ტაიმაუტი | ნონა გაფრინდაშვილი - მატარებელი ყველა სადგურში ჩერდებოდა და ბაქანზე ხალხი გველოდა, იმ პერიოდის თითოეული წუთი მახსოვს #1TVSPORT
ტაიმაუტი | ნონა გაფრინდაშვილი - მატარებელი ყველა სადგურში ჩერდებოდა და ბაქანზე ხალხი გველოდა, იმ პერიოდის თითოეული წუთი მახსოვს #1TVSPORT

გადაცემა „ტაიმაუტს“ ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი სტუმრობდა, რომელიც იუბილარია და გუშინ, 3 მაისს 80 წელი შეუსრულდა. 

წამყვანის, ხატია ალადაშვილის შეკითხვაზე, რომელი იყო პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება, ნონა გაფრინდაშვილმა გაიხსენა:

„56-ში მოვიგე საქართველოს ჩემპიონობა, შემდეგ თბილისში ჩატარდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი. საოცრება ხდებოდა მაშინ თბილისში. ამ ჩემპიონატის შემდეგ საქართველოში ჭადრაკი ძალიან პოპულარული გახდა. დარბაზები, სადაც ვთამაშობდით, ბოლომდე ივსებოდა უკვე. საბჭოთა კავშირის ნახევარფინალიდან იმ დროს, ამ ასაკში გასვლა ძალიან ძნელი იყო. ახლა გაახალგაზრდავდა ჭადრაკი, სხვა სიტუაციაა. აქედან დაიწყო ჭადრაკში ჩემი წინსვლა. როცა პრეტენდენთა საერთაშორისო ტურნირი მოვიგე და მსოფლიო პირველობისთვის მატჩის უფლება მოვიპოვე, რა თქმა უნდა, პირველი ყველაზე დიდი სიხარული იყო, სრულიად განსხვავებული. შეუძლებელია, დავივიწყო, როცა მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი და მოსკოვიდან თბილისში მატარებლით გამოვემგზავრეთ. როცა უკვე საქართველოს ტერიტორიაზე გადმოვედით, მატარებელი ყველა ბაქანზე ჩერდებოდა, იმიტომ რომ ხალხი დასახვედრად იყო გამოსული. იმ პერიოდის ყველა წუთი მახსოვს, იმის მიუხედავად, რომ ამდენი დრო გავიდა. 62 წელს მომიწყვეს დაუვიწყარი შეხვედრა ოპერის თეატრში. ამაზე შემდეგ მიხეილ ჭიაურელმა ათწუთიანი ფილმი გადააღო და ამ ათ წუთში ყველაფერი ჩაატია. იმ პერიოდს ვერაფერი გადაწონის, რაც არ უნდა მომხდარიყო შემდეგ“. 

„ტაიმაუტის“ წამყვანის, ლუკა ჭოჭუას შეკითხვას, რომელი იყო ყველაზე დაუვიწყარი, საინტერესო და მნიშვნელოვანი პარტია მის ხანგრძლივ კარიერაში, ყველაზე ხშირად რომ ახსენდება, ლეგენდარულმა ქართველ მოჭადრაკემ უპასუხა:

„ლაზარევიჩთან ჩატარებული პარტია, როდესაც მოგების შემთხვევაში პირველ ადგილს ვინაღდებდი. მან თეთრებით პაიკი მომიგო და შეტევაზე გადმოვიდა. მე მეფით გავაკეთე სამი სვლა და მთელი ფლანგი დავუტოვე. მართლა საოცარი პარტია იყო. იქ მსხდომი მწვრთნელები, ძალიან სერიოზული შემადგენლობა იყო, თურმე, ყოველი სვლის შემდეგ წოდებებს მანიჭებდნენ. შემდეგ, როცა მიწვევდნენ და მთელი საქართველო შემოვიარე, ამ პარტიის გათამაშება ხდებოდა. იყო უკვდავი პარტიები და კიდევ ერთი მინდა გამოვყო. შვედეთში, გიოტებორგში კაცების ტურნირში ვთამაშობდი. მოვიგე პარტია, სადაც ორი ეტლი შევწირე, შემდეგ გავაკეთე წყნარი სვლა და მოწინააღმდეგე დამნებდა. გამოვეცი წიგნი, რომელშიც ჩემი 50 საუკეთესო პარტია დაიბეჭდა და მხოლოდ ერთი ყაიმია შესული (დელიმიროვიჩთან), რომელიც იყო ტაქტიკოსი და მუდმივი წევრი იუგოსლავიის ნაკრების. მეთამაშებოდა თეთრებით. შემომწირა ფიგურები და მემუქრებოდა მეოთხე პაიკის აღებას. ეს იყო წელი, როდესაც საბჭოთა კავშირმა გამოაცხადა საუკეთესო პარტიის კონკურსი და არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვინ თამაშობდა, შეიძლება ბავშვი ყოფილიყო. დავფიქრდი და მივხვდი, რომ თუ სასწრაფოდ რამეს არ გადავწყვეტდი, დანებება მომიწევდა. მე თვითონ შევწირე კიდევ ერთი პაიკი. მოკლედ, რომ ვთქვა, თამაში მას მიჰყავდა, მიტევდა და ჩემი მხრიდან დაცვის ტაქტიკაზე აგებული თამაშს ვახვედრებდი. იმ ტურნირზე ბევრი დიდოსტატი თამაშობდა და ჩვენს ირგვლივ შემოიკრიბნენ. ყურადღებით აკვირდებოდნენ ჩვენს პარტიას, ორივეს ტაში დაგვიკრეს. გარჩევების დროს, გამოჩნდა, რომ მოწინააღმდეგე სულ მიტევდა, მაგრამ მოგება არც ერთ ეპიზოდში არ ჰქონდა. ამ ყაიმმა საუკეთესო პარტიის პრიზი მიიღო “.