სიმსუქნის სამკურნალო ახალმა პრეპარატმა არსებულ მედიკამენტებზე გაცილებით დიდი ეფექტი აჩვენა — #1tvმენცნიერება
სიმსუქნის სამკურნალო ახალმა პრეპარატმა არსებულ მედიკამენტებზე გაცილებით დიდი ეფექტი აჩვენა — #1tvმენცნიერება

ყველაზე უბრალო განმარტებით, სიმსუქნე არის ორგანიზმის მიერ მიღებულზე ნაკლები ენერგიის ხარჯვის პროდუქტი. თუმცა რეალობაში, ეს კომპლექსური და ამოუცნობი დაავადება სულაც არ გახლავთ ასე მარტივი.

სიმსუქნე, რომელიც ბოლო ათწლეულებში სულ უფრო დიდი სისწრაფით მიდის წინ და რომელიც ახლა ზრდასრულ ამერიკელთა 40 პროცენტს აწუხებს, ადამიანებისთვის ძნელი ასატანია, მეცნიერთათვის კი რთულად შესასწავლი. უკიდურესად რთულია მისი მკურნალობაც.

ცხოვრების წესის რადიკალურად შეცვლის გარდა, რაც ძირითადად ჯანსაღ კვებასა და ვარჯიშს გულისხმობს, არსებობს მხოლოდ ორი პოტენციური გამოსავალი — ბარიატიული ქირურგია და წონის კლების მედიკამენტები.

პირველი მათგანი ინვაზიურია და ფლობს სხვადასხვა რისკსა და გართულების შანსებს. რაც შეეხება წამლებს, ისინი ყოველთვის ეფექტიანი არ არის და შესაძლოა, გვერდითი ეფექტებიც ჰქონდეთ.

ამასობაში, ახალმა ექსპერიმენტულმა პრეპარატმა, რომელიც მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ გამოსცადეს და შესაბამისი პუბლიკაციაც გამოაქვეყნეს, შეიძლება სრულიად ახალი კარი გაუხსნას პრეპარატებით სიმსუქნის მკურნალობას.

კვლევაში 2000 ჭარბწონიანი ზრდასრული ადამიანი მონაწილეობდა 16 სხვადასხვა ქვეყნიდან. მონაწილეებს კვირაში ერთხელ აძლევდნენ სემაგლუტიდს — მე-2 ტიპის დიაბეტის სამკურნალო უკვე არსებულ პრეპარატს.

საკონტროლო ჯგუფს პრეპარატის ნაცვლად პლაცებოს აძლევდნენ. წონაში კლებაში ხელშეწყობისთვის, ორივე ჯგუფს შეაცვლევინეს ცხოვრების სტილი.

ცდის დასასრულს, მონაწილეებმა, რომლებიც პლაცებოს იღებდნენ, წონაში მცირედით, მაგრამ კლინიკურად მნიშვნელოვანი მაჩვენებლით დაიკლეს. მაგრამ იმ მონაწილეებში, რომლებიც პრეპარატს იღებდნენ, წონის კლება აშკარა იყო.

პრეპარატით 68 კვირის განმავლობაში მკურნალობის შემდეგ, რომელიც ტვინზე სხვადასხვა მოქმედების გზით მადას თრგუნავს, სხეულის წონის საშუალოდ 14,9 პროცენტი დაკარგეს. ჯგუფის 30 პროცენტზე მეტმა კი წონაში 20 პროცენტზე მეტით დაიკლო.

მკვლევართა განცხადებით, ასეთი შედეგების საფუძველზე, ეს პრეპარატი ორჯერ უფრო ეფექტიანია, ვიდრე ამჟამად არსებული წონის კლების სხვა მედიკამენტები და თითქმის იგივე ეფექტი აქვს, რაც ქირურგიულ ჩარევას.

„წონის კლების ასეთი ეფექტით სხვა რომელიმე პრეპარატი ახლოსაც ვერ მოვა, ეს მედიკამენტი თამაშის წესებს შეცვლის“, — ამბობს ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის სიმსუქნის მკვლევარი რეიჩელ ბატერჰემი.

