მეცნიერებმა მიაგნეს ბუნებრივ ცილას, რომელიც ალერგიებს და ავტოიმუნურ დაავადებებს აჩერებს — #1tvმეცნიერება
მეცნიერებმა მიაგნეს ბუნებრივ ცილას, რომელიც ალერგიებს და ავტოიმუნურ დაავადებებს აჩერებს — #1tvმეცნიერება

მილიონობით ადამიანს, რომლებსაც ჰიპერმგრძნობიარე, ზეაქტიური იმუნური სისტემა აქვთ, შეიძლება ჰქონდეთ განცდა, რომ მუდმივად საკუთარ სხეულს ებრძვიან.

გამუდმებული ალერგიები, სიცოცხლისათვის საშიში ანაფილაქსია თუ დამაუძლურებელი ავტოიმუნური დაავადებების პროვოცირება სწორედ იმ სისტემის მიერ ხდება, რომელიც ჩვენს დასაცავად არის ჩამოყალიბებული და ის შეიძლება ამის ნაცვლად პრობლემურიც გახდეს, თუ არასწორად მუშაობს. თუმცა, ახლა უკვე შეიძლება საკმაოდ ახლოს ვიყოთ ამ ხარვეზის სრულიად ახალი გზით აღმოფხვრასთან.

ტრანსგენური თაგვებისა და ადამიანის ნუშისებრი ჯირკვლებიდან აღებული უჯრედული კულტურების გამოყენებით, მკვლევრებმა მიაგნეს იმის ნიშნებს, როგორ შეიძლება იცავდეს ჩვენი სხეული თავს შეცდომებისგან, რაც თავის მხრივ იწვევს ისეთ დაავადებებს, როგორებიც არის ასთმა, საკვებისადმი ალერგიები და წითელი მჭამელი. მათ აღმოაჩინეს ცილა, სახელად ნევრიტინი, რომელსაც იმუნური უჯრედები აწარმოებს. ის დაახლოებით ჩაშენებული, მაღალი დონის ანტიჰისტამინის სახით მოქმედებს.

„არსებობს 80-ზე მეტი ავტოიმუნური დაავადება. მრავალ მათგანში აღმოვაჩინეთ ანტისხეულები, რომლებიც ჩვენს ქსოვილებს ეკვრის და პათოგენების — ვირუსების ან ბაქტერიების ნაცვლად, ჩვენ გვესხმის თავს. დავადგინეთ, რომ ნევრიტინი თრგუნავს მოხეტიალე პლაზმურ უჯრედთა წარმოქმნას, უჯრედების, რომლებიც ამ საშიშ ანტისხეულებს აწარმოებენ“, — ამბობს ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის იმუნოლოგი პაულა გონსალეს-ფიგეროა.

გარკვეული ხნის წინ გაირკვა ისიც, რომ იმუნური სისტემის მარეგულირებელი T ლიმფოციტები თრგუნავს თვითდამიზნებად ანტისხეულებს (ავტოანტისხეული) და იმუნოგლობულინ E-ს (IgE) — ანტისხეულებს, რომლებიც პროვოცირებას უწევენ ალერგიების საპასუხოდ ჰისტამინების გამოყოფას. თუმცა, აქამდე არ ვიცოდით, როგორ ახერხებდნენ მარეგულირებელი T ლიმფოციტები ამას. გონსალეს-ფიგეროას და მის ჯგუფს ამ მექანიზმის გასარკვევად ხუთი წელიწადი დასჭირდა; ამისათვის კი მათ გენური ინჟინერიით გამოყვანილი თაგვები და ადამიანის ლაბორატორიაში გაზრდილი უჯრედები გამოიყენეს.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ბიოლოგიის სხვა ჩვეულ ჯაჭვურ რეაქციებში, ნევრიტინს სწრაფად აწარმოებს უჯრედების სპეციალური კლასი, სახელად ფოლიკულური მარეგულირებელი T უჯრედები (Tfr), რაც ამცირებს IgE-ს წარმოებას (ეს მისი ანტიჰისტამინური მოქმედებაა) და თრგუნავს იმ სხვა პროცესებს, რომლებიც პლაზმის უჯრედებს თვითდამიზნებად მისიებში გზავნის (შესაბამისად, ახშობს ჩვენს ავტოიმუნურ პასუხებს).

