აღმოჩენილია ახალი სახის უჯრედები, რომლებმაც ლაბორატორიაში მრავალი სახეობის კიბო გაანადგურა
აღმოჩენილია ახალი სახის უჯრედები, რომლებმაც ლაბორატორიაში მრავალი სახეობის კიბო გაანადგურა

აღმოჩენილია ახალი სახის იმუნური უჯრედის რეცეპტორი, რომელმაც შესაძლოა, გზა გაუხსნას T ლიმფოციტებით კიბოს მკურნალობის ახალ ტიპს. ამ თერაპიას შეუძლია მორგებული მკურნალობის გარეშე თავს დაესხას მრავალი სახის კიბოს ადამიანებში.

აღმოჩენის ავტორი მკვლევრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ტესტირება ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა და ჩატარდა მხოლოდ თაგვებზე და ადამიანის უჯრედებზე ლაბორატორიაში, ჯერ არ შემოწმებულა ცოცხალ პაციენტებზე. თუმცა, პირველადი შედეგები იმედისმომცემია და მიუთითებს, რომ შესაძლოა, ძალიან ახლოს ვიყოთ T ლიმფოციტებით თერაპიის მნიშვნელოვან მიღწევასთან.

იმისათვის, რათა გავიგოთ, რატომ, ცოტა მიმოვიხილოთ რა არის T ლიმფოციტები და როგორ მოქმედებს T ლიმფოციტებით მკურნალობა, რადგან ეს გახლავთ მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე ახალი დარგი ონკოლოგიაში.

T ლიმფოციტები სისხლის თეთრი უჯრედების ერთ-ერთი ტიპია, რომლებიც ჩართულია ჩვენი იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში. როდესაც T ლიმფოციტები სხეულში არსებულ დეფექტიან ან შეჭრილ უჯრედებთან კონტაქტის შედეგად აქტიურდება, ისინი მათ თავს ესხმიან და გვეხმარებიან ინფექციებთან და დაავადებებთან ბრძოლაში.

T ლიმფოციტებით თერაპიაში, რომლის ყველაზე გავრცელებულ ფორმას CAR-T-ს უწოდებენ (ქიმერული ანტიგენური რეცეპტორი), მეცნიერებმა T ლიმფოციტების ეს ბუნებრივი ფუნქცია უფრო გააძლიერეს და კიბოს უჯრედებისკენ მიმართეს.

CAR-T-ით მკურნალობის დროს, ექიმები პაციენტის სისხლიდან იღებენ T ლიმფოციტებს, ლაბორატორიაში გენური ინჟინერიით ახდენენ მათ მოდიფიცირებას ისე, რომ გამოავლინონ და მიზანში ამოიღონ კიბოს უჯრედები. ამის შემდეგ, რედაქტირებულ T ლიმფოციტებს ლაბორატორიაში ამრავლებენ და პაციენტებში შეჰყავთ.

CAR-T-ის მეთოდს გარკვეული შეზღუდვებიც აქვს; მაგალითად, ის, რომ რედაქტირებულ T ლიმფოციტებს შეუძლიათ მხოლოდ რამდენიმე სახეობის კიბოს ამოცნობა და საჭიროა, რომ მთლიანი თერაპია პერსონალიზდეს კონკრეტულ ადამიანებზე, ამის მიზეზი კი არის T ლიმფოციტების რეცეპტორი (TCR), რომელსაც ადამიანის ლეიკოციტურ ანტიგენს (HLA) უწოდებენ.

სწორედ HLA აძლევს T ლიმფოციტებს კიბოს უჯრედების დაფიქსირების საშუალებას, მაგრამ ის ინდივიდების მიხედვით იცვლება. ზუსტად ამ მხრივ არის ახალი აღმოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

ახალ კვლევაში კარდიფის უნივერსიტეტის მეცნიერებმა CRISPR–Cas9 სკრინინგის საშუალებით T ლიმფოციტებში აღმოაჩინეს ახალი სახის TCR — რეცეპტორი მოლეკულა, რომელსაც MR1-ს უწოდებენ.

