თამარ ჩუგოშვილი - უმაღლესი თანამდებობის პირებს შორის დეტალების განხილვა არ ხდება, პრეზიდენტი ამ რანგის თუ სხვა რანგის შეხვედრებზე არასდროს საუბრობს 12 პუნქტთან დაკავშირებით
თამარ ჩუგოშვილი - უმაღლესი თანამდებობის პირებს შორის დეტალების განხილვა არ ხდება, პრეზიდენტი ამ რანგის თუ სხვა რანგის შეხვედრებზე არასდროს საუბრობს 12 პუნქტთან დაკავშირებით

რაც ეხება ტექნიკურ, ასე ვთქვათ, ჩამონათვალ საკითხებს, რომელიც საქართველოს მიმართ განსაზღვრულია, როგორც შესასრულებელი ვალდებულებები, პრეზიდენტი ამ რანგის არცერთ მსგავს თუ სხვა რანგის შეხვედრაზე არასდროს არ საუბრობს ამ 12 პუნქტთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, 12 პუნქტი თავისი არსით მნიშვნელოვანია, თუმცა, მისივე თქმით, უმაღლესი თანამდებობის პირებს, სახელმწიფო მეთაურებს შორის ასეთი დეტალების განხილვა არ ხდება.

„ეს 12 პუნქტი თავისი არსით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რადგან ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ შესასრულებლადაა დადგენილი, მაგრამ უმაღლესი თანამდებობის პირებს, სახელმწიფო მეთაურებს შორის, მერწმუნეთ, ასეთი დეტალების განხილვა არ ხდება. ეს პრაქტიკა არც არის. პრეზიდენტი ამ შეხვედრებზე არანაირად არ შედის იმის გარჩევაში, რა რეფორმა შესრულდა, არ შესრულდა, ფორმალურად შესრულდა თუ როგორ. საქართველო, სწორედ გეოპოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, აუცილებლად იმსახურებს, მას ეკუთვნის და გარდაუვალად აუცილებელია, რომ მიიღოს ეს სტატუსი – სწორედ ესაა საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია. ესაა, რასაც ის აფიქსირებს. მას რომც დაუსვან კითხვა, როგორ მიდის რომელიმე რეფორმა? არცერთ შემთხვევაში. ჩვენ რომ გვქონდეს სასაუბრო, იქ რომ ყოფილიყო ელჩი, რომელიც დაესწრებოდა შეხვედრას და მოგვაწვდიდა ჩანაწერის ოქმს, ამის მტკიცებულებაც გვექნებოდა, მაგრამ ვინაიდან ელჩი არ ესწრებოდა შეხვედრას, მთავრობის, და არა პრეზიდენტის, გადაწყვეტილებებით, შესაბამისად, ჩვენ ასეთი ოქმი ხელში არ გვიჭირავს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.