თაგვებს, რომლებსაც ნევრიტინის წარმოების უნარი არ ჰქონდათ, ანაფილაქსიით სიკვდილის გაცილებით დიდი შანსი აღენიშნათ, როდესაც კვერცხის ერთ-ერთი ცილა, ალბუმინი შეუყვანეს. ეს თაგვები გენეტიკურად ისე იყვნენ გამოყვანილი, რომ რ ჰქონდათ ნევრიტინის მწარმოებელი Tfr უჯრედები, პლაზმის არასრულყოფილ უჯრედთა პოპულაცია კი სიცოცხლის ადრეულ ეტაპზევე ეზრდებოდათ. ეს გახლავთ უჯრედები, რომლებიც ავტოანტიგენს (თავად ორგანიზმის მიერ წარმოქმნილი ანტიგენი) წარმოქმნეს.

თუმცა, როდესაც ჯგუფმა Tfr-დეფიციტურ თაგვებს ვენებში ნევრიტინი შეუყვანეს, გასაოცარი შედეგები მიიღეს.

„Tfr-დეფიციტური თაგვები, რომლებსაც ნევრიტინით ვუმკურნალეთ, გამოჯანმრთელდნენ“, — წერენ გონსალეს-ფიგეროა და მისი კოლეგები პუბლიკაციაში და განმარტავენ, მკურნალობამ გამოიწვია მოხეტიალე B უჯრედთა პოპულაციის გაქრობაც.

მკვლევართა ჯგუფი გვაფრთხილებს, რომ ჯერ ბოლომდე გასარკვევია ამ იმუნურ მექანიზმში ჩართული სრული გზა, ანუ ნევრიტინის ეფექტი სხვა უჯრედულ პროცესებში. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის ნერვულ სისტემაში ნევრიტინი დიდი ხნის წინ არის შესწავლილი, უცნობი რჩებოდა, ზუსტად რა გზით ააქტიურებს ის უჯრედებს.

ამის გასარკვევად, მკვლევრებმა ადამიანის სისხლის თეთრი უჯრედები და ნუშისებრი ჯირკვლის უჯრედები ცილების თანხლებით შეისწავლეს და მისი შინაგანი მოქმედების დეტალებიც გაარკვიეს. მიღებულმა შედეგებმა კი შეიძლება უკეთესად გვასწავლოს, როგორ შეგვიძლია მომავალში ნევრიტინის გამოყენება იმუნური დაავადებების სამკურნალოდ.

„ეს შეიძლება უბრალოდ ახალ პრეპარატზე მეტი იყოს, შეიძლება გახდეს ალერგიებისა და ავტოიმუნური დაავადებების სამკურნალო სრულიად ახალი მიდგომა“, — ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი კაროლა ვინუესა.

მისივე თქმით, თუ ეს მიდგომა წარმატებული აღმოჩნდა, აღარ დაგვჭირდება მნიშვნელოვან იმუნურ უჯრედთა დაშლა, აღარც მთლიანი იმუნური სისტემის შესუსტება. ამის ნაცვლად, საჭირო იქნება მხოლოდ ჩვენივე სხეულის იმ ცილების გამოყენება, რომლებსაც ის იმუნური შემწყნარებლობის უზრუნველსაყოფად იყენებს.

თუ ისინი არ ცდებიან და ნევრიტინი უსაფრთხო აღმოჩნდა, ალერგიული და ავტოიმუნური დაავადებების მქონე ადამიანებმა ერთ მშვენიერ დღესაც შეიძლება სამშვიდობო ზავი გააფორმონ საკუთარ ორგანიზმთან.

კვლევა ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია anu.edu.au-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.