ახალი იმპლანტის ჩადგმის შემდეგ, ხერხემლის დაზიანების შედეგად პარალიზებულმა ადამიანმა კვლავ ფეხზე გაიარა — #1tvმეცნიერება
ახალი იმპლანტის ჩადგმის შემდეგ, ხერხემლის დაზიანების შედეგად პარალიზებულმა ადამიანმა კვლავ ფეხზე გაიარა — #1tvმეცნიერება

2017 წელს მიშელ როკატი მოტოციკლით ავარიაში მოყვა, რის შედეგადაც წელს ქვემოთ პარალიზებული დარჩა. 2020 წელს მან ფეხზე კვლავ გაიარა და ეს ზურგის ტვინის ინოვაციური იმპლანტის წყალობით შეძლო.

იმპლანტი ელექტრულ პულსებს მის კუნთებს უგზავნის, თავის ტვინის მოქმედების იმიტაციას აკეთეს და ერთ მშვენიერ დღესაც, ხერხემლის დაზიანებების მქონე ადამიანებს შეიძლება კვლავ ფეხზე გავლის საშუალება მისცეს.

ეფუძნება დიდი ხნის კვლევებს, რომელთა ფარგლებშიც სწავლობდნენ ელექტრული პულსების გამოყენებას ზურგის ტვინის დაზიანების მქონე ადამიანებში, მათივე ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად; მათ შორის იყო 2018 წელს იმ ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევა, რომელიც ქვედა ტანის ნაწილობრივი პარალიზების მქონე ადამიანებს ფეხზე გავლაში ეხმარება.

„ძლიერ ემოციური გამოცდილება იყო“, — უთხრა როკატიმ ჟურნალისტებს, როცა ელექტრული პულსები გააქტიურდა და მან პირველი ნაბიჯი გადადგა.

ის კვლევაში ჩართული სამი ადამიანიდან ერთ-ერთი იყო. ავარიის შემდეგ, არც ერთ მათგანს ქვედა ტანის მოძრაობა არ შეეძლო.

თუმცა, მას შემდეგ, რაც მათ ექვს-სანტიმეტრიანი იმპლანტი ჩაუდგეს და მისი პულსები დაარეგულირეს, სამივე მათგანმა მალევე შეძლო ფეხზე გავლა.

„ეს ელექტროდები იმაზე უფრო გრძელი და დიდი იყო, ვიდრე აქამდე ვუდგამდით ადამიანებს; ახალი ტექნოლოგიის წყალობით, უფრო მეტ კუნთს მივწვდით“, — ამბობს ცდების ავტორი, ლოზანის უნივერსიტეტის ნეიროქირურგი ჯოსელინ ბლოხი.

მიუხედავად იმისა, რომ პირველი ნაბიჯები ძლიერ ემოციური აღმოჩნდა როგორც მკვლევრების, ისე პაციენტებისთვის, მაინც საკმაოდ რთული იყო, მოითხოვდა დამხმარე ძელებისა და ზედა ტანის მნიშვნელოვან ძალას.

თუმცა, პაციენტების რეაბილიტაცია დაუყოვნებლივ დაიწყო და უკვე ოთხ თვეში, როკატის სიარული ბალანსის დამხმარე ჩარჩოთი შეეძლო.

„სასწაული უკვე ჩვენ წინ არის. როკატის ორ საათზე მეტხანს შეუძლია ფეხზე დგომა და შეჩერების გარეშე თითქმის კილომეტრს გადის“, — ამბობს შვეიცარიის ტექნოლოგიების ფედერალური ინსტიტუტის ნეირომეცნიერი გრეგორი კურტინი.

ცდაში მონაწილე სამივე ადამიანო უკვე კიბეებზეც ადის, ცურავს და კანოეთიც მოძრაობენ.

მიღწევა ეფუძნება ელექტრულ სტიმულაციას, რომელსაც პაციენტის კომპიუტერი გამოსცემს და პულსებს ააქტიურებს.

ორ პაციენტს კუნთების გააქტიურება უკვე ელექტრული პულსების გარეშეც შეუძლიათ, მაგრამ მხოლოდ მინიმალურად.

სამივე მამაკაცს ავარიაში დაზიანებები კვლევამდე სულ მცირე ერთი წლით ადრე აქვთ მიღებული; ბლოხის ჯგუფი იმედოვნებს, რომ ახალ ტექნოლოგიის გამოყენება ადამიანებზე ავარიიდან მალევეც შეეძლებათ.

„ვფიქრობთ, რაც უფრო ადრე მოხდება იმპლანტის ჩადგმა, მით მეტი ეფექტი ექნება“, — ამბობს ბლოხი.

თუმცა, არის გამოწვევებიც: ადრე გამოჯანმრთელებულ პაციენტებში შესაძლებლობები ჯერ კიდევ ცვალებადია, რაც ართულებს იმის განსაზღვრას, საიდან უნდა აითვალოს პროგრესი; რეაბილიტაცია შეიძლება გაართულოს მედიკამენტებმა და ტკივილმაც.

ამავე დროს, იმპლანტები გამოსადეგია მხოლოდ მათთვის, ვისაც დაზიანებები ქვედა გულმკერდს ზემო ზურგის ტვინში აქვს, კისრის ფუძესა და მუცლის ღრუს შორის მონაკვეთში, რადგან საჭიროა ექვს-სანტიმეტრიანი ჯანმრთელი ზურგის ტვინი.

დამბლის მოსაგვარებლად ელექტრული პულსების გამოყენების იდეა გაჩნდა ტკივილის სარეგულირებლად გამოყენებული ტექნოლოგიიან; მკვლევართა განცხადებით, ისინი ამის შემდეგში გამოყენების შესაძლებლობას ნამდვილად ხედავენ.

ასევე აჩვენეს, რომ ზურგის ტვინის დაზიანების მქონე პაციენტებში იმპლანტს შეუძლია სისხლის დაბალი წნევის რეგულირებაც; სულ მალე გამოაქვეყნებენ კვლევასაც, რომელშიც ეს ტექნოლოგია პარკინსონის დაავადებაზე გამოიყენეს.

მკვლევრები გვაფრთხილებენ, რომ ჯერ ბევრი სამუშაოა იქამდე, ვიდრე მკურნალობის ეს საშუალება კლინიკურ კვლევებს გასცდება. როგორც ბლოხი აღნიშნავს, ის და მისი კოლეგები დღეში დაახლოებით ხუთ შეტყობინებას იღებენ დახმარების მსურველი პაციენტებისგან.

მათი შემდეგი გეგმაა, ის კომპიუტერი, რომელიც პულსებს ააქტიურებს, ზომაში იმდენად შეამცირონ, რომ ისიც პაციენტებს ჩაუდგან და მისი სმარტფონით კონტროლი იყოს შესაძლებელი.

ვარაუდობენ, რომ ეს წლის ბოლოს გახდება შესაძლებელი; აქვთ ფართომასშტაბიანი ცდის გეგმაც, რომელშიც 50-დან 100-მდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას აშშ-დან და ევროპიდან.

„გვჯერა, რომ ნევროლოგიური სტიმულირების ტექნოლოგიას ნათელი მომავალი აქვს. ყველაფერს ისე ჩქარა ვაკეთებთ, როგორც შეგვიძლია“, — ამბობს კურტინი.

კვლევა ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.