მეცნიერებმა თაგვებში კიბოს შეჩერების ახალ გზას მიაგნეს
მეცნიერებმა თაგვებში კიბოს შეჩერების ახალ გზას მიაგნეს

კიბოსთან ბრძოლაში ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა მეტასტაზების შეჩერებაა, ანუ კიბოს უჯრედების შეჩერება, რომ ისინი მთელ სხეულში არ გავრცელდნენ. ახლახან მეცნიერებმა გამოავლინეს მეტასტაზების ზრდის დაბლოკვის იმედისმომცემი გზა, რომელმაც თაგვებში დიდი შედეგები აჩვენა.

შვეიცარელ მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა „ბარიერი“, რომელიც კიბოს მეტასტაზებს აჩერებს. იგი შედგება ცილა აქტივინ B-სა და რეცეპტორ ALK7-ისგან და როგორც ჩანს, ის გადამწყვეტ როლს ასრულებს სიმსივნის შეჩერებაში.

კვლევამ აჩვენა, რომ აქტივინ B და ALK7 ქმნიან სასიგნალო ბილიკს, რომელიც კიბოს უჯრედებს ბუნებრივად აიძულებს საკუთარი თავის განადგურებას, ასევე ხელს უშლის სიმსივნის წარმოქმნასა და გავრცელებას.

მიუხედავად იმისა, რომ ექსპერიმენტი ჯერ მხოლოდ თაგვებზე ჩატარდა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ მღრღნელებთან ჩვენ საკმარისი ბიოლოგიური და ქიმიური მსგავსება გვაქვს, განსაკუთრებით კიბოს განვითარების თვალსაზრისით. შესაბამისად, ეს ბარიერი შესაძლოა, იმედისმომცემი სამიზნე იყოს სამომავლოდ კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატების შესაქმნელად.

ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, შვეიცარიის ტექნოლოგიების ფედერალური ინსტიტუტის მკვლევრის, დუგლას ჰანაჰანის განცხადებით, ეს კვლევა კიდევ უფრო აძლიერებს იმ შეხედულებას, რომ აპოპტოზი (უჯრედების სიკვდილი) მნიშვნელოვანი ბარიერია ონკოგენეზისთვის (სიმსივნის ან სიმსივნური უჯრედების ზრდა). ასევე, კიბოს უნარი, რომ მას თავი აარიდოს, კიბოს უჯრედების გადამწყვეტი შესაძლებლობაა მავნებლობისა და მეტასტაზების წარმოქმნის დროს.

კიბოს დასაბლოკად, საჭიროა ტანდემში იმუშაონ რეცეპტორმა ALK7-მა და ცილა აქტივინ B-მ. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ცალ-ცალკე, მხოლოდ ALK7-ს ან აქტივინ B-ს კიბო ჯაბნის და ცოცხალი რჩება.

ცილების კომპლექსი, სახელად აქტივინები, რომელსაც აქტივინ B-ც მიეკუთვნება, სხეულის მრავალ ნაწილში სასიცოცხლო როლს ასრულებენ. ისინი ჩართულია უჯრედების ზრდასა და გავრცელებაში, მეტაბოლიზმში, ჩვენი ორგანიზმის იმუნურ პასუხებსა და მენსტრუალური ციკლის რეგულირებაში.

მკვლევართა ჯგუფი თაგვებში სწავლობდა პანკრეასის ნეიროენდოკრინულ კიბოსა და მკერდის კიბოს. ამავე დროს, ადამიანებში სწავლობდნენ სხვადასხვა სახის კიბოს. თანდათან მათ შენიშნეს კავშირი ALK7-ის არსებობასა და კიბოს განმეორების დაბალ შანსს შორის.

გარდა ამისა, როცა მაღალი იყო ALK7-ის დონე, მეტასტაზები დიდხანს რჩებოდნენ ერთ ადგილას შეყუჟული, განსაკუთრებით მკერდის კიბოს შემთხვევაში.

ეს აღმოჩენა აძლიერებს მოსაზრებას, რომ ALK7 და მისი პარტნიორი აქტივინ B შეიძლება მნიშვნელოვანი ქიმიური აგენტები იყოს მეტასტაზების პრევენციაში. თუმცა, სანამ ეს აღმოჩენა მკურნალობის რეალურ საშუალებად გადაიქცევა, რასაკვირველია, საჭიროა მრავალი კვლევა.

კიბოსთან ბრძოლაში კაცობრიობას ბოლო წლებში მნიშვნელოვანი შედეგები აქვს. მეცნიერები აგრძელებენ კიბოს უჯრედებზე თავდასხმის სხვადასხვა გზების შექმნას; მათ შორის არის როგორც დნმ-ის დაზიანების უფრო ეფექტიანად დაფიქსირება, ისე პათოლოგიურ უჯრედთა გროვების წარმოქმნის აღკვეთა.

რეცეპტორი ALK7 დაკვირვების საგანი წარსულშიც იყო, მაგრამ როგორც ჯგუფი აცხადებს, ახლა დანამდვილებით შეგვიძლია ის კიბოს საწინააღმდეგო იარაღთა არსენალს შევმატოთ.

კვლევა ჟურნალ Developmental Cell-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია actu.epfl.ch-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.