ზაზა დოლიძე - ხარებაშვილის ტრანსფერი „ბაშაქშექირისთვის“ სარეკორდოა, მისი წასვლა ეროვნულ გუნდს ძალიან წაადგება #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ დირექტორმა, ზაზა დოლიძემ პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ გულშემატკივრის როლსა და გუნდში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
„მთავარია, რომ შარშანდელი შემადგენლობიდან მოთამაშეების 70 პროცენტი შევინარჩუნეთ. ამავე დროს, რამდენიმე კვალიფიციური ფეხბურთელი დავიმატეთ. გუნდს შესათამაშებლად დრო სჭირდება. ვფიქრობ, ჩემპიონობისა და საქართველოს თასისთვის ვიბრძოლებთ. ასევე, დიდი სურვილი გვაქვს, რომ ევროსარბიელზე რაც შეიძლება მეტი ეტაპი გავიაროთ.
რაც შეეხება საბა ხარებაშვილს, ის ჯერ 18 წლის არ არის და „ბაშაქშექირში“ სექტემბერში გადავა, როდესაც სრულწლოვანი გახდება. ბევრი გუნდი იუყო დაინტერესებული, მაგრამ თურქულმა ყველაზე დამაჯერებელი წინადადებით მიმართა „დინამოს“ და თავად ფეხბურთელს. გადამწყვეტი იყო „ბაშაქშექირის“ მთავარი მწვრთნელი, ნური შაჰინის პოზიცია. საბას პოზიციაზე საქართველოს ნაკრებში მხოლოდ ირაკლი აზაროვი გვყავს და, აქედან გამომდინარე, ვთვლით, რომ ხარებაშვილის წასვლა ეროვნულ გუნდს ძალიან წაადგება, რადგან თურქეთში მაღალი დონის ლიგაა.
აღსანიშნავია, რომ სტამბოლური კლუბის 12-წლიან ისტორიაში ეს იყო სარეკორდო ტრანფერი. ახალი გუნდია, მაგრამ საკმაოდ წარმატებული და მაღალი რეიტინგი აქვს. რამენიმე წლის წინ თურქეთის ჩემპიონიც გახდა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფშიც ითამაშა. მათთან ვთანამშრომლობ, ადრე იჯარით მცველი დავიმატეთ, ახლა კი – ძალიან კარგი ნახევარმცველი აბდულაი იორო. ეს თანამშრომლობა საბას ტარნსფერით გაგრძელდა“.