თამარ ჩუგოშვილი - სამართლებრივ ნაწილში პარლამენტის წარმომადგენლები ჩიხში არიან შესული, აბსურდამდე მივიდა მათი მტკიცება
თამარ ჩუგოშვილი - სამართლებრივ ნაწილში პარლამენტის წარმომადგენლები ჩიხში არიან შესული, აბსურდამდე მივიდა მათი მტკიცება

სამართლებრივ ნაწილში პარლამენტის წარმომადგენლები სრულ ჩიხში არიან შესული, აბსურდამდე მივიდა მათი მტკიცება და ის, რასაც ისინი ამტკიცებენ, არის წარმოუდგენელი, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვაზე პრეზიდენტის წარმომადგენელმა, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, საქმეში აბსოლუტურად არ არის მტკიცებულებები.

„დარწმუნებული ვარ, სასამართლო ვერ გაიზიარებს იმას, რომ, მათი მტკიცების მიხედვით, მაგალითად, როდესაც პრეზიდენტს სხვა ქვეყნის პრეზიდენტი ურეკავს, ტელეფონი არ უნდა აიღოს. ეს აბსურდია. ამაში შევიდა მათი სამართლებრივი დასაბუთება. მეორეა მტკიცებულებები. საქმეში აბსოლუტურად არ არის მტკიცებულებები. საერთოდ, არცერთი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი და, შესაბამისად, მათი პოზიცია არც მტკიცებულებებით არაა გამყარებული. ჩვენ გვაქვს მხოლოდ საქმიანი დამოკიდებულება. ვნახოთ, ისინი როგორ მოიქცევიან. მინდა, ერთ რამეზე გავაკეთო აქცენტი: ოხანაშვილს უთქვამს, რომ პროცესიდან გავიქეცით. მას ვურჩევთ, თუ რამის თავი აქვს, პროცესზე გვეკამათოს. სამი დღეა ზის და საერთოდ ხმა არ ამოუღია სასამართლო პროცესზე, სამი დეპუტატი ზის და არაფერი უთქვამთ. ასე რომ, თუ რამის თავი აქვთ, პროცესზე გვითხრან“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.