გიორგი გახარია - ყველა ის ადამიანი, რომელმაც პანკისის ხეობაში ფიზიკურად იძალადა შსს-ს თანამშრომლებზე, კანონის შესაბამისად აგებს პასუხს

შსს-ს სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები პანკისის ხეობას დატოვებენ, თუმცა გაძლიერებული პოლიცია დარჩება, სრულად დაიცავს მართლწესრიგსა და თითოეული ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოებას, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პანკისში, აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, ყველა ის ადამიანი, რომელმაც ფიზიკურად იძალადა შსს-ს თანამშრომლებზე, კანონის შესაბამისად აგებს პასუხს.

„დღევანდელი შემთხვევა იყო ძალიან მძიმე ყველასთვის. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს შემთხვევა იყო უმძიმესი ხეობის მოსახლეობისა და საქართველოს პოლიციისთვის. სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ამ უხუცესი ადამიანების სიბრძნისა და სახელმწიფოს თმენის ვალდებულების გათვალისწინებით, მივაღწიეთ ისეთ შეთანხმებას, რომელიც მოუტანს სარგებელს ამ კონკრეტულ ხეობას, კონკრეტული სოფლების მცხოვრებლებს, ასევე გააძლიერებს ჩვენს მეგობრობასა და ძმობას მომავალში. ერთიანი, განუყოფელი საქართველოს მშენებლობისთვის.

ჩვენი შეთანხმება არის ძალიან მარტივი და ამავდროულად რთულიც, მაგრამ მიღწევადი და პრაგმატული. რა თქმა უნდა, ყველა ის ადამიანი, რომელმაც ფიზიკურად იძალადა შსს-ს თანამშრომლებზე, კანონის სრული პასუხისმგებლობით შესაბამისობაში აგებს პასუხს. ასევე შევთანხმდით, რომ კომპანიის წარმომადგენლები გააგრძელებენ მოსახლეობასთან საუბარს და სანამ მხარდაჭერის კონკრეტულ ზღვრულ რაოდენობას არ მიაღწევენ, ისინი ამ ერთ კონკრეტულ შემთხვევაში გააგრძელებენ მათთან საუბარს. თუმცა, აქ არის კიდევ რამდენიმე სხვა პროექტი, რომელზეც აქტიურად დაიწყება მუშაობა.

ამასთან, შსს-ს სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები ხეობას დატოვებენ, თუმცა შსს-ს გაძლიერებული პოლიცია დარჩება ხეობაში და დაიცავს სრულად მართლწესრიგსა და უსაფრთხოებას თითოეული ჩვენი მოქალაქის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც შს მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, ამ დროისთვის ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით საუბარი და მოლაპარაკებები გრძელდება.

„ენერგეტიკულ კონტექსტში პანკისის ხეობაში მივაღწიეთ სერიოზულ პროგრესს და ჩვენ არ ვლაპარაკობთ მხოლოდ ერთ ჰესზე. ამიტომ, მინდა, იცოდეთ, რომ შედეგი ფაქტობრივად სახეზე გვაქვს, ახლა მთავარია, ყველამ, უხუცესებმა, სახელმწიფომ, შსს-მ და რაც მთავარია, ჟურნალისტებმა ამ შედეგს გავუფრთხილდეთ და დავიცვათ, არ გავაგრძელოთ ღიმილისმომგვრელი პროვოკაციული შეკითხვები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი პანკისის ხეობაში აქციის მონაწილეებს დახურულ კარს მიღმა, კამერების გარეშე შეხვდა. შეხვედრას ერთ-ერთი ადგილობრივის სახლში გახარიასთან ერთად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრნენ.

მანამდე, გიორგი გახარია პანკისი ხეობაში ვითარებას ადგილზე გაეცნო. შს მინისტრის თქმით, სპეცრაზმის საპასუხო რეაქცია გამოიწვია იმან, რაც მოსახლეობამ მათ ქვები დაუშინა. მინისტრის განცხადებით, ეს დაუშვებელია და რეაგირება იქნება მკაცრი.

პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის მორიგი დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, მამუკა ჭელიძის ინფორმაციით, პანკისის ხეობაში დაპირისპირების შედეგად სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს 27 ადამიანს, მათ შორის 12 ადგილობრივს და 15 სპეცდანიშნულების თანამშრომელს. დაშავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს რვა თანამშრომელი გადაყვანილია კლინიკაში.

შსს მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საჭიროების შემთხვევაში გამოყენებული იქნება სპეციალური საშუალებებიც.

პანკისის ხეობაში აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები და ჯოხები დაუშინეს, შეკრებილების წინააღმდეგ კი სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. ადგილობრივები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.