მას შემდეგ, რაც მადაგასკარის პრეზიდენტმა, ანდრი რაძოელინამ ქვეყნის პარლამენტი დაითხოვა, ქვეყნის ეროვნულ ასამბლეაში პარლამენტის დეპუტატებმა პრეზიდენტის იმპიჩმენტს 130 ხმით დაუჭირეს მხარი.
„ბიბისის“ ინფორმაციით, პარალელურად, ქვეყნის ელიტური სამხედრო დანაყოფები აცხადებენ, რომ ძალაუფლება ხელში აიღეს და პრეზიდენტს დაუმორჩილებლობას უცხადებენ. პოლკოვნიკ მაიკლ რანდრიანირინს თქმით, ახლა ქვეყანაში არმიის, ჟანდარმერიისა და ეროვნული პოლიციის ოფიცრებისგან კომიტეტი შეიქმნება, მოგვიანებით კი ხელისუფლებას სამოქალაქო მთავრობა გადაიბარებს.
ცნობისთვის, 13 ოქტომბერს, მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე, მადაგასკარის პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა. პარლამენტში ოპოზიციის ლიდერმა, სიტენი რანდრიანასოლონიაიკომ აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ანდრი რაძოელინამ ქვეყანა მას შემდეგ დატოვა, რაც არმიის დანაყოფები მომიტინგეებს შეუერთდნენ.
მადაგასკარში წყლისა და ელექტროენერგიის დეფიციტის გამო დემონსტრაციები 25 სექტემბერს დაიწყო და დროთა განმავლობაში ხელისუფლების საწინააღმდეგო გამოსვლებში გადაიზარდა. გაერო-ს მონაცემებით, 25 სექტემბრიდან მომიტინგეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, 22 ადამიანი დაიღუპა.