მეცნიერებმა კანის უჯრედები გადააპროგრამეს და კიბოსთან საბრძოლველად გამოიყენეს
მეცნიერებმა კანის უჯრედები გადააპროგრამეს და კიბოსთან საბრძოლველად გამოიყენეს

T ლიმფოციტები არის უჯრედები, რომლებიც ორგანიზმში უცხო უჯრედებს ებრძვიან. მათ გარეშე ადამიანები დაავადებების მიმართ ძალიან მოწყვლადნი ვართ. საეჭვო უჯრედების ძებნისა და თავდასხმისას T ლიმფოციტები თავის მხრივ დამოკიდებულია იმუნური სისტემის „დარაჯ“ უჯრედებსა და დენდრიტულ უჯრედებზე.

კიბოს მკურნალობისას, მაგალითად იმუნოთერაპიის დროს, ხდება ამ პროცესის მანიპულირება, რათა ჩვენს ორგანიზმს კიბოს უჯრედებზე თავდასხმა ვაიძულოთ.

ახლახან, პირველად ისტორიაში, შვედეთის ლუნდის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა შექმნა პროცესი, რომელიც ადამიანის კანის უჯრედებს იმუნური სისტემის დარაჯებად გარდაქმნის. ამის შედეგად კი შესაძლო, მივიღოთ გაცილებით უსაფრთხო იმუნოთერაპიული მკურნალობა.

ორგანიზმის იმუნური სისტემით კიბოსთან ბრძოლა სულაც არ არის მარტივი საქმე. ზოგჯერ კიბო დენდრიტული უჯრედების უჩვეულო ქცევას განაპირობებს და ეს უკანასკნელნი სათანადოდ ვეღარ მოქმედებენ.

არის იმის შანსიც, რომ თქვენმა სხეულმა მკურნალობა საერთოდაც არ მიიღოს.

თუმცა, პაციენტის საკუთარი სხეულისგან შექმნილი იმუნური უჯრედების შემთხვევაში, უარყოფის შანსი გაცილებით ნაკლებია.

ამ პროცესს რეპროგრამირება ეწოდება და ის არა მხოლოდ ეფექტიანი, არამედ საკმაოდ სწრაფიცაა. კვლევა მის შესახებ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა ჟურნალ Science Immunology-ში.

„კანიდან აღებული ქსოვილის ნაწილისგან შეგვიძლია დავამუშაოთ და დენდრიტულ უჯრედებად გადავაპროგრამოთ მილიონობით უჯრედი. მთელ ამ პროცესს მხოლოდ ცხრა დღე სჭირდება“, — ამბობს კვლევის ავტორი ფილიპე პერეირა.

რეპროგრამირებულ უჯრედებს შეუძლიათ ორგანიზმის იმუნურ სისტემაში არა მხოლოდ კიბოს განგაში ატეხონ, ასევე შესწევთ უნარი, რომ მკვლევართა მითითებით მოძებნონ სპეციფიკური სამიზნეები ჯერ კიდევ მაშინ, სანამ ისინი ორგანიზმში შევლენ.

უჯრედული იმუნოთერაპია კიბოსთან ბრძოლის შედარებით ახალი მეთოდია.

ჩვენი იმუნური სისტემის ფუნქციონირების უკეთ შესწავლა რა თქმა უნდა, დაავადებებთან ბრძოლას გაცილებით იოლს ხდის.

ფილიპე პერეირა და მისი ჯგუფი იმედოვნებს, რომ მათი კვლევა კიბოს მკურნალობას გაამარტივებს და ახალ გზას გაუხსნის იმუნოთერაპიულ კვლევებს.

მომზადებულია futurism.com-ის მიხედვით.