ადამიანის თვალისთვის, სატურნის თანამგზავრი ენცელადი შედარებით უბრალო ჩანს. თუმცა, ახალი მონაცემები მიუთითებს, რომ ის გაცილებით საინტერესო ობიექტია, როგორც ეს ახალ სურათებზე ჩანს.
მიუხედავად იმისა, რომ მისი ზედაპირი ნაპრალებითა და ხეობებით არის დასერილი, ერთი შეხედვით, ენცელადი ერთსახოვანი ჩანს და კოსმოსში ჩამოკიდებულ კაშკაშა ყინულით დაფარულ უზარმაზარ ბურთს მოგვაგონებს.
ინფრაწითელ დიაპაზონში ასტრონომებმა აღმოაჩინეს, რომ სატურნის ამ მთვარის ყინულის დიდი ნაწილი ახალია, რაც მიუთითებს, რომ შესაძლოა, ენცელადის ზედაპირს მუდმივად ახალი ყინულით ფარავს რაღაც შიდა გლობალური აქტივობა.
არც თუ ისე დიდი ხანია ვიცით, რომ ენცელადი არც ისე მშვიდი ადგილია. 2005 წელს, სატურნის სისტემაში გაგზავნილმა ხომალდმა „კასინიმ“ აღმოაჩინა, რომ ამ მთვარის სამხრეთ პოლუსზე, ოთხი უზარმაზარი, პარალელური ნაპრალიდან (ე. წ. ვეფხვის ზოლები) იფრქვევა მარილიანი წყლის ჭავლები. „ვეფხვის ზოლების“ ნაპრალებში კასინიმ სულ ასზე მეტი გეიზერი დააფიქსირა.
ამ ნაპრალებს წარმოქმნის ენცელადზე მოქმედი გრავიტაციული მიზიდვის ძალები, რომლებსაც ის სატურნის მხრიდან განიცდის მის გარშემო ექსცენტრიულ ორბიტაზე მოძრაობისას. სატურნი ენცელადს ექაჩება და ჭიმავს, რის გამოც წარმოიქმნება შიდა სითბო და გეოთერმული აქტივობა, რაც სამხრეთ პოლუსის ყინულის ზედაპირზე ნაპრალებს აჩენს. ამ ადგილებში წიაღიდან იფრქვევა წყალი, რომელიც შიდა სითბოს გამო იქ თხევად მდგომარეობაშია; ამოსული წყალი ზედაპირზე იფრქვევა და იყინება — წარმოიქმნება ყინულის ახალი ფენა.
კასინის მისია 2017 წელს დასრულდა, მაგრამ მის მიერ შეგროვებული მონაცემების დამუშავება დღემდე გრძელდება. მისი ვიზუალური და ინფრაწითელი სპექტრომეტრის მონაცემთა ხელახლა დამუშავებით, მკვლევრებმა ინფრაწითელი დიაპაზონის ფოტოები მიიღეს; მოსალოდნელი იყო, რომ იპოვიდნენ ვეფხვის ზოლების რეგიონიდან ახალი ყინულის მიერ არეკლილი სინათლეს.
მართლაც, 23 ახლო გადაფრენისას გადაღებულ ძლიერ დეტალურ ფოტოებზე ჩანს ზედაპირის უწყვეტი განახლება. ეს შეგიძლიათ ნახოთ ზემოთ მოცემულ ფოტოებზე — ვეფხვის ზოლების გარშემო კაშკაშა წითელი რეგიონები კრისტალური ყინულის სპექტრულ ხელწერაზე მიუთითებს. კრისტალურ ყინულში მოლეკულები ჩამწკრივებულია აკურატულად, განმეორებად გეომეტრიულ ბადეზე; ის სინათლეს ამოფრული ყინულისგან განსხვავებულად ირეკლავს, რომელშიც მოლეკულები უწესრიგოდ, ქაოსურად არის განლაგებული.
აღმოჩენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. დედამიწაზე თითქმის ყველა ბუნებრივი ყინული კრისტალურია, მაგრამ კოსმოსში დაფიქსირებული თითქმის ყველა ყინული ამორფული. ამის მიზეზი ის არის, რომ კოსმოსში ტემპერატურა ძალიან დაბალია. ძალიან დაბალ ტემპერატურაზე კი წყლის მოლეკულები ერთმანეთს ეჯახებიან და ადგილზე იყინებიან.
მეორე მხრივ, კრისტალური ყინული მიუთითებს, რომ წყალი შედარებით თბილი იყო, დაახლებით -163 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის და მოლეკულებმა გაყინვის შემდეგაც კი შეინარჩუნეს საკმარისი თერმული ენერგია მოძრაობისა და კრისტალურ კონფიგურაციაზე დაწყობისთვის. შესაბამისად, როდესაც კოსმოსში კრისტალურ ყინულს ხედავ, შეგიძლია გარკვეული დასკვნები გამოიტანო მისი თერმული ისტორიის შესახებ.
ენცელადის ზედაპირზე ყინულის უმეტესობა კრისტალურია, მაგრამ საინტერესოა ამ კრისტალურობის დონე. თუ ვიპოვიდით ყინულს, რომელიც გარშემო არსებულ ყინულებზე უფრო მეტად კრისტალურია, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის თბილი წყლისგან წარმოიქმნა — როგორც ეს არის ვეფხვის ზოლების რეგიონში ყინულისა და წიაღიდან გეიზერების მიერ ახლად ამოტანილი წყლისა შემთხვევაში.
თუმცა, ყველაფერი აქ როდი მთავრდება. ასტრონომთა ჯგუფი, რომელსაც საფრანგეთის ნანტის უნივერსიტეტის მკვლევარი როზენ რობიდელი ხელმძღვანელობდა, სულ არ ელოდა, რომ კრისტალური ყინულის სპექტრულ ხელწერას მთელი ენცელადის მასშტაბით იპოვიდა, მათ შორის ჩრდილოეთ პოლუსზეც, სადაც დიდი ნაპრალები არ არის.
ეს მოულოდნელი აღმოჩენა მიუთითებს, რომ გეოლოგიური აქტივობა ენცელადის ორივე ნახევარსფეროში ხდება და ჩრდილოეთ ნახევარსფეროზეც სამხრეთის მსგავსად ახლდება ყინული. თუმცა, შესაძლოა მექანიზმი განსხვავებული იყოს — ყინულოვანი ქერქის უფრო თანდათანობითი დაბზარვა.
გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი აქტივობა დაკავშირებულია ზღვის ფსკერის ცხელ წერტილებთან, რომელთა სიცოცხლის ხანგრძლივობაც მხოლოდ რამდენიმე მილიონ წელს უნდა შეადგენდეს, შეგვიძლია გარკვეული დასკვნა გამოვიტანოთ ამ რეგიონების ზედაპირის ასაკის შესახებ.
„ინფრაწითელი გამოსახულებები გვიჩვენებს, რომ სამხრეთ პოლუსის ზედაპირი ახალია, რაც სულაც არ არის გასაკვირი, რადგან ვიცით, რომ იქ წყლის ჭავლები იფრქვევა. ახლა კი უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს საკმაოდ დიდი რეგიონის ასევე ახალგაზრდაა და აქტიურიც იყო გეოლოგიური თვალსაზრისით არც თუ ისე დიდი ხნის წინ“, — ამბობს ნანტის უნივერსიტეტის ასტრონომი გაბრიელ ტობი.
კვლევა ჟურნალ Icarus-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია esa.int-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.