როგორ მოქმედებს კიბოს პრეპარატი, რომლისთვისაც მისმა შემქმნელებმა ნობელის პრემია მიიღეს
როგორ მოქმედებს კიბოს პრეპარატი, რომლისთვისაც მისმა შემქმნელებმა ნობელის პრემია მიიღეს

აღმოჩენებისთვის, რომლებმაც კიბოს მკურნალობაში რევოლუცია მოახდინა, ამერიკელმა და იაპონელმა მეცნიერებმა მედიცინის დარგში ნობელის პრემია მიიღეს. მათმა აღმოჩენებმა ორგანიზმის იმუნურ სისტემას სიმსივნეებთან ბრძოლა ასწავლა, რაც ცხადია, წარმოუდგენლად დიდი ოდენობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.


ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევარმა ჯეიმს ელისონმა და კიოტოს უნივერსიტეტის მკვლევარმა ტასუკუ ჰონჯომ დაადგინეს, როგორც ამუხრუჭებს კიბო იმუნურ სისტემას და შესაბამისად, როგორ შეაჩერონ ეს მუხრუჭი.

ისინი კვლევებს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, 1990-იან წლებში აწარმოებდნენ. მათი შრომის საფუძველზე შეიქმნა checkpoint inhibitor-ის სახელით ცნობილი მედიკამენტები, რომელიც პირველად კანის მომაკვდინებელი მელანომას სამკურნალოდ გამოიყენეს, მაგრამ ამჯერად აქტიურად იყენებენ ბოლო სტადიებისას.

ამ პრეპარატებმა საფუძველი ჩაუყარა კიბოს მკურნალობის სრულიად ახალ გზას, იმუნოთერაპიის ერთ-ერთ სახეობას, რომელიც კიბოს უჯრედების დასახოცად პაციენტის სხეულს იყენებს. მანამდე, სტანდარტულ მეთოდს წარმოადგენდა ქირურგიული ჩარევა, რადიაცია და ქიმიოთერაპია.

ჯეიმს ელისონი

როგორც ნობელის კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამი, მათი კვლევა გარდამტეხი იყო კიბოსთან ბრძოლაში.

ნიუ იორკის სლოუნ-კეტერინგის კიბოს ცენტრის მელანომისა და იმუნოთერაპიის სერვისის ხელმძღვანელის, ჯედ ვოლჩოკის განცხადებით, მეცნიერებამ, რომელშიც ისინი პიონერები არიან, უთვალავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

პროფესორ ჰონჯოს კვლევის საფუძველზე შექმნილი წამლით უმკურნალეს აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, ჯიმი კარტერს, რომელსაც 2015 წელს მელანომის დიაგნოზი დაუსვეს. კიბო უკვე ტვინშიც იყო გავრცელებული. ერთი წლის შემდეგ კარტერმა განაცხადა, რომ მას მკურნალობა უკვე აღარ სჭირდებოდა.

76 წლის პროფესორმა ჰონჯომ კიოტოში გამართულ პრესკონფერენციაზე მისი ცხოვრების ერთ-ერთი სასიამოვნო მომენტიც გაიხსენა, როცა ერთხელ თავის გოლფის კლუბის წევრი მიუახლოვდა და მადლობა გადაუხადა აღმოჩენისთვის, რომელმაც ის ფილტვის კიბოსგან განკურნა.

„გმადლობთ, რომ კვლავ შემიძლია გოლფის თამაში — მითხრა მან“, — იხსენებს ჰონჯო.

ტასუკუ ჰონჯო

ზოგადად, მეცნიერები იმუნური სისტემისთვის კიბოსთან ბრძოლის სწავლებას თითქმის საუკუნეა ცდილობდნენ, მაგრამ ეს საქმე საკმაოდ რთულ გამოწვევას წარმოადგენდა.

იმუნური სისტემის მთავარი „ჯარისკაცები“ T-ლიმფოციტები არიან, რომლებიც ეძებენ და თავს ესხმიან „დამპყრობლებს“. მაგრამ გაურკვეველ მიზეზთა გამო, ისინი კიბოს უჯრედებს თავს არ ესხმოდნენ.


პროფესორ ელისონის განცხადებით, ის არა კიბოს განკურნებას, არამედ იმის გარკვევას ცდილობდა, როგორ მუშაობენ T-ლიმფოციტები. კალიფორნიის უნივერსიტეტში მუშაობისას, ის იკვლევდა ცილას სახელად CTLA-4. ელისონმა დაადგინა, რომ T-ლიმფოციტების დამუხრუჭებას ეს ცილა იწვევდა. შედეგად, შექმნა იმუნური სისტემის ე. წ. ორიენტირი (checkpoint).

ამის შემდეგ, ელისონმა შექმნა ანტისხეული, რომელიც ცილის მოქმედებას ბლოკავდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის ამსხვრევდა მუხრუჭებს და T-ლიმფოციტებს უკვე თავისუფლად შეეძლოთ თავის საქმის გაკეთება.

ელისონისგან დამოუკიდებლად მუშაობისას, პროფესორმა ჰონჯომ აღმოაჩინა კიდევ ერთი ცილა, სახელად PD-1, რომელიც კიბოზე თავდასხმაში ასევე ხელს უშლიდა T-ლიმფოციტებს, მაგრამ სრულიად განსხვავებული გზით.


პროფესორ ელისონის კვლევების საფუძველზე შეიქმნა პრეპარატი Yervoy, რომელიც 2011 წელს დაამტკიცეს. კვლევათა შედეგად გაირკვა, რომ ეს წამალი საგრძნობლად ზრდიდა მელანომის გვიანდელი სტადიებით დაავადებულ პაციენტთა გადარჩენის შანსს. რამდენიმე წლის შემდეგ, ასევე შეიქმნა პრეპარატები Keytruda და Opdivo, რომლებიც პროფესორ ჰონჯოს მიერ აღმოჩენილი მეთოდით ამსხვრევდნენ ცილა PD-1-ის მუხრუჭებს.

პროფესორ ელისონის თქმით, ამჟამად ყველაზე დიდი გამოწვევა იმის გარკვევაა, რატომ არის იმუნოთერაპია ზოგ პაციენტებში ეფექტიანი, ზოგში კი უშედეგო. მისი განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს, როგორ შეიძლება მოხდეს იმუნოთერაპიის კომბინირება ტრადიციული თერაპიის მეთოდებთან, რათა გაუმჯობესდეს შედეგები და შემცირდეს გვერდითი ეფექტები.

„უდიდესი ემოციაა შეხვდე პაციენტებს, რომლებსაც სიცოცხლე იმუნური სისტემის checkpoint-ბლოკადამ შეუნარჩუნა. ისინი წარმოადგენენ საბაზისო მეცნიერების ძალაუფლების თვალნათელ მტკიცებულებას“.

მომზადებულია Associated Press-ის მიხედვით.