დავით ზალკალიანი სერგეი ლავროვს შეხვდა
დავით ზალკალიანი სერგეი ლავროვს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, სერგეი ლავროვს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

„გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის ინიციატივით და ორგანიზებით გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა. შეხვედრაზე ქართული მხრიდან განხილვის მთავარი თემა გახლდათ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საგარეო უწყებამაც გაავრცელა.

ამასთან, დღეს გავრცელდა საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის კომენტარი, რომელშიც მინისტრი აცხადებდა, რომ შვეიცარიის მხრიდან გაჟღერდა საინტერესო წინადადება, კერძოდ მათი მხრიდან მოხდება კომუნიკაცია რუსეთის ფედერაციასთან, რათა გამოინახოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე მსჯელობის საშუალება, თუნდაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფორმატის ფარგლებში.

„პარტნიორები ამ პოზიციას მხარს უჭერენ და მიაჩნიათ, რომ აუცილებელია დიალოგის გამოყენება და დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ ძალასთან, რომელიც ახორციელებს კონტროლს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე, მკაფიოდ იქნას დაფიქსირებული ამ პროცესის გაგრძელების მიუღებლობა. ბუნებრივია, საქართველო იმოქმედებს პარტნიორებთან ახლო კოორდინაციის რეჟიმში“, – განაცხადა ზალკალიანმა.