შალვა ოგბაიძე - გადავდივართ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის თვისობრივად ახალ სისტემაზე
შალვა ოგბაიძე - გადავდივართ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის თვისობრივად ახალ სისტემაზე

თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე საზოგადოებრივი ტრანსპორტის საბარათე ულიმიტო სისტემაზე გადასვლის ინიციატივას გამოეხმაურა და ოპოზიციის ბრალდებებს უპასუხა.

მან თბილისის მერის კახა კალაძის მიერ დაანონსებულ ახალ ინიციატივას მოსახლეობის პირდაპირი დაკვეთა უწოდა და განაცხადა, რომ მთლიანად სატრანსპორტო რეფორმა, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს, მოსახლეობისთვის უფრო მეტი კომფორტის შექმნაზეა ორიენტირებული.

როგორც შალვა ოგბაიძემ განაცხადა, პირველი თებერვლიდან ტრანსპორტის ყველა სახეობა ინტეგრირებული იქნება და ერთი აბონიმენტით, მოსახლეობას ყველა სახის ტრანსპორტით შეეძლება მგზავრობა.

„მნიშვნელოვანია, რომ გადავდივართ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის თვისობრივად ახალ სისტემაზე, რითაც წახალისებულნი იქნებიან ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით ხშირად მგზავრობენ. პრინციპი იქნება შემდეგი – მეტს მგზავრობ, მეტი თვის აბონიმენტს იღებ და ნაკლებს იხდი. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ხარისხის გაუმჯობესება ჩვენი თანამოქალაქეების დაკვეთაა. ამასთან, ძალაში რჩება შეღავათები, რომლებიც აქამდეც არსებობდა და მოსახლეობის 30-მდე კატეგორია შეღავათიანი ტარიფით, ან სრულიად უფასოდ იმგზავრებს“, – განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

დედაქალაქში საზოგადოებრივ ტრანსპორტში ულიმიტო მგზავრობის სისტემა პირველი თებერვლიდან ამოქმედდება.