პირველად ისტორიაში, ტვინის იმპლანტის გამოყენებით, მეცნიერებმა ადამიანის მეხსიერება გააძლიერეს
პირველად ისტორიაში, ტვინის იმპლანტის გამოყენებით, მეცნიერებმა ადამიანის მეხსიერება გააძლიერეს

ელონ მასკი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი… ეს იმ ადამიანთა თუ ორგანიზაციათა მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რომლებიც აქტიურად მუშაობენ თავის ტვინის იმპლანტებზე. როგორც ჩანს, ეს მხოლოდ დროის საკითხია და მალე გამოჩნდება მოწყობილობები, რომლებიც ადამიანებს ბუნებრივ შესაძლებლობათა გაზრდაში დაეხმარება.

რამდენიმე დღის წინ, სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა წარმოადგინა თავის ტვინის იმპლანტი, რომელიც აუმჯობესებს ადამიანის მეხსიერებას. ამ მოწყობილობას მნიშვნელოვანი შედეგები ექნება აშშ-ში გავრცელებულ ყველაზე მომაკვდინებელ დაავადებათა მკურნალობაში.

დონგ სონგი სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის ასოცირებული პროფესორია. ცოტა ხნის წინ, ვაშინგტონში გამართულ ნეირომეცნიერების საზოგადოების შეხვედრაზე მან წარმოადგინა თავის ბოლო აღმოჩენები „მეხსიერების პროთეზის“ შესახებ. გამოცემა New Scientist-ის ცნობით, ეს მოწყობილობა პირველია ისტორიაში, რომელიც ეფექტიანად აუმჯობესებს ადამიანის მეხსიერებას.

მოწყობილობის გასატესტად, სონგის ჯგუფმა მიმართა 20 მოხალისეს, რომლებსაც ეპილეფსიის სამკურნალოდ, თავის ტვინში ჩადგმული ჰქონდათ ელექტროდების იმპლანტები.
მოხალისეების ტვინში იმპლანტაციის შემდეგ, სონგის მოწყობილობამ შეაგროვა მონაცემები მათი ტვინის აქტივობის შესახებ ტესტირების დროს და სტიმულირება გაუწია მოკლევადიან მეხსიერებას ან მუშა მეხსიერებას.

ამის შემდეგ, მკვლევრებმა განსაზღვრეს მეხსიერების ოპტიმალურ ქცევასთან დაკავშირებული ხასიათი და გამოიყენეს მოწყობილობის ელექტროდები, რათა მოგვიანებით ჩატარებული ტესტების შემდეგ, მოეხდინათ ტვინის სტიმულირება.

როგორც კვლევაზე დაყრდნობით გაირკვა, ასეთმა სტიმულაციამ მოკლევადიანი მეხსიერება დაახლოებით 15%-ით გააუმჯობესა, მუშა მეხსიერება კი 25%-ით. როდესაც მკვლევრები ტვინს ქაოსურად ასტიმულირებდნენ, შესრულების მაჩვენებელი გაუარესდა.

„ჩვენ ვწერთ ნევრალურ კოდს, რათა გავზარდოთ მეხსიერების ფუნქციები. მსგავსი რამ აქამდე არასოდეს გაკეთებულა“, — უთხრა სონგმა New Scientist-ს.

მზარდი პრობლემა

უკეთესი მეხსიერება შესაძლოა ძალიან გამოსადეგი იყოს სტუდენტთათვის გამოცდების ჩასაბარებლად, ანდაც ჩვენთვის, ვისაც სახელების დამახსოვრების პრობლემა გვაქვს, მაგრამ შეიძლება მან აბსოლუტურად შეცვალოს ალცჰაიმერითა და დემენციით (შეძენილი ჭკუასუსტობა) დაავადებული ადამიანების ცხოვრება.

როდესაც ბილ გეიტსმა გამოაცხადა, რომ 100 მლნ აშშ დოლარის ჩადებას გეგმავს დემენციისა და ალცჰაიმერის კვლევებში, იქვე აღნიშნა, რომ ეს დაავადებები მრავალდონიანი პრობლემაა, რაც სულ უფრო უარესდება.

ალცჰაიმერის ასოციაციის ცნობით, ამ დაავადების უდიდესი რისკ-ფაქტორია ასაკი; დაავადებულთა აბსოლუტური უმრავლესობა 65 წელს გადაცილებულია.

მედიცინისა და ჯანდაცვის გაუმჯობესებასთან ერთად, გამუდმებით იცვლება ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა, დრამატულად იზრდება მოსახლეობის ამ სეგმენტის ოდენობაც. როგორც მოსალოდნელია, 2030 წლისთვის, აშშ-ის მოქალაქეთა 20 პროცენტი 65 წელს გადაცილებული უნდა იყოს.

პოტენციურად გაიზრდება დემენციით დაავადებულთა ოდენობაც, რაც საგრძნობლად გაზრდის როგორც ფინანსურ ხარჯებს, ისე ემოციურ შეგრძნებებს.

2016 წელს, დემენციითა და ალცჰაიმერით დაავადებულთათვის გაწეულმა მოკლე და გრძელვადიანმა ხარჯებმა 236 მილიარდი დოლარი შეადგინა. ალცჰაიმერის ასოციაციის ცნობით, რაც უფრო სასტიკია პიროვბნების კოგნიტური გაუარესება, მით უფრო მაღალია მათი ოჯახის წევრთა დეპრესიის მაჩვენებლები.

რა თქმა უნდა, საჭიროა სამომავლო კვლევები, სანამ სონგის მოწყობილობა დემენციისა და ალცჰაიმერის სამკურნალო საშუალებად დამტკიცდება. თუ ეს ასე მოხდა, უდიდესი შვება იქნება არა მხოლოდ იმ ადამიანთათვის, რომლებმაც მეხსიერების ფუნქცია დაკარგეს, არამედ მათი ოჯახის წევრებისა და ზოგადად, ეკონომიკისთვის.

მომზადებულია New Scientist-ისა და futurism.com-ის მიხედვით