შალვა ოგბაიძე - არ მიმაჩნია, რომ თუ წითელზე გავიარე და ეს საჯაროდ გამოქვეყნდა, ჩემი პირადი საიდუმლოება გაიცა
შალვა ოგბაიძე - არ მიმაჩნია, რომ თუ წითელზე გავიარე და ეს საჯაროდ გამოქვეყნდა, ჩემი პირადი საიდუმლოება გაიცა

არ მიმაჩნია, რომ თუ წითელზე გავიარე და ეს საჯაროდ გამოქვეყნდა, ჩემი პირადი საიდუმლოება გაიცა, – განაცხადა საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა და თბილისის საკრებულოს წევრმა, შალვა ოგბაიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„მე პირადად, ამას პერსონალური მონაცემების გაცემად არ ჩავთვლი“, – განაცხადა ოგბაიძემ.

შალვა ოგბაიძემ ასევე აღნიშნა, რომ შედეგი უკვე მოიტანა თბილისის მერიის ინიციატივამ, რომ მიკრო ავტობუსებმა მხოლოდ გაჩერებებზე გააჩერონ, რაც საზოგადოების დაკვეთას დაეყრდნო.

„მიკრო ავტობუსების უადგილო ადგილას გაჩერება ხშირად საცობებს წარმოქმნიდა და მგზავრებისთვის ტრანსპორტში ასვლა–ჩამოსვლა საშიში იყო. მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში ასზე მეტი ადმინისტრაციული ოქმი დაიწერა. ანუ, შედეგი უკვე ჩანს. ჯარიმა თვითმიზანი არ არის, მაგრამ ადმინისტრაციული გადაცდომისთვის უკეთესი მეთოდი, ვიდრე ჯარიმაა, კაცობრიობას არ მოუგონია. დაუჯარიმებლობა და წვრილმან ადმინისტრაციულ გადაცდომაზე თვალის დახუჭვა უფრო დიდ დანაშაულს ბადებს და ახალისებს“, – განაცხადა ოგბაიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად მართებულია მიდგომა, როცა ნასვამ მძღოლს მართვის მოწმობა 6 თვით ჩამოერთმევა, 3 თვის გასვლის შემდეგ კი 1000 ლარის გადახდა და მართვის უფლების დაბრუნება შეუძლია, შალვა ოგბაიძემ აღნიშნა, რომ მექანიზმი მართებულია, რადგან როცა ადამიანმა იცის, რომ 3 თვის განმავლობაში ავტომობილს ვერ დაძრავს, ცდილობს, საჭესთან ნასვამი არ დაჯდეს.

„ზოგიერთი მძღოლისთვის არც ერთი წელი არ არის საკმარისი და ზოგს მართვის მოწმობა საერთოდ აღარ უნდა მისცე, მაგრამ აქ უკვე სამძღოლო კულტურასთან მივდივართ. იმ ადამიანს, რომელიც ხშირად არღვევს, გინდა 3–თვიანი აკრძალვა დაუწესე, გინდა 6–თვიანი, მაგრამ მას შიში უნდა გაუჩნდეს არა პიროვნებისა და სისტემის მიმართ, არამედ კანონის წინაშე, რომ ასე იოლად ვეღარ გამოძვრება. ქულების სისტემა ამისთვის არსებობს“, – განაცხადა ოგბაიძემ.

მისი თქმით, გერმანიაში ნასვამობის გამო მართვის მოწმობის განმეორებით ჩამორთმევის შემთხვევაში, მოქალაქე ურთულეს გზას გადის, რათა მართვის უფლება აღიდგინოს.

„არის უზარმაზარი ჯარიმა, სასწავლო კურსის ავტოსკოლაში გავლა და გამოცდის თავიდან ჩაბარება. ასეთ შემთხვევაში მძღოლმა ფსიქოლოგთან მინიმუმ, 20–საათიანი სეანსი უნდა გაიაროს, რომ მისი ნერვული სისტემა ადეკვატური გახდეს. ამას გერმანელები შემოკლებით, „იდიოტების ტესტს“ უწოდებენ. ამიტომ, იქ 100 000 მოქალაქეზე 3–4 ადამიანი იღუპება, ჩვენთან კი 12–14“, – განაცხადა ოგბაიძემ.

შალვა ოგბაიძემ გადაცემაში სტუმრად მყოფ, საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, მევლუდ მელაძესაც უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ კარგი იქნება, თუ ერთი ეკიპაჟი პერიოდულად ივლის და საგზაო ინფრასტრუქტურას გადაამოწმებს, რაც ხშირად პრობლემას ქმნის.

„50 000 საგზაო ნიშანს 20–კაციანი სამსახურის 10–კაციანი განყოფილება ვერ აუვა. ასეთ ვითარებაში საზოგადოების ჩართულობა ძალიან ეფექტურია“, – განაცხადა ოგბაიძემ.