სამხრეთ კორეაში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრა მმართველი პარტიის ბოიკოტის გამო ჩავარდა
სამხრეთ კორეაში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრა ჩავარდა მმართველი პარტიის ბოიკოტის გამო. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის ეროვნული ასამბლეის წევრთა ხმების ორი-მესამედი, ანუ, სულ მცირე, 200 ხმა იყო საჭირო.
ოპოზიციას საკანონმდებლო ორგანოში 192 დეპუტატი ჰყავს. მმართველმა „სახალხო ძალაუფლების პარტიამ“, რომელსაც 108 მანდატი აქვს, კენჭისყრის დროს სხდომათა დარბაზი დატოვა. კენჭისყრას მმართველი პარტიის მხოლოდ სამი დეპუტატი ესწრებოდა.
დღეს სეულში სამხრეთ კორეის ეროვნულ ასამბლეასთან ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა დემონსტრაციაზე. ისინი პრეზიდენტის გადადგომას ან იმპიჩმენტს ითხოვენ.
პარლამენტში კენჭისყრამდე პრეზიდენტმა, იუნ სოკ იოლმა სიტყვით მიმართა ქვეყნის მოსახლეობას და საომარი მდგომარეობის გამოცხადების გამო ბოდიში მოიხადა. სამხრეთ კორეაში პოლიტიკური ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პრეზიდენტმა გასულ სამშაბათს საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, რასაც ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ეროვნულმა ასამბლეამ საომარი მდგომარეობა რამდენიმე საათში გაუქმა.