საგანგებო სიტუაციების სამსახური - პანკისის ხეობაში დაპირისპირების შედეგად 40-ზე მეტ ადამიანს დასჭირდა სამედიცონო დახმარება, უმრავლესობა სამართალდამცველია
საგანგებო სიტუაციების სამსახური - პანკისის ხეობაში დაპირისპირების შედეგად 40-ზე მეტ ადამიანს დასჭირდა სამედიცონო დახმარება, უმრავლესობა სამართალდამცველია

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის, ავთანდილ თალაკვაძის ინფორმაციით, პანკისის ხეობაში დაპირისპირების შედეგად 40-ზე მეტ ადამიანს დასჭირდა დახმარება, მათ შორის უმრავლესობა სამართალდამცველია.

როგორც თალაკვაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, დაშავებულებს ზედაპირული ტრავმები აღენიშნებათ.

„ამ ეტაპზე ჩვენი ეკიპაჟები მოემსახურნენ 40-ზე მეტ პაციენტს, მათ შორის 20 სამართალდამცველი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული, რვა სამართალდამცველი კი ყამბარაშვილის კლინიკაში. მათ ზედაპირული ტრავმები აღენიშნებათ, მიმდინარეობს დიაგნოსტიკური კვლევები. ამჟამად თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ერთი ადგილობრივი მცხოვრები გადმოჰყავთ“,- განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე ინფორმაციით, ახმეტის საავადმყოფოში ორ ადამიანს გაეწია სამედიცინო დახმარება, თუმცა, როგორც თალაკვაძე ამბობს, დაშავებულები აცხადებენ, რომ ინციდენტში მონაწილეები არ არიან.

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ხეობაში ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ, სპეცდანიშნულების რაზმს ქვები და ჯოხები დაუშინეს, შეკრებილების წინააღმდეგ კი, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

დატოვე კომენტარი