ნონა გაფრინდაშვილი 81 წლისაა - ლეგენდარული ჩემპიონის კარიერის საინტერესო დეტალები [ვიდეო] #1TVSPORT

3 მაისს ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეს, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონ ნონა გაფრინდაშვილს 81 წელი შეუსრულდა. კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი მის მეტად საინტერესო საჭადრაკო კარიერას.

5 წლის იყო, როდესაც ჭადრაკის თამაში დაიწყო. ოჯახის ერთადერთი ქალიშვილი ხუთ ძმასთან ერთად ჯერ ფეხბურთს თამაშობდა, შემდეგ კი ძმებმა ჭადრაკიც შეასწავლეს. ერთხელ, ზუგდიდის პიონერთა სასახლეში გამართულ შეჯიბრებაზე ნონამ ერთ-ერთი ძმის ნაცვლად იასპარეზა, რომელიც ტურნირს ავადმყოფობის გამო გამოეთიშა და ნონამ მასზე ბევრად ძლიერი მეტოქე მალევე დაამარცხა.

1953 წლის ზაფხულში,  ბათუმში გამართულ მოსწავლეთა რესპუბლიკურ პირველობაზე ნონა უკვე ზუგდიდის ნაკრების წევრი იყო. სწორედ აქ შენიშნა მისი ტალანტი ლეგენდარულმა მწვრთნელმა ვახტანგ ქარსელაძემ და უკვე 1954 წელს მისი დაჟინებული თხოვნით ნონა სასწავლებლად თბილისში გადაიყვანეს.

ვახტანგ ქარსელაძემ მისთვის ჩვეული ინტუიციის წყალობით, ნონას პარტიის დასრულების  შემდეგ ბრძანა:

„შევამჩნიე, რომ მას მახვილი თვალი და პოზიციის შეფასების თავისებური უნარი ჰქონდა“.

1955 წელს ნონამ თბილისის პირველობაზე  ვერცხლის მედალი მოიგო. შემდეგ, რიგაში გამართულ მოსწავლეთა საკავშირო გუნდურ პირველობაზე ისახელა თავი.  1956 წელს ქალ მოჭადრაკეთა შორის თბილისის ჩემპიონი გახდა. ამავე წელს ნონამ კარიერაში პირველად, ქალთა შორის საქართველოს ჩემპიონობა იზეიმა. 15 წლის ნონამ აქ 16 პარტია ითამაშა და 15,5 ქულა მოაგროვა.

საბჭოთა კავშირის ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები: ნანა იოსელიანი, მაია ჩიბურდანიძე, ნონა გაფრინდაშვილი, ნანა ალექსანდრია

 

 

მსოფლიო ჩემპიონატი, 1962 წელი, მოსკოვი

(18 სექტემბერი – 17 ოქტომბერი)

19 წლის იყო, როდესაც ვრიანჩკა ბანიაში ჩატარებულ პრეტენდენტთა ტურნირზე პირველობა არავის დაუთმო. აქ მან 16 შესაძლებლობიდან საკუთარ ანგარიშზე 13 ქულა მიითვალა და მისი უშუალო  კონკურენტების – ვალენტინა ბორისენკოს და კირა ზვორიკინას დამარცხება შეძლო.

1962 წელს მოსკოვში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ნონამ ელიზაბეტა ბიკოვა ანგარიშით 9:2 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონობა პირველად იზეიმა.

„შინ როგორ დამხვდნენ? – მატარებლით მივდიოდით და სოხუმის შემდეგ თითქმის ყველა სადგურზე გავჩერდით. ამოდიოდნენ ადამიანები და ყვავილებს მჩუქნიდნენ. თბილისის სადგურზე საერთოდ გასაოცარი ამბავი იყო. იმდენი ადამიანი გახლდათ შეკრებილი, რომ  მამაჩემმა ფეხსაცმელი დაკარგა“, – იხსენებს ნონა გაფრინდაშვილი.

 

მსოფლიო ჩემპიონატი 1965 წელი, რიგა

(18 სექტემბერი – 23 ოქტომბერი)

1964 წელს, სოხუმში გამართულ პრეტენდენტთა ტურნირის შემდეგ, ნონა გაფრინდაშვილის მეტოქე ვერ გამოვლინდა. სამმა მოჭადრაკემ – ალა კუშნირმა, ტატიანა ზატულოვსკაიამ და მილუნკა ლაზარევიჩმა ქულათა თანაბარი რაოდენობა დააგროვეს და მათ შორის დამატებითი მატჩ-ტურნირი გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც ალა კუშნირი გახდა.

თუმცა კუშნირმა ნონას ვერ აჯობა და ქართველი მოჭადრაკე მეორედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.