კიბოს უჯრედების სკანირებისა და ამოცნობის თვალსაზრისით, MR1 მოქმდებს HLA-ის მსგავსად. თუმცა, არის ერთი დიდი სხვაობა — HLA-სგან განსხვავებით, ის არ იცვლება სხვადასხვა ადამიანში, რაც იმას ნიშნავს, რომ ის პოტენციურად წარმოქმნის ბაზისს T ლიმფოციტებით ისეთი თერაპიისთვის, რომელიც იმოქმედებს ადამიანთა უფრო ფართო დიაპაზონში.

ეს ყველაფერი ჯერ რეალობა არ არის, მაგრამ ლაბორატორიაში ჩატარებული პირველადი ექსპერიმენტები MR1-ის ჩართულობით, ნამდვილად იმედისმომცემია. ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საჭიროა კლინიკური ცდებიც, სანამ საბოლოოდ დადასტურდება, რომ მკურნალობის ეს მეთოდი ადამიანებზე მოქმედებს.

ადამიანის უჯრედების გამოყენებით ჩატარებულ ლაბორატორიულ ტესტებში, MR1-ით აღჭურვილმა T ლიმფოციტებმა მოკლა კიბოს უჯრედების მრავალი ისეთი ხაზი (ფილტვის, მელანომა, ლეიკემია, მსხვილი ნაწლავის, მკერდის, პროსტატის, ძვლისა და საშვილოსნოს), რომლებსაც საერთო HLA არ ჰქონდათ.

ლეიკემიით დაავადებულ თაგვებზე ჩატარებულმა ცდებმა, რომლის ფარგლებშიც ცხოველებს MR1 უჯრედები შეუყვანეს, გამოავლინა კიბოს უკანდახევის მტკიცებულება და შესაბამისად, თაგვების უფრო დიდხანს სიცოცხლე.

ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი ტიპის კიბოს მკურნალობა შეუძლია ამ რეცეპტორზე დაფუძნებულ მეთოდს. თუმცა, პირველადი შედეგები მიუთითებს საკმაოდ ფართო დიაპაზონზე.

ადამიანებზე კლინიკური ცდების დაწყებას მეცნიერები ამ წლის დასაწყისში გეგმავენ; თუკი იგივე შედეგები ადამიანებშიც განმეორდა, ექსპერტთა განცხადებით, უნდა ველოდოთ ახალ, ნათელ მომავალს, რომელსაც T ლიმფოციტებით მკურნალობა გვპირდება.

„ეს კვლევა წარმოადგენს კიბოს უჯრედების მიზანში ამოღების ახალ გზას, რაც ნამდვილად ამაღელვებელია, თუმცა, საჭიროა გაცილებით მეტი კვლევა, რათა საბოლოოდ დადგინდეს მისი მოქმედების ზუსტი პრინციპი“, — ამბობს სისხლის კიბოს ფონდ Bloodwise-ის მკვლევარი ალასდაირ რანკინი.

ჯგუფის შემდეგი ნაბიჯია ორგანიზებული კლინიკური ცდები, რომელთა ფარგლებშიც, გაცილებით ბევრს შეიტყობენ იმ მექანიზმების შესახებ, რომელთა საშუალებითაც, MR1 კიბოს გამოვლენას მოლეკულურ დონეზე ახდენს.

ჯერ ნამდვილად ბევრი რამ არის შესასწავლი იქამდე, ვიდრე გადაჭრით ვიტყვით, რომ ეს გახლავთ კიბოს მკურნალობის უნივერსალური საშუალება, თუმცა, ჰორიზონტზე უკვე მოჩანს ნამდვილად ამაღელვებელი აღმოჩენები.

„ MR1-ით აღჭურვილი T ლიმფოციტებით კიბოს მიზანში ამოღება ამაღელვებელი ახალი საზღვარია. ბადებს პერსპექტივას, რომ ერთი ტიპის T ლიმფოციტებს ექნებათ უნარი, ადამიანებში გაანადგურონ მრავალი სხვადასხვა ტიპის კიბო. ადრე არავის სჯეროდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ეს შესაძლებელი გახდებოდა“, — ამბობს უფროსი მკვლევარი და კიბოს იმუნოთერაპიის სპეციალისტი ენდრიუ სიველი.

კვლევა ჟურნალ Nature Immunology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია cardiff.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი