რევოლუციური ხელის პროთეზი ქალის ძვლებს, კუნთებსა და ნერვებს შეეზარდა — #1tvმეცნიერება
რევოლუციური ხელის პროთეზი ქალის ძვლებს, კუნთებსა და ნერვებს შეეზარდა — #1tvმეცნიერება

50 წლის შვედ ქალს, რომელმაც ხელი ფერმაში მომხდარი ინციდენტისას დაკარგა, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი პროთეზი დაუყენეს, რომელიც ამავე დროს, ტრანსფორმაციულიც აღმოჩნდა.

ბიონიკური ხელი ეფუძნება რევოლუციურ ტექნოლოგიას, რომელიც პირდაპირ მომხმარებლის ძვლებს, კუნთებსა და ნერვებს უერთდება და წარმოქმნის ადამიანი-მანქანის ინტერფეისს; შედეგად, ხელოვნურ ინტელექტს თავის ტვინის სიგნალების ზუსტ, მაგრამ მარტივ მოძრაობებად გადათარგმნა შეუძლია.

ქალი, რომელსაც ბიონიკური ხელი დაუყენეს, სახელად კარინი (გვარი ანონიმურია), ახლა გარკვეულწილად გრძნობს შეხებას და ინდივიდუალურად ამოძრავებს ხუთ ბიონიკურ თითს, თანაც 95-პროცენტიანი წარმატებით.

კარინმა ოცი წელი იცხოვრა მარჯვენა ხელის გარეშე, მაგრამ ახლა, მას უკვე შეუძლია ყოველდღიური საქმიანობის 80 პროცენტის შესრულება, მაგალითად, საკვების მომზადება, საგნების აღება, ჩანთებისა და ტანსაცმლის შეკვრა გახსნა, კარის ჩამკეტის დატრიალება, ხრახნების დაჭერა.

ხელის პროთეზი

გარდა ამისა, პროთეზული ხელის დაყენების შემდეგ, მნიშვნელოვნად შემცირდა კარინის ყრუ ტკივილიც, რომელიც მისი თქმით, ისეთი იყო, თითქმის ხელს ხორცსაკეპ მანქანაში ყოფდა.

„პროთეზით ყველაფერს უკეთესად ვაკონტროლებ, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ტკივილი შემიმსუბუქდა. დღეს გაცილებით ნაკლები მკურნალობა მჭირდება“, — ამბობს კარინი.

ინჟინერთა საერთაშორისო ჯგუფმა, რომელმაც კარინის ბიონიკური ხელი შექმნა, მისი წარმატების შესახებ ახლახან გამოაქვეყნა პუბლიკაცია ჟურნალ Science Robotics-ში.

შვედ, იტალიელ და ავსტრალიელ მკვლევართა განცხადებით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც შიდა ელექტროდების მქონე რობოტულმა ხელმა გრძელვადიანი სიცოცხლისუნარიანობა აჩვენა იდაყვს ქვემოთ ამპუტაციის შემთხვევებში.

„ის ფაქტი, რომ უკვე წლებია, კარინი თავის პროთეზს კომფორტულად და ეფექტიანად იყენებს ყოველდღიურ საქმიანობაში, ამ ახალი ტექნოლოგიის იმედისმომცემი და პოტენციურად ცხოვრების სრულიად შემცვლელი საშუალებაა იმ ადამიანთათვის, რომლებმაც კიდური დაკარგეს“, — ამბობს კვლევის ავტორი, ავსტრალიის ქალაქ მელბურნის ბიონიკის ინსტიტუტის მკვლევარი მაქს ორტიც კატალანი.

სამი წლის წინ, როდესაც კარინს პროთეზი დაუყენეს, მკვლევრები ამბობდნენ, რომ ტექნოლოგია უნიკალური იყო. ბაზარზე არსებულ ხელის არცერთი სხვა პროთეზს არ ჰქონდა ჩაშენებული სენსორები. ამ დროისათვის, უმეტეს მოდელს სენსორული ელექტროდები გარეთ აქვს, რობოტის „კანქვეშ“.

თუმცა, ეს მეთოდი აქვეითებს რობოტული ხელიდან გამომავალი სენსორული სიგნალების რაოდენობას და ხარისხს, რაც ზღუდავს მის კონტროლს; ეს პრობლემა პროთეზული ტექნოლოგიის წინაში მისი გამოჩენის დღიდან, უკვე 60 წელია დგას.

გასულ ათწლეულში, ორტიც კატალანი მუშაობდა უკეთეს გამოსავალზე, რომელიც „ოსეოინტეგრაციას“ ეფუძნება.

არსებითად ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც იმპლანტს პიროვნების ძვალზე ადებენ, ძვლის უჯრედები მის გარშემო მჭიდროდ შეიზრდება.

„ეს გაერთიანება იმდენად ძლიერია, რომ შეგვიძლია, ხელოვნური კიდური პირდაპირ ჩონჩხს მივაბათ“, — განმარტავს ორტიც კატალანი.

როდესაც ამ მეთოდს რეკონსტრუქციული ქირურგიაც ემატება, ორტიც კატალანი ირწმუნება, რომ მას „ნამდვილად შეუძლია ბიოლოგიასთან და ელექტრონიკასთან ინტეგრაცია“.

იმისათვის, რათა უზრუნველყონ ინტერფეისი კარინის პროთეზთან დასაკავშირებლად, ორი იმპლანტანტი მის იდაყვისა და რადიუსის ძვლებში მოათავსეს. ამის შემდეგ, ფეხიდან გადანერგილი კუნთი ამ იმპლანტანტებს მიუერთეს, რამაც კარინის მოჭრილ მკლავს გაუჩინა კუნთები და ნერვები, რომლებზე მიბმაც შესაძლებელი გახდა.

მნიშვნელოვანია, რომ ეს გადანერგილი კუნთები შეიცავდა ელექტროდებს ინტერფეისის სიგნალთა გასაძლიერებლად.

იმის გამო, რომ პროთეზი პირდაპირ ძვალზეა მიმაგრებული, მკვლევრები ამბობენ, რომ ის პაციენტებისთვის სატარებლად გაცილებით კომფორტულია.

ამას გარდა, იმის გამო, რომ სენსორული ელექტროდები რობოტულ ხელში შიგნით არის ჩამონტაჟებული და არა გარეთ, ხელი თანმიმდევრულად და საიმედოდ იღებს პირდაპირ ნერვულ სტიმულირებას.

ტრადიციულ პროთეზთან შედარებით, ახალმა ტექნოლოგიამ კარინს თითქმის ოთხჯერ გაუუმჯობესა დაჭერის სიზუსტე.

პროთეზულ ხელს მია ხელი დაარქვეს და ის იტალიურმა კომპანია Prensilia-მ შექმნა, რომელიც ევროკომისიის მიერ არის დაფუძნებული და რობოტულ და ბიოსამედიცინო მოწყობილობებს აწარმოებს.

პროთეზის შემქმნელი, მაქს ორტიც კატალანი ამჟამად უკრაინაში მუშაობს, რათა დაეხმაროს ადამიანებს, რომლებმაც ომის დროს კიდურები დაკარგეს.

კვლევა Science Robotics-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია bionicsinstitute.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.