მისივე თქმით, პირველად ისტორიაში, ადამიანებს წამლის საშუალებით შეუძლიათ იმის მიღწევა, რაც აქამდე მხოლოდ ქირურგიული ჩარევით იყო შესაძლებელი.

გარდა წონაში კლებისა, კვლევაში მონაწილეებს გაუუმჯობესდათ სხვა ფაქტორებიც — აღენიშნებოდათ სხვადასხვა კარდიომეტაბოლური რისკფაქტორების შემცირება, ამბობდნენ, რომ გაუმჯობესდა მათი ცხოვრების ხარისხიც.

მიუხედავად იმისა, რომ შედეგები დამაჯერებელია, გარკვეულ დაბრკოლებას წარმოადგენს სემაგლუტიდის დოზირება სიმსუქნის საწინააღმდეგო ეფექტებისთვისთვის საჭირო დოზის შემთხვევაში.

როგორც პლაცებოს, ისე პრეპარატის ჯგუფში დაფიქსირდა მსუბუქი და საშუალო ეფექტები, მათ შორის, ღებინება და ფაღარათი. მიუხედავად იმისა, რომ გვერდითი ეფექტები დროებითი იყო, საკმარისი აღმოჩნდა, რომ 60 მონაწილეს მკურნალობა შეეწყვიტა; პლაცებოს ჯგუფში ასეთი მხოლოდ ხუთი აღმოჩნდა.

ამ მომენტისათვის, პრეპარატი ეფექტიანია კვირაში ერთი ინექციის შემთხვევაში, მაგრამ პაციენტები უპირატესობას ალბათ მაინც მის ორალურ ფორმას მიანიჭებენ.

კიდევ უფრო გასათვალისწინებელი კი ის არის, რომ ჯერ არ ვიცით, როგორ განვითარდა მოვლენები მონაწილების ირგვლივ ცდების ბოლოს პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.

თუმცა, როგორც ერთმა მონაწილემ The New York Times-ს განუცხადა, ცდის დასრულების შემდეგ, მან თანდათან წონაში მომატება დაიწყო.

„მიუხედავად იმისა, რომ ასეთი პრეპარატები შეიძლება მოკლევადიან პერსპექტივაში ეფექტიანი იყოს წონის დასაკლებად მწვავე სიმსუქნის დროს, ისინი ნამდვილად არ გახლავთ ჯადოსნური ჯოხი ნაკლებად მწვავე ხარისხის სიმსუქნის პრევენციის ან მკურნალობისთვის“, — ამბობს ლონდონის კინგსის კოლეჯის პროფესორ-ემერიტუსი, ნუტრიციოლოგი ტომ სანდერსი, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა.

მისივე თქმით, მაინც საჭიროა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომები, რომლებიც ახალისებს ქცევის ცვლილებას, მაგალითად, რეგულარული ფიზიკური აქტივობა და საკვებით ზომიერი ენერგიის მიღება.

ამ საყოველთაოდ აღიარებულ სიბრძნეს არავინ უარყოფს, მაგრამ თუ სემაგლუტიდის სამომავლო ანალიზები წარმატებული აღმოჩნდა, ხელთ გვექნება სიმსუქნესთან ბრძოლის კიდევ ერთი ახალი, მნიშვნელოვანი ფარმაცევტული ვარიანტი.

ეს ვარიანტი კი შეიძლება იმაზე მალე გამოჩნდეს, ვიდრე გვგონია.

კვლევას აფინანსებდა ფარმაცევტული კომპანია Novo Nordisk-ი, რომელიც სემაგლუტიდს და დიაბეტის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებს აწარმოებს. კომპანია ახლა უკვე მტკიცებულებათა წარდგენას გეგმავს ჯანდაცვის საერთაშორისო მარეგულირებლებისათვის, რომლებიც საბოლოოდ გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა პრეპარატი სიმსუქნის სამკურნალოდ.

მონაცემებს ამჟამად აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია (FDA) და მისი ბრიტანული და ევროპული ანალოგები სწავლობენ.

კვლევა The New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.