გიორგი გახარია, მაია ცქიტიშვილი და ლევან დავითაშვილი პანკისის ხეობაში აქციის მონაწილეებს დახურულ კარს მიღმა ხვდებიან
გიორგი გახარია, მაია ცქიტიშვილი და ლევან დავითაშვილი პანკისის ხეობაში აქციის მონაწილეებს დახურულ კარს მიღმა ხვდებიან

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პანკისის ხეობაში აქციის მონაწილეებს დახურულ კარს მიღმა, კამერების გარეშე ხვდება. შეხვედრას ერთ-ერთი ადგილობრივის სახლში გახარიასთან ერთად ესწრებიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

მანამდე, გიორგი გახარია პანკისი ხეობაში ვითარებას ადგილზე გაეცნო. შს მინისტრის თქმით, სპეცრაზმის საპასუხო რეაქცია გამოიწვია იმან, რაც მოსახლეობამ მათ ქვები დაუშინა. მინისტრის განცხადებით, ეს დაუშვებელია და რეაგირება იქნება მკაცრი.

როგორც გახარიამ აღნიშნა, სპეცდანიშნულების რაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებისას 15 სამართალდამცველი დაშავდა.

სპეცრაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების დროს პანკისის ხეობაში რამდენიმე ადამიანი დაშავდა, როგორც აქციის მონაწილეები, ისე სამართალდამცავები და ჟურნალისტები. არიან დაკავებულებიც, თუმცა მათი რაოდენობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.

აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები და ჯოხები დაუშინეს, შეკრებილების წინააღმდეგ კი სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. ადგილობრივები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.