ტაიმაუტი | კობა ჟორჟიკაშვილი - სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრები ერთი კაცის გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს #1TVSPORT
პირველი არხის გადაცემაში „საფეხბურთო ტაიმაუტი ვლადიმერ გუცაევთან“ მარტის სანაკრებო თამაშები და გუნდის მდგომარეობა ასაკობრივი ნაკრებების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, კობა ჟორჟიკაშვილმა კრიტიკულად შეაფასა.
„ისრაელის ნაკრები დაახლოებით ჩვენი დონის გუნდია და გამოჩნდა ის პრობლემები და დადებითი მომენტები, რაც საქართველოს ნაკრებშია. ესაა ძველი პრობლემები ახალი სახით. სანიოლი ძველ სათამაში სისტემას დაუბრუნდა – სამი მცველით და ორი ფლანგის მოთამაშით. ამ ორ თამაშში 4 ქულა ავიღეთ, მაგრამ მთავარია, შემოდგომაზე რა შედეგს ვაჩვენებთ.
გუნდს მაღალი პრესინგით თამაში და მაღლა დაცვა არ შეუძლია. რამდენჯერაც ასე სცადეს, ზურგსუკან სივრცეები გამოჩნდა და პრობლემები შეგვიქმნა ისრაელმაც და ლიეტუვამაც. გუნდს პრესინგიდან ბურთის ამოტანა უჭირს და შეტევის წამოწყებას შორეული გადაცემებით ცდილობს, უმეტეს შემთხვევაში კი ბურთი იკარგება.
…პოზიციური შეტევები არ გვქონია, ძირითადად კონტრშეტევებიდან გავიტანეთ. ეს ჩვენი იარაღი იყო აქამდეც – პლუს ხვიჩა კვარაცხელიას და სხვა ინდივიდუალური ქმედებებით ვისარგებლეთ. ისრაელმა კი ორივე გოლი კომბინაციური შეტევებით გაგვიტანა. დიდი ხანია, კუთხურიდან გოლი არ გაგვიტანია. მეტოქეები კი სტანდარტებიდან პრობლემებს გვიქმნიან და თითქმის ყველა ორთაბრძოლას გვიგებენ – გაიხსენეთ, თურქეთმა ორი გოლი გაგვიტანა, ისრაელსაც ჰქონდა ერთი კარგი მომენტი…
ახალწვეულებს რაც შეეხება – გადრანს და ბერიაშვილს ვიცნობთ და წინამორბედების ღირსეული შემცვლელები ვერ არიან. შეიძლება, დრო სჭირდებათ სანაკრებო დონეზე რომ გაიზარდონ. მაგრამ დიდი დრო არ გვაქვს. ჯობდა, უფრო მეტი ფლანგის მცველი და შუა ხაზის ფეხბურთელი მოესინჯათ. მაგრამ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს უფრო შედეგზე ორიენტირებული თამაშები იყო.
…გიზი მამაგეიშვილი ბავშვობიდან შემტევი გარემარბი იყო, ნაკრებში თამაში კი მარჯვენა მცველის პოზიციაზე მოუხდა. რომ ვთქვათ, რაღაც გადასარევი გააკეთა, ვერა, მაგრამ თამაში არ გააფუჭა და ლიეტუვასთან მეორე გოლი მისი დამსახურებაც იყო. სჯობდა, გოჩოლეიშვილი გაესინჯათ, რომელმაც ამ ორ შეხვედრაში მხოლოდ მცირე დრო მიიღო. ისიც არ ვიცი, მომავალში ამ პოზიციაზე მამაგეიშვილი როგორ გამოადგებათ.
სამწუხაროდ, დღეს საქართველოს ნაკრები ერთი კაცის გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს. როდესაც კაშია, ჩაკვეტაძე, ქოჩორაშვილი და კიტეიშვილი ფორმაში იყვნენ, მაშინ თამაშს გაცილებით კარგად ვაკონტროლებდით და კარგი ვითარება იყო, ვიდრე დღეს“.