თამარ ჩუგოშვილი - არც ერთი მოცემულობითა და არგუმენტით არ შეიძლება, რომ პანკისის ხეობაში პოლიციელებზე თავდასხმა გამართლებული იყოს
არც ერთ მოცემულობაში და არც ერთი არგუმენტით არ შეიძლება, რომ პანკისის ხეობაში პოლიციელებზე თავდასხმა გამართლებული იყოს, – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხარო იყო ის ესკალაცია, რომელიც პანკისის ხეობაში მოხდა.
„ამ საკითხს რამდენიმე მხარე აქვს. რაც სრულიად ნათელია, არის ის, რომ პოლიციელებზე თავდასხმა დაუშვებელია. არც ერთ მოცემულობაში და არც ერთი არგუმენტით არ შეიძლება, რომ გამართლებული იყოს. ამაზე ძალიან ცხადი პოზიცია მაქვს. რაც შეეხება ჰესების მშენებლობის აუცილებლობას, ამის თაობაზე, რომ ზიანი კი არა, პირიქით, შეიძლება სარგებელი მოუტანოს როგორც ხეობას, ასევე მთლიანად ქვეყანას, ამაზე ალბათ მეტი კომუნიკაციაა საჭირო, ვინაიდან უკვე შეთანხმდნენ მხარეები, რომ მშენებლობა გაგრძელდება მას შემდგომ, სანამ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ ექნება მხარდამჭერი პოზიცია და სრულფასოვანი ინფორმაცია. ვფიქრობ, განიმუხტება სიტუაცია“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
პანკისის ხეობაში, სადაც ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ, ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირება ორჯერ მოხდა. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები და ჯოხები დაუშინეს, შეკრებილების წინააღმდეგ კი, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.
ადგილზე ჩავიდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, რომლებიც აქციის მონაწილეებს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ. გიორგი გახარიამ აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჰესი აშენდება მაშინ, როცა მშენებლობას მოსახლეობის 90 პროცენტი დაუჭერს მხარს. ამასთან, მისივე განცხადებით, ყველა ის ადამიანი, რომელმაც პანკისის ხეობაში ფიზიკურად იძალადა შსს-ს თანამშრომლებზე, კანონის შესაბამისად აგებს პასუხს.
პანკისის ხეობაში დაპირისპირებისას სამედიცინო დახმარება 40-ზე მეტ ადამიანს დასჭირდა, მათ შორის უმრავლესობა სამართალდამცველი იყო. ამასთან, სოფელ ბირკიანში პოლიციელებზე თავდასხმისა და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
პანკისის ხეობაში მცირე ჰესის „ხადორი-3“-ის მშენებლობას კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ გეგმავენ. აღნიშნულმა კომპანიებმა დღეს განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება.