თამარ ჩუგოშვილი - კონსტიტუციის უკიდურესი დარღვევა იქნებოდა ნებისმიერი კონტაქტი ისეთ ქვეყნებთან, რომლებსაც აღიარებული აქვთ ოკუპირებული ტერიტორიები და არ ცნობენ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას
თამარ ჩუგოშვილი - კონსტიტუციის უკიდურესი დარღვევა იქნებოდა ნებისმიერი კონტაქტი ისეთ ქვეყნებთან, რომლებსაც აღიარებული აქვთ ოკუპირებული ტერიტორიები და არ ცნობენ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას

პრეზიდენტის ნებისმიერი ქმედება, რომელიც საგარეო ურთიერთობების კუთხით მოიცავს კონტაქტს, მაგრამ არ მივყავართ ხელშეკრულების დადებამდე, პოლიტიკური ვალდებულების წარმოშობამდე თუ სხვა ტიპის შედეგამდე, წარმოდგენილი საგარეო პოლიტიკის ცვლილებამდე პრეზიდენტის მხრიდან არის კანონიერი და კონსტიტუციური ქმედება, – ამის შესახებ იმპიჩმენტის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე პრეზიდენტის წარმომადგენელმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, კონსტიტუციის უკიდურესი დარღვევა იქნებოდა ნებისმიერი კონტაქტი ისეთ ქვეყნებთან, რომლებსაც აღიარებული აქვთ ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიები და არ ცნობენ ქვეყნის ოკუპაციას.

„რა შემთხვევაში დაარღვევს პრეზიდენტი 52-ე მუხლს? პირველ რიგში, სტატუსიდან გამომდინარე, პრეზიდენტის მიერ სხვადასხვა ნაბიჯი თუ კონტაქტი, რომელიც შეიძლება დაამყაროს, საკმაოდ შეზღუდულია, რადგან ის ვერ აიღებს ვერანაირ ახალ ვალდებულებას, ვერ შევა მოლაპარაკებებში, მას შეუძლია მხოლოდ ესაუბროს სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, რათა მოიპოვოს მათი მხარდაჭერა იმ პოლიტიკისთვის, რაც დეკლარირებული აქვს პარლამენტსა და მთავრობას. მაგალითად, რა იქნებოდა დარღვევის ყველაზე მკაფიო და უკიდურესი ზომა? ნებისმიერი კონტაქტი ისეთ ქვეყნებთან, რომლებსაც, მაგალითად, აღიარებული აქვთ ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიები და არ ცნობენ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას. მაგალითად, ის, რაც პრემიერმა გააკეთა და რაც კონსტიტუციის დარღვევას წარმოადგენს – ჩინეთში სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერა ხელი. ეს მთავრობის მხრიდანაც დარღვევაა და ეს რომ პრეზიდენტსაც განეხორციელებინა, 52-ე მუხლის დარღვევა იქნებოდა. საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი კონსტიტუციით განსაზღვრა, რომ საქართველოს მიზანია იყოს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი – ეს მთავარი ხაზი უკვე განსაზღვრულია. პრეზიდენტი ვერცერთ შემთხვევაში ვერ იმოქმედებს პარლამენტის მიერ დადგენილი და მთავრობის მიერ განხორციელებული საგარეო პოლიტიკის ფარგლებს გარეთ, ეს იქნება მისგან არაკონსტიტუციური ქმედება. პრეზიდენტის ნებისმიერი ქმედება, რომელიც საგარეო ურთიერთობების კუთხით მოიცავს კონტაქტს, მაგრამ არ მივყავართ ხელშეკრულების დადებამდე, პოლიტიკური ვალდებულების წარმოშობამდე თუ სხვა ტიპის შედეგამდე, წარმოდგენილი საგარეო პოლიტიკის ცვლილებამდე პრეზიდენტის მხრიდან არის კანონიერი და კონსტიტუციური ქმედება“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, „პრეზიდენტი სხვა ქვეყნების თანამდებობის პირებთან საუბრობს მხოლოდ და მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული სასაუბროების ფარგლებში, ყველა კომუნიკაცია მოიცავს ერთადერთ რამეს – რა გეოპოლიტიკურ ვითარებაში ვართ და როგორი აუცილებელია, რომ იმ ქვეყნისგან, რომლის ლიდერსაც ხვდება, მხარდაჭერა ჰქონდეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხში და ეს ძალიან ცალსახაა“.

„ამის საწინააღმდეგო უნდა წარმოგვიდგინოს მან, ვინც მოითხოვს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას იმის გამო, რომ პრეზიდენტი ცდილობს, ყველაფერი გააკეთოს, მიგვაახლოოს ამ მიზანს. პირადად ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამაა, ეს არ არის დემაგოგია, ეს ჩემთვის გადამწყვეტია“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.