შედეგები აქვს.

ესტროგენის რეცეპტორისადმი პოზიტიური (ER+) კიბოების ერთ-ერთი ასეთი კლასტერი, სახელად IntClust2, განსაკუთრებით ცუდი პროგნოზით გამოირჩევა, მასზე უარესი მხოლოდ ერთი სხვა კლასტერია.

2012 წელს მკვლევართა ჯგუფმა შენიშნა, რომ IntClust2-ის სიმსივნეები ხასიათდებოდა მე-11 ქრომოსომის დნმ-ის სექციის მნიშვნელოვანი გაფართოებით. ქრომოსომის ეს ნაწილი სავსეა პოტენციურად კიბოს გამომწვევი გენებით, სახელად ონკოგენებით, რომელთა შესახებაც უკვე ვიცით, მაგრამ მკვლევართა განსაკუთრებული ყურადღება ერთმა გენმა, სახელად AAMDC-მა მიიქცია.

შესაბამისად, ჯგუფმა მუშაობა განაგრძო. პირველ რიგში დააკვირდნენ 119 ადამიანის ლუმინალური B ძუძუს კიბოს ნიმუშები და შეისწავლეს, რამდენად იყო AAMDC გამოხატული ამ კიბოებში. აღმოაჩინეს, რომ სიმსივნეების დაახლოებით 25 პროცენტს AAMDC-ის ამპლიფიკაცია აღენიშნებოდა, ძირითადად ER+ სიმსივნეებში.

როდესაც მკვლევრებმა თაგვების ძუძუს კიბოს უჯრედებში AAMDC-ის დონე შეამცირეს, დაინახეს, რომ კიბოს უჯრედები ჩაიხშო და უფრო მეტმა უჯრედმა განიცადა პროგრამირებული უჯრედული სიკვდილი (PCD), რაც იმას ნიშნავდა, რომ უჯრედი ნორმალურ ფუნქციონირებას ასრულებს, როდესაც მიხვდება, რომ დაზიანებულია.

ჯგუფი ფიქრობს, რომ IntClust2-ის ასეთი ეფექტიანობის ერთ-ერთი მიზეზი ER+ კიბოს მკურნალობაა. ჰორმონული მკურნალობის მოქმედების პრინციპია კიბოსთვის იმ ჰორმონების მიწოდების შეწყვეტა, რომლებიც მას ზრდისთვის ესაჭიროება, მაგრამ AAMDC გენის დამატებითმა ასლებმა კიბო შეიძლება ამისგან გადაარჩინოს.

„AAMDC-ს შეუძლია, კიბოს უჯრედები სიკვდილისგან დაიცვას და მათი ზრდაც შეინარჩუნოს მაშინ, როდესაც კიბოს საკვები ნივთიერებებით მწირ გარემოს უქმნიან და ის ესტროგენით შიმშილს განიცდის, რამაც ჰორმონისადმი მგრძნობიარე კიბოების უმეტესობა აუცილებლად უნდა მოკლას“, — განმარტავს ბლანკაფორტი.

მისივე განცხადებით, გამომდინარე აქედან, მათ მიაჩნიათ, რომ AAMDC კიბოსათვის ხელშემწყობი ფუნქციას ასრულებს და „გადარჩენის ხელსაწყოს“ სახით მოქმედებს, რისი წყალობითაც, სიმსივნეები ამ გარემოს ეგუებიან და მეტაბოლური სტრესის გარემოშიც განაგრძობდენ ძუძუს კიბოს უჯრედების ზრდა-გამრავლებას.

საინტერესოა, რომ AAMDC-ის ასეთი ამპლიფიკაცია ასევე დაფიქსირებულია საშვილოსნოს, პროსტატისა და ფილტვის კიბოებში; შესაბამისად, ჯგუფის მიერ მიღებული შედეგები შეიძლება სხვა ტიპის კიბოების მიმართაც რელევანტური იყოს.

„მნიშვნელოვანია, რომ ამ კიბოების პოვნა ახლა უკვე შეგვიძლია სიმსივნის უჯრედებში AAMDC-ის დონის მომატების შემჩნევით. უმნიშვნელოვანესი აღმოჩენაა“, — აღნიშნავს ავსტრალიის ჰარი პერკინსის სამედიცინო კვლევების ინსტიტუტის ეპიგენეტიკოსი პილარ ბლანკაფორტი.

კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია scimex.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.