საფეხბურთო ტაიმაუტი | ტარიელ ხეჩიკაშვილი – „იბერიის“ ბაზის მშენებლობა მალე დაიწყება #1TVSPORT
პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საქართველოს მოქმდი ჩემპიონის, თბილისის „იბერიის“ პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა ახალ სეზონში გუნდის მიზნებზე ისაუბრა.
„ჩვენი გულშემატკივარი იმსახურებს სიხარულს და ჩვენი ძალისხმევაც ამისკენ არის მიმართული, რომ „იბერია“ უფრო ძლიერი იყოს და უკეთესად გამოვიდეს ეროვნულ ლიგაშიც და ევროასპარეზზეც. ამ მიზნით შევეცადეთ, საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელები მოგვეყვანა, ბოლო 7 წელიწადში დიდი წარმატებებს მივაღწიეთ. მაგრამ წელს, ვფიქრობ, საუკეთესო შემადგენლობით ვხდებით, თითოეულ პოზიციაზე ორი კარგი მოთამაშე გვყავს. დარწმუნებული ვარ, ასეთი კონკურენცია „იბერიას“ წინსვლას ხელს შეუწყობს. თანაც ისეთი ფეხბურთელები მოვიყვანეთ, რომლებიც ლამაზ და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობენ.
წარმატებული სეზონის შემდეგ ძალიან ბევრ ფეხბურთელს აქვს შეთავაზება. სამწუხაროდ, ყველას არ აქვს ისეთი გუნდის მიწვევა, როგორც ჩვენ გვსურს, მაგრამ ამ ცდუნებას ბევრი ვერ უძლებს. შარშან და შარშანწინ ამის გამო საკმაოდ დიდი დანაკლისი განვიცადეთ, მაგრამ წელს ბირთვის ძირითადი ნაწილი შევინარჩუნეთ. გიზი მამაგეიშვილის ტრანსფერს, მგონი, არაფერი დაეწუნებოდა. თანაც ის ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბით, პაატა ღუდუშაურით ჩავანაცვლეთ. ეს, შეიძლება ითქვას, სრულფასოვანი შეცვლა იყო.
აგიაკვას კონტრაქტი დაუსრულდა და არ გავახანგრძლივეთ. შარშანდელმა ევროსეზონმა გვაჩვენა, რომ დაცვაში უფრო კვალიფიციური მოთამაშეები გვჭირდება. დავიმატეთ ლუქსემბურგის ნაკრების მოქმედი ფეხბურთელი და ნიდერლანდების ნაკრებში ნათამაშები მცველი, რომელმაც პრემიერლიგაში 50 შეხვედრა ჩაატარა.
შემოგვიერთდა ერთ-ერთი უნიჭიერესი ქართველი ფეხბურთელი ანდრია ბართიშვილი, რომელსაც დიდი მომავალი აქვს – ოღონდ სიმდაბლით და პროფესიონალიზმით, რაშიც „იბერიაში“ არსებული გარემოც დაეხმარება. ანდრიამ შეკრებაზე თავი კარგად გამოიჩინა და ერთი სული მაქვს, რომ ჩვენი გუნდი ის პლატფორმა გახდეს, სადაც ნიჭს სრულად წარმოაჩენს. მთლიანობაში ისეთი ფეხბურთელები შევკრიბეთ, რომელთა სანახავადაც ხალხი სტადიონზე დადის. ამას გარდა, კიდევ ერთ მოთამაშის ტრანსფერზე ვმუშაობთ.
ევროთასებზე ჩვენი მიზანი ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა. მაგრამ (უეფა-ს რეიტინგში) ქართულ გუნდებს მდგომარეობა იმდენად გაგვიუარესდა, რომ ყველა მოგებას ოქროს ფასი დაედო. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანი, როგორც მინიმუმ, პლეი ოფში გასვლა უნდა იყოს. საამისოდ კი თამაშის ინტერნსივობა უნდა გავზარდოთ.
ბოლო 7 წელში „იბერია“ ყველაზე წარმატებული ქართული გუნდია. მაგრამ ამაზე არ ვჩერდებით, მარტის ბოლოს ან აპრილში უნდა დაიწყოს ჩვენი ბაზის მშენებლობა, წლის ბოლოს, წესით, პირველი სავარჯიშო მოედანი უნდა გვქონდეს, ხოლო 2-3 წელიწადში – საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო აკადემია საკუთარი სტადიონით და ინფრასტრუქტურით. ეს ყველაფერი დიღომში, ოლიმპიურ სოფელში იგეგმება. სულ ხუთი მოედანი იქნება – სამი ბუნებრივსაფარიანი და ორი – ხელოვნური. ინვესტიცია ამაში უნდა დავაბანდოთ, რაც ჩემთვის დიდი გამოწვევაა“.