შექმნეს მარტივი სტიკერი, რომელიც ხმის დარღვევების მქონე ადამიანებს კვლავ ლაპარაკის საშუალებას მისცემს — #1tvმეცნიერება
შექმნეს მარტივი სტიკერი, რომელიც ხმის დარღვევების მქონე ადამიანებს კვლავ ლაპარაკის საშუალებას მისცემს — #1tvმეცნიერება

ახალი წებოვანი ლენტის საშუალებით, ხმის დარღვევების მქონე ადამიანებმა ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება კვლავ დაილაპარაკონ. ლენტი ხელოვნური ინტელექტის საშუალებით კითხულობს მათი ყელის კუნთების მოძრაობებს და მათ მეტყველებად გარდაქმნის.

ამერიკელ მკვლევართა მიერ ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, პატარა, ელასტიკური ლენტი მხოლოდ კუნთების მოძრაობებით იკვებება.

ლენტი კანზე ეკვრება და ხორხის კუნთების მოძრაობებს ელექტრულ სიგნალებად გარდაქმნის, რომლებსაც თავის მხრივ, მანქანური სწავლების ალგორითმი, ანუ ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი ფორმა მეტყველებად გარდაქმნის.

ამის შემდეგ, დინამიკი იმ წინადადებას უკრავს, რომლის წარმოთქმაც პიროვნებას ხმამაღლა სურდა. თუმცა, მოწყობილობა ჯერ მხოლოდ პროტოტიპია და ამჟამად მხოლოდ გარკვეული, წინასწარ ჩაწერილი ფრაზების გადმოცემა შეუძლია.

რაც ყველაზე მთავარია, ლენტი მუშაობს ადამიანის ხმის იოგების ვიბრაციების აღქმის საჭიროების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მეტყველების აღდგენაში დაზიანებული იოგების მქონე ადამიანებსაც დაეხმარება. მკვლევართა ჯგუფს ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარი ზიუან ჩე ხელმძღვანელობდა.

კვლევის თანახმად, ხმის სულ მცირე ერთი დარღვევა ცხოვრების განმავლობაში ადამიანთა დაახლოებით მესამედს ემართება.

ხმის დაკარგვა

მკვლევართა განცხადებით, ხმის სერიოზული პრობლემების ამჟამად არსებული სამკურნალო საშუალებები, მაგალითად, ხელში დასაჭერი მოწყობილობები (ელექტროხორხი), არასასიამოვნო, არაკომფორტული და ინვაზიურია.

წყალგაუმტარი ლენტი დაახლოებით მოზრდილი მონეტის ზომისაა და შვიდ გრამს იწონის. ტექსტურით რეზინის ხელთათმანს წააგავს.

მოწყობილობის შესამოწმებლად, ხმის დარღვევების არმქონე რვა მოხალისეს სთხოვეს, ელაპარაკათ და ეჩურჩულათ ხუთი წინადადება, მათ შორის — „შობას გილოცავ“, „მიყვარხარ“ და „შენი არ მჯერა“.

ფრაზებს ისინი ამბობდნენ სხვადასხვა მდგომარეობაში — მდგომარე, სიარულის და სირბილისას, რათა დამტკიცებულიყო, რომ ლენტი მოძრაობისას მუშაობდა.

95 პროცენტ შემთხვევაში, მოწყობილობა ზუსტად პროგნოზირებდა, რას ამბობდნენ მოხალისეები.

მკვლევართა განცხადებით, ზოგიერთი სიტყვა, რომელიც ყელის კუნთებში ერთმანეთის მსგავსად მოძრაობდა, მაგალითად, „make“ და „Mark“ — ლენტისთვის შეიძლება რთულად გასარჩევი იყოს.

„თუმცა, ეს ორი სიტყვა, როგორც წესი, გრძელ წინადადებებში გამოიყენება, რაც მოწყობილობას არა მხოლოდ სიტყვების, არამედ კონტექსტის აღქმის საშუალებას აძლევს“, — ამბობს ჩე.

მისი განცხადებით, პროტოტიპს ალბათ წლები დასჭირდება, ვიდრე პაციენტებში გამოყენებისთვის დაინერგება.

მკვლევარს იმედი აქვს, რომ უფრო დახვეწილი ალგორითმები მოწყობილობას გაცილებით სრულყოფილად მუშაობის საშუალებას მისცემს.

კვლევა Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.