 

მსოფლიო ჩემპიონატი, 1969 წელი, თბილისი/მოსკოვი

(8 აპრილი – 8 მაისი)

ალა კუშნირი – კვლავ პრეტენდენტია. 1969 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩს ჯერ თბილისმა, შემდეგ კი მოსკოვმა უმასპინძლა. პირველი ნახევარი ნონამ საკუთარ მოედანზე 5:3 მოიგო, მოსკოვში ჩატარებულ ხუთ პარტიაში კი 3,5 ქულა მოაგროვა და ჩემპიონობა კვლავ ვადაზე ადრე მოიპოვა.

 

მსოფლიო ჩემპიონატი, 1972 წელი, რიგა

(10 მაისი – 26 ივნისი)

1972 წელი. შეუპოვარი ალა კუშნირი კვლავ პრეტენდენტია. მატჩი კვლავ რიგაში ჩატარდა. თავიდან თითქოს ყველაფერი ნორმალურად იყო. ექვსი პარტიის შემდეგ ნონა სამი ქულით დაწინაურდა და ამ უპირატესობას 9 პარტიის შემდეგაც ინარჩუნებდა, მაგრამ მე-11 და მე-14 პარტიების მოგების შემდეგ, კუშნირმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. გადამწყვეტ ორ პარტიაში კი ნონამ ჩვეული სიძლიერით ყაიმები დააფიქსირა და ზედიზედ მეოთხედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.

 

 

მსოფლიო ჩემპიონატი, 1975 წელი, ბიჭვინთა/თბილისი

(20 ოქტომბერი – 1 დეკემბერი)

1975 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პირველი ქართული ფინალი შედგა. ვახტანგ ქარსელაძის ოცნება ახდა – მისი ორი შეგირდი: ნონა გარინდაშვილი და ნანა ალექსანდრია პირველობისთვის იბრძოდნენ. უშეღავათო ბრძოლის 12 პარტიიდან ნონამ შედეგით 8,5:3,5 იმარჯვა და მსოფლიო ჩემპიონი მეხუთედ გახდა.

 

მსოფლიო ჩემპიონატი, 1978 წელი, ბიჭვინთა

(18 სექტემბერი – 5 ოქტომბერი)

1978 წელი. ნონა გაფრინდაშვილის მეტოქე ამჯერად უკვე მაია ჩიბურდანიძეა. ბიჭვინთაში ჩატარებული პაექრობა დაძაბულად წარიმართა და სენსაციური შედეგითაც დასრულდა. მაიამ ნონას 8,5:6,5 სძლია და ჩიბურდანიძე მსოფლიოს რიგით მეხუთე ჩემპიონად გამოცხადდა. ამასთან, მაია მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონია და ეს შედეგი დღემდე ვერავინ გააუმჯობესა.

 

მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ნონა არის პირველი მოჭადრაკე, რომელიც დაფნის გვირგვინს 16 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა.

ნონა გაფრინდაშვილმა ვაჟთა ჭადრაკშიც სერიოზულ წარმატებებს მიაღწია. ის პირველი ქალი იყო, რომელმაც ვაჟთა ნორმატივიც შეასრულა და საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა.

მან მოახერხა გამარჯვების მოპოვება ტურნირზე ჰოსტინგში (აშშ, 1963-1964), ლონ პეინში გამართულ აშშ-ის ღია პირველობაზე (1977), რეჯიო ემილიაში (იტალია, 1983), ვიიკ ან ზეეში (ჰოლანდია, 1987). აშშ-ში გამარჯვების შემდეგ ნონა გაფრინდაშვილი გახდა პირველი ქალი მოჭადრაკე, რომელმაც დიდოსტატის წოდება მიიღო.

ნონა გაფრინდაშვილმა 5-ჯერ მოიგო სსრკ-ის ჩემპიონატი ქალ მოჭადრაკეთა შორის (1964, 1973/74, 1981, 1983, 1985). 10-ჯერ იყო საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი. 1963-1986 წლებში გამართულ საჭადრაკო ოლიმპიადებზე 11 გუნდური და 9 პირადი ოქროს მედალი მოიპოვა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1992 წელს მანილას საჭადრაკო ოლიმპიადაზე ნონა გაფრინდაშვილი თანაგუნდელებთან ერთად დამოუკიდებელი საქართველოს პირველ ჩემპიონობას ზეიმობდა.

ნონა გაფრინდაშვილი ვეტერანთა  შორის მსოფლიო ჩემპიონია.

1989 წლიდან 1996 წლამდე იყო საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტია. იგი დღემდე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპატიო პრეზიდენტი გახლავთ.

1997 წელს ფიდე-ს 68-ე კონგრესზე მიღებული გადაწყვეტილებით, დაწესდა ნონა გაფრინდაშვილის სახელობის გარდამავალი თასი, რომელიც საჭადრაკო ოლიმპიადაზე ქვეყნის ვაჟთა და ქალთა გუნდებს ჯამური საუკეთესო შედეგისთვის გადაეცემათ.

1999 წელს ნონა გაფრინდაშვილი მეოცე საუკუნის საუკეთესო ქალ სპორტსმენად აღიარეს.

2001 წელს მისი სახელი მიენიჭა თბილისის ჭადრაკის სასახლეს.