ირაკლი კობახიძემ თამარ ჩუგოშვილს მიმართა - სალომე ზურაბიშვილი შეტყობინებას გიგზავნით, მაგრამ ხომ უნდა იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი აქ არ თქვათ, ვსაუბრობთ სამართლებრივ საკითხებზე და აქ მიდის დემაგოგია
ირაკლი კობახიძემ თამარ ჩუგოშვილს მიმართა - სალომე ზურაბიშვილი შეტყობინებას გიგზავნით, მაგრამ ხომ უნდა იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი აქ არ თქვათ, ვსაუბრობთ სამართლებრივ საკითხებზე და აქ მიდის დემაგოგია

სალომე ზურაბიშვილი ამას გიგზავნით, მაგრამ თქვენ ხომ უნდა იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი აქ არ თქვათ, ვსაუბრობთ სამართლებრივ საკითხებზე და აქ მიდის დემაგოგია, – ასე მიმართა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე მიმდინარე სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელ თამარ ჩუგოშვილს, რომელმაც განაცხადა: „2019 წლის სექტემბერში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაერო-ში, გენერალური ასამბლეის დროს შეხვდა ლავროვს და გამართა მოლაპარაკებები. ეს არ იყო ცნობილი ფაქტი და ცნობილი გახდა პრეზიდენტისთვის მხოლოდ და მხოლოდ გუტიერეშისგან კომუნიკაციისას“.

კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი არასერიოზულია.

„რა შუაშია? სალომე ზურაბიშვილი ამას გიგზავნით, ერთი თემაა, მაგრამ თქვენ ხომ უნდა იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი არ თქვათ აქ. მართლა არასერიოზულია ეს ყველაფერი. ჩვენ ვსაუბრობთ სამართლებრივ საკითხებზე და აქ მიდის დემაგოგია“, – მიმართა კობახიძემ ჩუგოშვილს.

ცნობისთვის, 2019 წლის 26 სექტემბერს ლავროვთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სადაც აღნიშნული იყო, რომ „გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის ინიციატივით და ორგანიზებით, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა, რომელზეც ქართული მხრიდან განხილვის მთავარი თემა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი იყო“. ნიუ იორკში, დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრის თაობაზე ინფორმაცია გაავრცელა შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. შვეიცარიის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა მათი ინიცირებითა და ხელშეწყობით გაიმართა. ზალკალიანისა და ლავროვის 2019 წლის შეხვედრაზე კომენტარი აქვს გაკეთებული სალომე ზურაბიშვილსაც. როგორც ზურაბიშვილი აცხადებდა, არ შეიძლება, საქართველომ არ სცადოს დიალოგის გზა რუსეთთან და იყოს ჩაკეტილი საკუთარ თავში. მისივე თქმით, ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრას ჩვენი ქვეყნის პარტნიორების მხრიდან დადებითი შეფასებები მოჰყვა.