რა სახის საკვები გვასუქებს - ახალი კვლევის შედეგები
რა სახის საკვები გვასუქებს - ახალი კვლევის შედეგები

რა სახის საკვები გვასუქებს ყველაზე მეტად? ეს სიმსუქნის კვლევის ერთ-ერთი ფუნდამენტური და პასუხგაუცემელი კითხვაა. ექსპერტები ბრალს მრავალ სხვადასხვა საკვებს სდებენ, მაგალითად, ცხიმიან და შაქრიან ან ნაკლები ცილების მქონე საკვებს, რომლებსაც ხშირად გაუცნობიერებლად, ძალიან ბევრს ვჭამთ.

ნებისმიერი მათგანის წინააღმდეგ მრავალი მტკიცებულების პოვნა შეიძლება, მაგრამ გრძელვადიანი ექსპერიმენტული კვლევების ჩატარება საკმაოდ რთული, არაეთიკური და არაპრაქტიკულია.

თუმცა, ასეთი კვლევის ჩატარება შესაძლებელია თაგვებზე. კვების რაციონის ახალ კვლევაში, რომელიც ჟურნალ Cell Metabolism-ში გამოქვეყნდა, მკვლევრებმა 29 განსხვავებული კვების რაციონიდან თითო-თითო შემთხვევითი მისცეს ასობით მამრ თაგვს.

ზოგიერთი რაციონი კალორიების 80 პროცენტს შეიცავდა ნაჯერი და უჯერი ცხიმების სახით, ძალიან ცოტა იყო ნახშირწყლების წილი. ზოგიერთი რაციონი კი შეიცავდა ნაკლებ ცხიმსა და დიდი ოდენობით რაფინირებულ ნახშირწყლებს, ძირითადად მარცვლეულისა და სიმინდის სიროფის სახით, თუმცა, ზოგიერთ ვარიაციაში წარმოდგენილი იყო შაქრის ნახშირწყლები.

დანარჩენი საკვები ხასიათდებოდა ცილების ძალიან მაღალი ან დაბალი პროცენტული წილი. ერთსა და იმავე რაციონს თაგვებს სამი თვის განმავლობაში აძლევდნენ, რაც ადამიანის დაახლოებით ცხრა წლის ეკვივალენტია. თაგვებს ჭამა და მოძრაობა საკუთარ გალიებში შეეძლოთ. ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ, თაგვები აწონეს და შეისწავლეს მათი ორგანიზმის შემადგენლობა. გარდა ამისა, ასევე შეისწავლეს ტვინის ქსოვილებიც, რათა გაერკვიათ, იყო თუ არა შეცვლილი გენების აქტივობა.

აღმოჩნდა, რომ თაგვების მხოლოდ გარკვეული ნაწილი გასუქდა — თითქმის ყველა მათგანი, რომელთა კვების რაციონიც ძლიერ ცხიმიანი იყო. ამ თაგვებს აღენიშნებოდათ გარკვეული ცვლილებებიც ზოგიერთ გენთა აქტივობაში, თანაც ტვინის იმ ზონებში, რომლებიც პასუხისმგებელია ჯილდოს მიღების მოლოდინთან დაკავშირებულ გრძნობებზე. გაირკვა, რომ ცხიმიანი საკვები მათ აბედნიერებდა.

წონის მნიშვნელოვანი მატება და გენების ასეთივე ცვლილება არ გამოუწვევია არც ერთ სხვა საკვებს, მათ შორის არც შაქრით მდიდარს. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ წონის მნიშვნელოვანი მატება არ გამოიწვია ცხიმის სუპერმაღალი შემცველობის (60 პროცენტზე მეტი ცხიმი) საკვებმა. ასეთი რაციონის მომხმარებელი თაგვები სხვებისგან განსხვავებით ნაკლებს ჭამდნენ, სავარაუდოდ იმიტომ, რომ მათ უბრალოდ მადა უქვეითდებოდათ.

იგივე შედეგები აჩვენა მომდევნო ექსპერიმენტმაც ოთხი სხვადასხვა ჯიშის თაგვებში. გასუქდნენ მხოლოდ ის მამრი თაგვები, რომლებიც შედარებით ძლიერ ცხიმიან საკვებს ჭამდნენ, სხვები კი არა.

„როგორც ჩანს, თაგვებს არ ასუქებს უკიდურესად მაღალი ოდენობის ცხიმის შემცველი საკვები, მაგრამ ასუქებს უბრალოდ ცხიმიანი რაციონი“, — აღნიშნავს პროფესორი ჯონ სპიკმენი.

სპიკმენი და მისი კოლეგები დარწმუნებული არიან, რომ ცხიმიანი საკვები ასტიმულირებს და ცვლის ტვინის ნაწილებს, რის გამოც თაგვებს იმდენად უნდებათ ცხიმიანი საკვები, რომ ისინი უგულებელყოფენ ორგანიზმის სხვა სიგნალებს იმასთან დაკავშირებით, რომ მათ უკვე საკმარისი ენერგია მიიღეს.

უნდა აღინიშნოს, რომ კვლევა ფოკუსირებული იყო წონის მატებაზე და არა კლებაზე, და რაც მთავარია, ჩატარდა თაგვებზე და არა ადამიანებზე. თუმცა, შედეგები დამაფიქრებელია. თაგვებს ასუქებს არა შაქარი ან ცილების დეფიციტი, არამედ ცხიმი.

მომზადებულია The New York Times-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი