აშშ-ში ადამიანს გენმოდიფიცირებული ღორის გული გადაუნერგეს — პირველად ისტორიაში #1tvმეცნიერება
აშშ-ში ადამიანს გენმოდიფიცირებული ღორის გული გადაუნერგეს — პირველად ისტორიაში #1tvმეცნიერება

57 წლის ამერიკელ მამაკაცს გენმოდიფიცირებული ღორის გული გადაუნერგეს. მერილენდის სამედიცინო უნივერსიტეტის განცხადებით, ოპერაციიდან სამი დღის შემდეგ, პაციენტი თავს კარგად გრძნობს. ეს გახლდათ პირველი ამ სახის ოპერაცია გადანერგვის ქირურგიაში.

უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, დევიდ ბენეტს გულის ტერმინალური დაავადება ჰქონდა და ღორის გული ამჟამად ხელმისაწვდომი ერთადერთი ვარიანტი იყო. პაციენტის სამედიცინო ისტორიის შედეგად დადგინდა, რომ ის არათავსებადი იყო ჩვეულებრივი გულის გადანერგვის ან ხელოვნური გულის ტუმბოს ჩადგმისთვის.

„ან უნდა მოვკვდე, ან ეს გადანერგვა გავიკეთო. სიცოცხლე მსურს. ვიცი, სიბნელეში გასროლას ჰგავს, მაგრამ ეს ჩემი უკანასკნელი შანსია“, — განაცხადა ბენეტმა ოპერაციამდე.

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ აღნიშნულ ქირურგიულ ოპერაციას 31 დეკემბერს გადაუდებელი ნებართვა მისცა.

დონორი ღორიდან ამოიღეს ის სამი გენი, რომელთა გამოც ხდება ადამიანის იმუნური სისტემის მიერ ღორის ორგანოების მიუღებლობა; ამოიღეს კიდევ ერთი გენი, რათა არ მომხდარიყო ღორის გულის ქსოვილის ჭარბი ზრდა. სანაცვლოდ შეიტანეს ადამიანის ექვსი გენი, რომლებიც პასუხისმგებელია იმუნური სისტემის მიერ მიმღებლობაზე.

ბენეტი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რამდენიმე დღე ან კვირა დარჩება; დააკვირდებიან იმუნური სისტემის პრობლემებს ან სხვა შესაძლო გართულებებს.

„ადამიანის გულის საკმარისი დონორები უბრალოდ არ არიან, რათა პოტენციურ მიმღებთა გრძელ სიაში ყველა დაკმაყოფილდეს. მუშაობას სიფრთხილით ვაგრძელებთ, მაგრამ ამავე დროს ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ მსოფლიოში პირველი ასეთი ქირურგიული ოპერაცია მომავალში პაციენტებს მნიშვნელოვან ახალ ვარიანტს შესთავაზებს“, — ამბობს ქირურგი ბართლი გრიფითი.

გადასანერგად გული ამერიკულმა რეგენერაციულმა სამედიცინო კომპანია Revivicor-მა მოამზადა.

ამჟამად, აშშ-ში, ორგანოთა გადანერგვის მომლოდინე პაციენტთა სიაში 106 657 ადამიანი იმყოფება; ორგანოს მოლოდინში კი დღეში 17 ადამიანი იღუპება.

აღსანიშნავია, რომ უკვე წლებია, არსებობს ღორის გულის სარქვლების ადამიანებში გადანერგვის პრაქტიკა.

2021 წლის ოქტომბერში, ქირურგებმა წარმატებით გატესტეს ღორის გენეტიკურად მოდიფიცირებული თირკმელიც, რომელიც თავის ტვინით მკვდარ პაციენტს გადაუნერგეს.

ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ბიოეთიკის პროფესორის, არტ კაპლანის განცხადებით, ჯერ ძალიან ადრეა, რომ გულის გადანერგვის ოპერაციას წარმატებული ეწოდოს. ასე იმ შემთხვევაში იქნება, თუ პაციენტი, დევიდ ბენეტი კარგი ხარისხით იცოცხლებს თუნდაც რამდენიმე თვის განმავლობაში. ამ ეტაპზე, მისი სიკვდილი ნებისმიერ დროს შესაძლებელია.

თუმცა, მისივე თქმით, რა შედეგიც არ უნდა დადგეს, მნიშვნელოვანია, რომ მკვლევრებმა რაღაც ისეთი ისწავლონ, რასაც მომავალში ტრანსპლანტებში გამოიყენებენ.

მომზადებულია CNN-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი