მეცნიერებმა ანტისხეულებით შექმნეს საშუალება, რომელიც ლაიმის დაავადებისგან დაგვიცავს
მეცნიერებმა ანტისხეულებით შექმნეს საშუალება, რომელიც ლაიმის დაავადებისგან დაგვიცავს

ლაიმის დაავადება, იგივე ბორელიოზი მთელ მსოფლიოში გავრცელებული ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი დაავადებაა. იწვევს ბაქტერია, რომელიც ორგანიზმში ინფიცირებული ტკიპის კბენის შედეგად ხვდება; სათანადო მკურნალობის გარეშე, სიმპტომებს შორის არის ართრიტი, გულისა და ნევროლოგიური პრობლემები.

წარმოადგენს ტკიპის ნაკბენით გამოწვეულ ყველაზე გავრცელებულ დაავადებას აშშ-ში. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ლაიმის დაავადებით აშშ-ში ყოველწლიურად დაახლოებით 300 000 ადამიანი ავადდება.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2018 წელს ჩვენს ქვეყანაში ლაიმის დაავადების 400 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 81 შემთხვევა ბავშვებში. 2017 წელს შემთხვევათა რაოდენობა 180 იყო, 2016 წელს კი 266.

მეცნიერები, ექიმები და ეკოლოგები უკვე ათწლეულებია მუშაობენ, რათა შეამცირონ ლაიმის დაავადების გავრცელება და შავფეხა ტკიპები, რომლებსაც ამ დაავადების გამომწვევი ბაქტერია გადააქვთ. თუმცა, ტკიპების გავრცელების დიაპაზონი სულ უფრო იზრდება. დღეისათვის, ამერიკელთა 50 პროცენტი ცხოვრობს ისეთ ზონებში, სადაც ეს ტკიპები არიან გავრცელებული.

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ ლაიმის დაავადების ვაქცინა 1998 წელს დაამტკიცა, მაგრამ ის საკმაოდ საკამათო აღმოჩნდა და სამი წლის შემდეგ ბაზრიდან ამოიღეს. ვაქცინის შექმნაზე მუშაობა დღემდე გრძელდება; მეცნიერები ბორელიოზის შეჩერებას სხვა გზებითაც ცდილობენ, მათ შორის გენური ინჟინერიით თაგვების იმუნიზაციას, რომლებიც ბაქტერიას ტკიპებს გადასცემენ; ტკიპების მოსპობასა და მათ კონტროლს პესტიციდებით.

მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მედიცინის პროფესორი მარკ კლემპნერი და მისი კოლეგები დიდი ხანია, ლაიმის დაავადების პრევენციის სრულიად სხვანაირ საშუალებაზე მუშაობენ — ყოველწლიურ ინექციაზე. კლემპნერი ინფექციურ დაავადებათა ექიმი-მეცნიერია და ლაიმის დაავადების კვლევასა და პრევენციაზე მუშაობას საკუთარი კარიერის უდიდესი ნაწილი მიუძღვნა. ის ასევე ხელმძღვანელობს მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის დანაყოფ MassBiologics-ს, რომელიც ერთადერთი არაკომერციული, FDA-ის მიერ ლიცენზირებული ვაქცინების მწარმოებელია აშშ-ში.

მათ მეთოდს Lyme PrEP-ი ეწოდება და გულისხმობს ლაიმის დაავადების საწინააღმდეგო ანტისხეულის ერთ შეყვანას პირდაპირ ადამიანის ორგანიზმში და არა პაციენტის იმუნური სისტემისთვის ანტისხეულების გამომუშავების იძულებას, როგორც ამას ვაქცინები აკეთებს.

ეს იქნება წელიწადში ერთხელ აცრა, რომლის გაკეთებაც ადამიანებს ტკიპების სეზონის დაწყებამდე შეეძლებათ. ამ მეთოდის შესახებ კლემპნერი ჯგუფმა რამდენიმე კვლევა გამოაქვეყნა, მათ შორის, მისი წარმატების შესახებ თაგვებსა და პრიმატებში. 2020 წლის ბოლოს, ისინი ადამიანებზე ცდების პირველი ფაზის დაწყებასაც გეგმავენ.

წარუმატებელი ვაქცინის ამბავი

1998 წელს, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) დაამტკიცა ლაიმის დაავადების ვაქცინა, რომელიც შედგებოდა ამ დაავადების გამომწვევი ბაქტერიის, Borrelia burgdorferi-ს ზედაპირიდან აღებული ანტიგენი ცილებისგან.

ვაქცინა მოქმედებს დაავადების გამომწვევი აგენტის ცილების ორგანიზმში შეყვანის გზით, რაც ორგანიზმის იმუნურ პასუხს იწვევს და ამ დროს წარმოიქმნება ბაქტერიული ცილების საწინააღმდეგო ანტისხეულები.

საუკუნეზე მეტია, ანტისხეულებს ინფექციურ დაავადებათა პრევენციისა და მკურნალობისათვის იყენებენ. ლაიმის ვაქცინის შემთხვევაში, სხეულს შეიძლება მრავალი თვე დასჭირდეს ინფექციის პრევენციისათვის საკმარისი დონის იმუნურობის წარმოსაქმნელად. გარდა ამისა, ვაქცინის მიერ წარმოქმნილ ზოგიერთ ანტისხეულს შეიძლება ჰქონდეს გვერდითი ეფექტებიც.

ვაქცინა, სახელად LYMErix, ინფექციას დიდწილად ამცირებდა, მაგრამ გარკვეული შეზღუდვებისა და საკამათოობის გამო, სამი წლის შემდეგ ბაზრიდან ამოიღეს.

იმუნურობის მიღწევამდე, საჭირო იყო მისი გაკეთება წელიწადში რამდენჯერმე. გაურკვეველი იყო ვაქცინის იმუნურობის ხანგრძლივობაც, რაც რეგულარულ საკონტროლო აცრებს მოითხოვდა. გარდა ამისა, პოპულარობაზე უარყოფითად იმოქმედა გავრცელებულმა ცნობებმა გვერდითი ეფექტების, მაგალითად, ართრიტის შესახებ, რომელიც ზოგიერთ ვაქცინირებულს განუვითარდა.

ამჟამად, ფრანგული ბიოტექნოლოგიური კომპანია Valneva და ამერიკული Pfizer-ი ლაიმის ვაქცინაზე ერთობლივად მუშაობენ; კვლევა უკვე კლინიკური ცდების ეტაპზეა.

განსხვავებული მიდგომა

ვაქცინისგან განსხვავებით, Lyme PrEP-ი იყენებს ადამიანის ერთ ანტისხეულს, იგივე სისხლის ცილას, რათა ბაქტერია ტკიპის მუცელში მოკლას მაშინ, როდესაც ის ადამიანს სისხლს წოვს, იქამდე, ვიდრე ეს ბაქტერია ადამიან მასპინძელში შეაღწევს.

მარკ კლემპნერის ჯგუფმა კვლევის დროს გააცნობიერა, რომ ინფექციის პრევენციისათვის საკმარისი იყო იმ ანტისხეულთაგან მხოლოდ ერთი, რომლებიც LymeRx-ის მრავალი ინექციის შედეგად წარმოიქმნებოდნენ. შესაბამისად, მათ გაარკვიეს, რომელი ანტისხეული განაპირობებდა იმუნურობას და ცხოველებშიც გატესტეს, სადაც მან 100-პროცენტიანი ეფექტიანობა აჩვენა.

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ Lyme PrEP-ი დაავადებისგან დაცვას ინექციისთანავე განაპირობებს, რადგან სისხლში იწყებს ცირკულირებას. ვაქცინისგან განსხვავებით, რომელიც მრავალ ისეთ ანტისხეულს წარმოქმნის, რომლებიც არა დაცვას, არამედ გვერდით ეფექტებს იწვევენ, ეს მიდგომა იყენებს მხოლოდ ერთ, განსაზღვრული სახის ანტისხეულს, შესაბამისად, მცირდება გვერდითი ეფექტების რისკი.

Lyme PrEP-ის ერთი ინექციის თავდაპირველმა ტესტებმა თაგვები რამდენიმე კვირის განმავლობაში დაიცვა.

თუმცა, ადამიანებს დაცვა უფრო დიდხანს სჭირდებათ, დაახლოებით 9-თვიანი სეზონის განმავლობაში, როცა შემთხვევათა 90 პროცენტი ხდება. კლემპნერის ჯგუფმა Lyme PrEP ანტისხეულის ისე შექმნა, რომ დამცავმა ეფექტებმა ამ დროის განმავლობაში გასტანოს. თუმცა, დაცვის ზუსტი დრო კლინიკური ცდების დროს გაირკვევა.

კლინიკური ცდების პირველი ფაზა 2020 წლის ბოლოს დაიწყება, შეამოწმებს უსაფრთხოებას და განსაზღვრავს, რამდენ ხანს სძლებს ის ადამიანის სისხლის მიმოქცევის სისტემაში.

წარმატების შემთხვევაში, კლინიკური ცდების პირველი ფაზა 2021 წელს დასრულდება. ამას მოჰყვება მეორე ფაზა, რომელშიც მოხალისეთა მცირე ჯგუფში შემოწმდება საშუალების უსაფრთხოება და ეფექტიანობა, შემდეგ კი დაიწყება მესამე ფაზა, რომელშიც ეფექტიანობას მრავალ მოხალისეზე შეამოწმებენ. მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ ეს ყველაფერი 2022 ან 2023 წლის ბოლოს დასრულდება.

COVID-19-ის პანდემიამ ისე, როგორც არასოდეს, წარმოაჩინა, რამდენად მნიშვნელოვანია ინფექციების პრევენციაზე მუშაობა.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი